ავტორი:

მოლდოვის პოლიტიკური კურსის გარდამტეხი - ვინ არის მაია სანდუ, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის ახალ და განსხვავებულ თავს წერს

მოლდოვის პოლიტიკური კურსის გარდამტეხი - ვინ არის მაია სანდუ, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიის ახალ და განსხვავებულ თავს წერს

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.78 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.14 პროცენტით ლიდერობს.

  • ამასთან, მეორე ადგილზეა "პატრიოტული ბლოკი“ 24.20 პროცენტით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი "ალტერნატივა“, რომელმაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7.97 პროცენტი მიიღო. მეოთხეა "ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.25 პროცენტით, მეხუთე ადგილზე კი "ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია - 5.62 პროცენტით.

მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით ირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1.6 მილიონზე მეტმა, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 52.17%-მა მიიღო მონაწილეობა.

  • ვინ არის მაია სანდუ?

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, 1972 წლის 24 მაისს დაიბადა. ის წლებია აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული. თავის საჯარო გამოსვლებში პოლიტიკური კარიერის დასაწყისიდანვე, ყოველთვის ხაზს უსვამდა მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობას.

სწავლობდა მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიაში მენეჯმენტის ფაკულტეტზე, 2010 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სკოლა დაამთავრა. საუბრობს რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.

2010-2012 წლებში ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. 2012-2015 წლებში კი მაია სანდუ მოლდოვაში დაბრუნდა და განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა.

  • პოლიტიკოსის კარიერა

განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდში, მან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. სწავლის დონის ასამაღლებლად, გაამკაცრა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების პროცესი, შეცვალა საგამოცდო სისტემა და ძირეულ რეფორმას დაუდო სათავე.

2015 წელს მან დატოვა განათლების მინისტრის პოსტი და ოპოზიციის რიგებში გადავიდა, გახდა პროევროპული იდეების მქონე პარტიის ლიდერი. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მაშინ მეორე ადგილზე გავიდა.

სანდუ 2019 წელს, ექვსი თვის განმავლობაში მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობდა, თუმცა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტმა მის კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა. ოფიციალურ მიზეზად მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების მუშაობით უკმაყოფილება დასახელდა, თუმცა მაშინ "ბიბისი" წერდა, რომ ნამდვილი მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყო მოსკოვის უკმაყოფილება პროდასავლური მთავრობის ჩამოყალიბების გამო.

მაია სანდუს საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ხალხისადმი მიცემული მთავარი დაპირებები - სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა, ბიზნესის მხარდაჭერა და მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოება იყო.

სანდუს უშუალო და მეგობრული ურთიერთობა აქვს მოქალაქეებთან, რაც მისი "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის ნახვითაც თვალშისაცემია.

უყვარს ექსტრემალური სპორტი. მოლდოვის პრეზიდენტი არ არის დაქორწინებული და არც შვილები ჰყავს.