ავტორი:

ჰიპსტერები, არისტოკრატები და ერთი ჭიქა- "შატო მუხრანში" ფესტივალი Winecast გაიმართა

ჰიპსტერები, არისტოკრატები და ერთი ჭიქა- "შატო მუხრანში" ფესტივალი Winecast გაიმართა

23-24 აგვისტოს, "შატო მუხრანი“ კულტურული აფეთქების ეპიცენტრი გახლდათ. ფესტივალ „Winecast”-ის სტუმრებმა მსოფლიო კულტურის ორი მთავარი მონაპოვარის, კინოს და ვაზის საოცარი ურთიერთობა იხილეს და შეიძლება ითქვას, ცხოვრების ალბომი კიდევ ერთი საოცარი მოგონებით შეავსეს. საფესტივალო დღეებში, "შატოს" ვერსალის მსგავს ეზოში შებიჯებისთანავე გაგიჩნდებოდათ შეგრძნება, რომ საოცრად გლამურულ, გემოვნებიან ღონისძიებას ესწრებით, რომელიც თავისთავად თანხვედრაშია „შატო მუხრანის“ ავთენტურ, კულტურულ სულთან. თუმცა რაც უფრო ღრმად აღმოჩნდებოდით ფესტივალის წიაღში, მით უფრო მძაფრდებოდა იმის შეგრძნება, რომ საქმე მხოლოდ გრაციოზულ და რაფინირებულ მოვლენასთან კიარა, თავისუფალ, ეგრედწოდებულ „ჰიპსტერულ“ კულტურულ ღონისძიებასთანაც გქონდათ. თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი ერთ კოლბაში მოექცა და ისევე შეავსო ერთმანეთი, როგორც ღვინოების გამოფენისას ჩემს ჭიქაში ერთდროულად მოხვედრილმა „მანავის მწვანემ“ და "ჩინებულმა".

როდესაც პირველი აღფრთოვანების ეფექტი გადაივლიდა და სტუმარი ასრულებდა ვერსალში ლუი მეთოთხმეტესთან ერთად წარმოსახვით სეირნობას, არჩევანის დრო დგებოდა, თუ როგორ გამოეყენებინა სიტუაცია ისე, რომ სიამოვნება მიეღო. არჩევანი კი, ამ ორი დღის განმავლობაში მართლაც ძალიან დიდი იყო. „შატოს“ ორანჟერეაში ღვინის დეგუსტაციამდე და ღვინოებს შორის კონკურსის ჩატარებამდე, ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა სივრცეებში, სამი სრულიად განსხვავებული განზომილებების მქონე კინო-დღესასწაული ელოდათ. უპირველესყოვლისა ევროპული ფილმები ღვინოების შესახებ და აგრეთვე მოკლემეტრაჟიანი და სრულეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და კონკურსი. საკონკურსო ფორმატი ჰქონდა „ღვინის ფილმებსაც“ და მათ შორის გამარჯვებული, რეჟისორ ლეო ბუდეს ფილმი - "მრისხანების ბორცვები“ გახდა. სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი ტატო კოტეტიშვილი ფილმმა - „წმინდა ელექტროენერგიამ“ მოიგო, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი გიორგი ფარქოსაძის ფილმმა - „ყვავილი გზის პირას“.

საოცარი იყო ფილმების ჩვენების ატმოსფეროც. ღვინის თემატიკის ფილმები მაყურებელმა „შატო მუხრანის“ მარანში, იმ ქვეყნის ღვინოებთან ერთად იხილა, რომელი ქვეყნიდანაც თავად ფილმი იყო. ამ ყველაფერს კი, საოცარი გასტრონომიული პროგრესი აგრძელებდა დიდებულ სომელიეებთან ერთად.

რაც შეეხება სრულ და მოკლემეტრაჟიან ფილმების კონკურსებს. ეს კომფორტის და დასვენების მანიფესტი იყო. რადგან ჩვენება დიდ ეკრანზე, „შატო მუხრანის“ ტყეში იმართებოდა და საოცარი ბუნების წიაღში ფიზიკური განტვირთვის პარალელურად მოდიოდა ფილმებისგან მიღებული აბსტრაქტული სიამოვნებაც.

ფესტივალის კულმინაცია ორანჟერიის ღვინის ზეიმი იყო, სადაც სტუმრებს ქართული წარმოების საუკეთესო ღვინოების დაგემოვნება შეეძლოთ. არჩევანი მართლაც ძალიან მრავალფეროვანი იყო. იქვე იყო ისიც, რაც ყველაზე მეტად უხდება ღვინოს. ორანჟერეაში შეხვდებოდით ასევე ქართული წარმოების ყველის არაერთ, საოცარ ნაირსახეობას. საბოლოოდ, ისევე როგორც ფილმების, ღვინის გამოფენაც კონკურსით დასრულდა და მასაც რამოდენიმე გამარჯვებული ჰყავდა. გამარჯვებულთა ჩამონათვალი ასეთია:

  • საუკეთესო თეთრი კლასიკური ღვინო - „ნაბერაული - ცოლიკაური 2023“
  • საუკეთესო ქარვისფერი თეთრი ღვინო - „ასკანელი - დორა 2022“
  • საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო - „პირველი მეღვინეობა - საფერავი 2022“
  • საუკეთესო სადესერტო ღვინო - „შატო სვანიძე - ქინძმარაული 2022“

ფესტივალის ფინალი გრანდიოზული კონცერტი იყო, რომელიც ერთგვარ შეჯამებადაც შეგვიძლია აღვიქვათ.

„Winecast”-მა თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ ფესტივალს ღვინის და კინოს დიდოსტატებიც სტუმრობდნენ. მაგალითისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ ლეგენდარული ლანა ღოღობერიძე და მსოფლიოს საუკეთესო სომელიე, სურ ლუსერო.

ცალსახაა, რომ ძალიან წარმატებული დებიუტის შემდეგ, ფესტივალმა მოახერხა და არსებობის მეორე წელს კიდევ უფრო ხარისხიანი და საინტერესო იყო. ეს იმის იმედს იძლევა, რომ წლიდან-წლამდე საქართველოში მუდმივად განვითარებადი და მზარდი ფესტივალის ხილვის საშუალება გვექნება.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ფესტივალის ის პარტნიორები, რომელთა გარეშეც პროექტის არსებობდა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. ამ კონტექსტში უდიდეს მადლობას იმსახურებენ - ფესტივალის არსებობასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ მის პარტნიორებს - ღვინის ეროვნული სააგენტო, იტალიის და საფრანგეთის საელჩოები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კინო პროგრამა, საფრანგეთის ინსტიტუტი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სიტროენი, ლიბჰერ საქართველო, მილე, თიბისი კონცეპტი, დიზაინ სტუდია ელენეა, ლეპერტი, UHY Georgia, ედვაიზი, თბილისის ღვინის მუზეუმი, ნანო, ბალნეოლოგიური კურორტი - საქართველო.

R