მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო, საარჩევნო უბნები დილის 7:00 საათზე გაიხსნა 21:00 საათზე დაიხურება.
მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს 1 პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის - 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის - 2%.
მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (PAS) იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს უმრავლესობას პარლამენტში.
დასავლური მედია წერს, რომ პარტიას, სავარაუდოდ, სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, „პატრიოტული ბლოკი“, რომლის ყველაზე დიდი პარტიის - „სოციალისტების“ - ლიდერი, იგორ დოდონი სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა.
მოლდოვას ოფიციალური პირები დიდი ხანია ადანაშაულებენ მოსკოვს ქვეყნის დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრის მცდელობაში ენერგეტიკული კრიზისის გამოწვევით და ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებით, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის ჩაშლის მიზნით.
მაია სანდუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას ყალბი ამბებით, პარტიების უკანონო დაფინანსებით, ხმების მოსყიდვით და საპროტესტო აქციების ორგანიზებით.
დასავლური მედია წერს, რომ მოლდოვას „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.