მდიდარმა და განათლებული ჩინელი მამაკაცი სენსაცია გახდა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა უარი ეთქვა წარმატებულ ცხოვრებაზე და ახლა უსახლკაროთა შორის ცხოვრობს.
როგორც South China Morning Post წერს, საზღვარგარეთ გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ჟაო მარტოობას ებრძვის და ნუგეშს მხოლოდ ჩინელი ემიგრანტების გარემოცვაში პოულობს. მისი დანახარჯი თვეში მხოლოდ 100 იუანი (14 აშშ დოლარია).
32 წლის ჟაო დიანმა მოზარდობის წლები შანხაიში გაატარა, 10 წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადავიდა. ის გამორჩეული მეცნიერი გახდა, სიდნეიში, ნიუ-იორკში, პეკინსა და პარიზში ცხოვრებისას ფინანსების ორი ბაკალავრის და სამი მაგისტრის ხარისხი მიიღო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წარმატების მიუხედავად მას რთული ბავშვობა ჰქონდა. მამა ძალიან ცივი ადამიანი იყო და მკაცრად სჯიდა ხოლმე, ხოლო დედა მის პრობლემებს აიგნორებდა.
საზღვარგარეთ ცხოვრებისას მარტოობას ებრძოდა და ნუგეშს მხოლოდ თანამემამულე ემიგრანტებს შორის პოულობდა. ამის გამო, პარიზში ცხოვრებისას უარი თქვა პრესტიჟულ სამსახურზე და ერთ-ერთი ჩინური რესტორნის სამზარეულოში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.
„ჭურჭლის რეცხვას შეუძლია ბედნიერების მოტანა, მაშ, რატომ უნდა ელოდოთ იდეალურ სამსახურს?“ - აცხადებს ჟაო.
2023 წელს ჟაო ჩინეთში დაბრუნდა და თავდაპირველად ადგილობრივ ლუდის ფესტივალზე მიმტანად, შემდეგ კი სასტუმროში დაიწყო მუშაობა. გასულ წელს ის იუნანის პროვინციის დალიში ჩავიდა, სადაც ქუჩაში ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო.
მისი ყოველდღიური რუტინა მოიცავს დილის 7 საათზე გაღვიძებას და საღამოს 9 საათზე დაძინებას, ხანდახან ჰოსტელებში შხაპის მიღებას. ის უფასო ვეგეტარიანულ რესტორნებში იკვებება და სასტუმროს სამრეცხაო მომსახურებით სარგებლობს, რაც საშუალებას აძლევს მოკრძალებულად იცხოვროს. თვეში 100 იუანს გამოიმუშავებს, ხოლო მისი პირადი დანაზოგი დაახლოებით 2500 იუანს შეადგენს.
მისი ტანსაცმელი მეორადია, ხოლო ელექტრონული წიგნის წამკითხველი საშუალებას აძლევს, დრო დაუთმოს კითხვას, მოგზაურობას და მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობას.
მან გაწყვიტა კავშირი მშობლებთან, რომლებიც ახალ ზელანდიაში ცხოვრობენ.
პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლის მიუხედავად, მამაკაცი თვლის, რომ ტოქსიკური საგანმანათლებლო გარემოს გამო, ბევრი ახალგაზრდა დღეს თავს წარუმატებელ ადამიანად თვლის. ამის საპასუხოდ წამოიწყო პროექტი, რომელიც ბავშვებს კარიერულ გამოცდილებას სთავაზობს და მათ ნამდვილი მოწოდების პოვნაში ეხმარება.
ჟაო თვლის, რომ ბედნიერება შესაძლოა ქუჩაში ცხოვრებითაც იპოვო და ტრადიციულმა წარმოდგენებმა არ უნდა განსაზღვროს შენი არჩევანი.
იხილეთ ასევე: