ავტორი:

“მხოლოდ “ჰამასის“ თანხმობა დარჩა“ - თეთრი სახლი ღაზას სამშვიდობო, 20 პუნქტიან გეგმას აქვეყნებს: რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და ნეთანიაჰუ

“მხოლოდ “ჰამასის“ თანხმობა დარჩა“ - თეთრი სახლი ღაზას სამშვიდობო, 20 პუნქტიან გეგმას აქვეყნებს: რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და ნეთანიაჰუ

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის "ყოვლისმომცველ გეგმას" აქვეყნებს.

  • აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება.

გეგმის თანახმად, “თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები შეთანხმებულ ხაზამდე უკან დაიხევენ, რათა მძევლების გათავისუფლებისთვის მოემზადონ. ამ დროის განმავლობაში, ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვები, შეჩერდება და საბრძოლო ხაზები გაყინული დარჩება იქამდე, სანამ სრული ეტაპობრივი გასვლისთვის შესაბამისი პირობები არ შეიქმნება“.

ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის და მისი განვითარება მოხდება ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.

ისრაელის მიერ ამ შეთანხმების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, ყველა მძევალი, ცოცხალი და გარდაცვლილი, დაბრუნდება. ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პატიმარს და 1700 ადამიანს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დააკავეს.

ყველა მძევლის დაბრუნების შემდეგ, „ჰამასის“ წევრები, რომლებიც იარაღს დაყრიან ამნისტიას მიიღებენ, ხოლო ისინი, რომლებსაც ღაზას დატოვება სურთ, მიმღებ ქვეყნებში უსაფრთხოდ ჩასვლას შეძლებენ.

გეგმის მიხედვით, ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.

კომიტეტის შემადგენლობაში კვალიფიციური პალესტინელები და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან, ხოლო მას ზედამხედველობას გაუწევს ახალი საერთაშორისო გარდამავალი ორგანო - „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც დონალდ ტრამპი გაუძღვება, სხვა წევრებთან და სახელმწიფო მეთაურებთან ერთად, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ტონი ბლერთან ერთად.

ასევე, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაიზრდება.

იმ შემთხვევაში, თუ ჰამასი დააყოვნებს, ან უარყოფს ამ წინადადებას, ზემოთ აღნიშნული, მათ შორის გაფართოებული დახმარების ოპერაცია, გაგრძელდება.

  • აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.

„დღეს მშვიდობისთვის ისტორიული დღეა. მოდით, ამას ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა ვუწოდოთ“, - ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან სამშვიდობო გეგმაზე დათანხმებისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს მადლობა გადაუხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობა დარჩა“.

„მაქვს განცდა, რომ დადებით პასუხს მივიღებთ. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდება, ბიბი [ნეთანიაჰუ], იცი რომ, ჩვენი სრული მხარდაჭერა გექნება იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გააკეთო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

“თუ „ჰამასი“ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის გეგმა ღაზაში ომის დასრულების შესახებ, ისრაელის ომის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.

წყარო