სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილნადუში პოლიტიკურ მიტინგზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები.
შაბათს, კარურის რაონში, მსახიობ-პოლიტიკოს ვიჯაის (ჯოზეფ ვიჯაი ჩანდრასეკარი) საარჩევნო ღონისძიებაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ღონისძიება რამდენიმე საათით გადაიდო, მხარდამჭერები კი მაღალი ტემპერატურის პირობებში საკვების და სასმლის გარეშე დარჩნენ. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ კარგავს გონს მჭიდროდ მდგომ ხალხში არაერთი მათგანი.

„თავდაპირველად, TVK-მ (ვიჯაის პარტიის სახელწოდება) 10 000 ადამიანის შეკრების ნებართვა მოითხოვა, მაგრამ რეალურად შეკრებილი ხალხი ორჯერ მეტი იყო“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს ტამილნადუს პოლიციის ოფიცერმა ვ. სელვარაჯმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ციტირებით, როდესაც ვიჯაი ხალხს ესაუბრებოდა, მისი მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების ჯგუფი მის ავტობუსთან მიახლოების მცდელობისას დაეცა, რამაც სასიკვდილო აჟიოტაჟი გამოიწვია.
„ხალხმა შეკრება დილის 11 საათიდან დაიწყო. ვიჯაი კი საღამოს 7:40 საათზე მოვიდა. ხალხს ცხელი მზის ქვეშ საკმარისი საკვები და წყალი არ ჰქონდა“, - განუცხადა შტატის პოლიციის უფროსმა, გ. ვენკატარამანმა ჟურნალისტებს.
მან დასძინა, რომ 10 000 ადამიანს ელოდნენ, თუმცა დაახლოებით 27 000 ადამიანი მივიდა.

ტამილნადუს შტატის მთავარმა მინისტრმა მ.კ. სტალინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღუპულთა შორის სულ მცირე 17 ქალი, 13 მამაკაცი და 9 ბავშვია. მანვე დასძინა, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს ერთი მილიონი რუპიის (11.300 აშშ დოლარი) ოდენობის კომპენსაცია გადაეცემათ, ინციდენტთან დაკავშირებით კი გამოძიება ჩატარდება.
ერთ-ერთი მამაკაცი სააგენტო ANI-ს უყვება, რომ მისი ძმის ორი ვაჟი იმყოფებოდა ღონისძიებაზე : "უფროსი გარდაიცვალა, უმცროსი კი დაკარგულია. ჩემი ნათესავები და რძალი რეანიმაციაში არიან. რა მეშველება ?!"- თქვა მან.
ვიჯაიმ ონლაინ გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ ტრაგედიის გამო გული სტკიოდა და რომ ის "აუტანელ, აღუწერელ ტკივილს და მწუხარებას განიცდის".
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიც გამოეხმაურა მომხდარს და X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ინციდენტი "სამწუხარო" და "ღრმად შემაშფოთებლად" აღწერა.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა