სექტემბრის ერთ თბილ დღეს, ბათუმში, რესტორან "ლიდერში" გაშლილი სუფრა და 800-მდე სტუმარს იტევდა, თუმცა იმ დღის მთავარმა გმირებმა ანუკი გორგოშიძემა და ნიკა დიასამიძემ არ იცოდნენ, რომ მეორე დღეს მათი ვიდეოები ყველა სოციალურ ქსელს მოივლიდა და მილიონობით ნახვას დააგროვებდა. პატარძალს "არაამქვეყნიურ დედოფალს" და "გოგონას ზღაპრებიდან" უწოდებდნენ, რაც მის დახვეწილ, პრინცესულ იმიჯს სრულყოფილად ესადაგებოდა.
"როდესაც ქორწილის მეორე დღე დადგა, შევნიშნეთ, რომ ჩვენი ვიდეოები სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდებზე ვრცელდებოდა, გაოცებულები და დაბნეულები ვიყავით. ნამდვილად არ ველოდით ასეთ დიდ რეზონანსს და ამხელა ნახვებს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“, – იხსენებს ანუკი.
წყვილი არ მალავს, რომ თავიდანვე იცოდა მათი ქორწილის სიდიდის შესახებ, თუმცა ყველაფერი ისე იდეალურად და კარგად წარიმართა, რომ დიდმა მასშტაბმა მათ საერთოდ არ შეუშალათ ხელი.

ანუკისა და ნიკას სიყვარულის ისტორია ერთი შეხედვით ჩვეულებრივად დაიწყო - სამსახურში. თუმცა, მათი გრძნობები სწრაფად გაღრმავდა.
"ნიკას თავიდანვე მოვეწონე და მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი. ჩვენი სიყვარული დღემდე ისეთივე თბილი და ტკბილია, როგორც პირველ დღეს", – აღნიშნავს ანუკი.

მათი ურთიერთობა გამოწვევებითაც არის სავსე. ნიკა მეზღვაურია და მათ ხშირად უწევთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა. ეს მათ სიყვარულს კიდევ უფრო ამტკიცებს და ყოველ შეხვედრას განსაკუთრებულს ხდის. 2023 წლის აგვისტოში შედგა მათი პირველი პაემანი, რომელიც დაუვიწყარი იყო და მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული უამრავი კომენტარიდან ანუკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის სიტყვები აღმოჩნდა, რომლებიც მის გარეგნობას კი არა, მის შინაგან სამყაროს ეხებოდა.
"ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ჩემს სულის მდგომარეობაზე წერენ. ასეთი კომპლიმენტები გულს მითბობს,“ – ამბობს ის. ანუკი არც თავისი რჩეულის მიმართ გამოხატულ სიყვარულს მალავს: "ჩემი ბიჭი ძალიან სიმპათიურია, მაგრამ ყველაზე მეტად მისი სული მიყვარს. ნეტავ შეგეძლოთ მისი ნახვა, ისეთი ლამაზია!“

იდეალური დეტალები და პრინცესული კაბა
ქორწილის დღე ანუკისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო. მან აღნიშნა, რომ თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო. ცეკვების ორგანიზებაში პროფესიონალი მოცეკვავეები ეხმარებოდნენ, რამაც მათი პირველი ცეკვა ნამდვილ სანახაობად აქცია.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პატარძლის კაბა, რომელიც Anuki-ს სურვილით, სპეციალურად GALOGRES-ს ჯგუფმა შექმნა.
"მინდოდა, რომ ჩემი კაბა პრინცესული, მაგრამ ამავე დროს სადა ყოფილიყო. მართლაც, მათ დახმარებით თავი ნამდვილად ზღაპარში ვიგრძენი“, – აღნიშნავს ანუკი.

მიუხედავად იმისა, რომ ანუკი 26 წლისაა, ბევრი მას 18-19 წლის გოგონად აღიქვამს, რაც მის ახალგაზრდულ იერსახესა და მომხიბვლელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ის პროფესიით ვიზაჟისტი და ნეილ არტისტია და ასევე უყვარს ხატვა და ფოტოგრაფია.
ანუკის რჩევები მომავალ პატარძლებს
თავისი ბედნიერებითა და დაუვიწყარი გამოცდილებით ანუკი რჩევებსაც აძლევს იმ გოგონებს, რომლებსაც ქორწილი მოახლოებული აქვთ: "ყველა გოგონას ვურჩევ, რომ აკონტროლონ ემოციები, იყვნენ ბედნიერები და გაითავისონ თითოეული მომენტი. არ იდარდონ წვრილმანებზე და მთელი გულით დატკბნენ ამ დღით. სწორედ ეს ქმნის დასამახსოვრებელ და ნამდვილ მომენტებს, რომლებიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ".