სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი, დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ის აღარ უხელმძღვანელებს თეატრს, რის მიზეზადაც რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის, ახალი, ენერგიული ხელმძღვანელის აუცილებლობას. საყვარელიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება თეატრის განვითარებას ემსახურება და მიზნად ისახავს ცივილიზებული და უპრობლემო მმართველობის გადაბარების მაგალითის ჩვენებას.
- ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო, კოლეგებო! მინდა გაგიზიაროთ ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავი. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას ყველა დაეთანხმება. 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან, ვტოვებ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორის პოსტს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, მინდა, რომ ჩვენმა თეატრმა იპოვოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რადგან თეატრს სჭირდება ახალი ენერგია და დიდი ენთუზიაზმი. აგრეთვე მსურს, რომ საზოგადოებამ იხილოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თეატრის მართვის გადაბარება ცივილიზებულად; ყოველგვარი დაპირისპირებების გარეშე.
დიდი დროით ერთ ადგილზე მუშაობაც, რბილად რომ ვთქვა, მომხიბვლელად არ გამოიყურება. ახალ ხელმძღვანელს მხარში მთელი გულით ამოვუდგები და ყველანაირად დავეხმარები.თან, მეც ახალი გამოწვევები მაქვს:ვარ რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი, სადაც რთული სამუშაო მელის.
ასევე წინანდალში ახალი დარბაზი შენდება, რომლის მშენებლობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას ვიღებ. მოგეხსენებათ, წინანდლის ფესტივალი რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის...
აგრეთვე წამოვიწყე ახალი საერთაშორისო თეატრალური პროექტი U.K. Georgia Theatre Platform, რომელიც საგანმანათლებლო კუთხით იქნება ახალგაზრდებისთვის საინტერესო.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყველა წევრს დიდი სითბოსთვის, რომელიც არასდროს დამავიწყდება.დასს და მსახიობებს არ ვემშვიდობები, რადგან სპექტაკლებზე მუშაობა კიდევ მოგვიწვევს.
მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ჩემ საყვარელ მეგობარს დიმა ჯაიანს გადავუხადო! როდესაც ოპერიდან გამათავისუფლეს, ვამჩნევდი ბევრი როგორ მერიდებოდა და თვალს მარიდებდა. მაშინ სწორედ დიმამ დამიძახა და შემომთავაზა ვყოფილიყავი სოხუმის თეატრის ხელმძღვანელი, რადგან მას სხვისი აზრი არ აინტერესებდა. როგორც ვხვდები ამ საქმეში ლილი ხურითსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის. დიმა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის!ძალიან დააკლდი თეატრს და პირადად მე.ვიცი, ჩემი ამ ნაბიჯით თეატრი უფრო გაძლიერდება, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.დიდება სოხუმის დაუმარცხებელ თეატრს!დავით საყვარელიძე (სუყო)