ავტორი:

"პირველი ვიყავი, ვინც ბენდენა და საყურე გავიკეთე... ცოტა დამღლელი მამა ვარ, აგრესიულობა მაწუხებს" - დათო ევგენიძის "სახალხო ინტერვიუ" და აქამდე უცნობი ამბები

"პირველი ვიყავი, ვინც ბენდენა და საყურე გავიკეთე... ცოტა დამღლელი მამა ვარ, აგრესიულობა მაწუხებს" - დათო ევგენიძის "სახალხო ინტერვიუ" და აქამდე უცნობი ამბები

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტის „სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მუსიკოსი დათო ევგენიძე.

გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო „სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

მკითხველი:

- მოგესალმებით. როგორც ვიცით, მძიმე ოპერაცია გადაიტანეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- ახლა ბევრად უკეთესად. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მახარაშვილს, ჩემს ღვიძლ ძმას, ვინც ღვიძლი გადამინერგა და ჩემს ცოლს. რომ არა ისინი, მე ვერ გადავრჩებოდი.

ანი:

- ოპერაციის წინ რაზე ფიქრობდით? როგორი იყო თქვენი ემოციები?

- ჩემი წასვლა იმდენად სპონტანურად მოხდა, სიმართლე გითხრათ, არაფერზე არ ვფიქრობდი. თვითონ გიორგი მახარაშვილმა მაიძულა... ასე რომ, ვერც მოვასწარი გააზრება თუ სად მივდიოდი და რას ვაკეთებდი.

სოფო:

- რამ მიგიყვანათ იმ მძიმე ფაქტთან, რომ ღვიძლის გადანერგვა დაგჭირდათ?

- ჩემი ცხოვრების წესმა - კონცერტი ბანკეტი, ბანკეტი -კონცერტი, დალევა... ალკოჰოლი იყო ის, რამაც აქამდე მიიყვანა... მხოლოდ ოპერაციის მერე მივხვდი, თუ რა მოხდა. მერე გავაკეთე ანალიზი... ჩემი ცხოვრება დაწერილი წიგნივითაა - სულ ბედისწერული რაღაცები ხდება...

დავითი:

- თქვენს ცხოვრებაში იყო ფაქტი, როცა სიცოცხლის შენარჩუნებაში სრულიად უცხო ადამიანს დაეხმარეთ. გაიხსენეთ ეს ამბავი...

- ყველაფერი ბედისწერაა... 31 დეკემბერს დედა დავასაფლავე... იმ დღეს რიყეზე წინასწარ დანიშნული საახალწლო კონცერტი იყო. რომ არ დამეკრა, საერთოდ ჩაიშლებოდა საახალწლო კონცერტი და ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნებოდა. არადა, მეორე მხრივ როგორი რთულია, დედას ასაფლავებ და გიწევს კონცერტის დაკვრა...

მოკლედ, ძალიან მიჭირდა, მაგრამ დავუკარი. ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო მერე დავთვერი და საკმაოდ მთვრალმა ტაქსი გავაჩერე. ტაქსისტს სახეზე საშინელი ლაქები შევნიშნე. რა გჭირს-მეთქი?! ორი თვე დამრჩა სიცოცხლე, ციროზი მაქვს ბოლო სტადიაში. ახლა ფულს ვაგროვებ, რომ შვილებს დავუტოვოო. გადარჩენა არ არსებობს-მეთქი?! ერთადერთი ღვიძლის გადანერგვა, მაგრამ მაგის ფული ვინ მომცაო. ჩავიწერე მისი ტელეფონის ნომერი, მაგრამ ისეთი მთვრალი ვიყავი, სახელს ვერ დავიმახსოვრებდი და ნომერს ღვიძლი მივაწერე... მეორე დღეს დავურეკე, გავიგე, რა იყო საჭირო და კრედიტი ავიღე. თანხა დონორს გადავუხადეთ. ჩატარდა ოპერაცია და ის კაცი გადარჩა.

იმის მერე ღვიძლის გადანერგვა მე დამჭირდა. გადამინერგეს და გადავრჩი... მივხვდი, რომ დედამ გამომიგზავნა ეს ადამიანი, რომ გადამერჩინა და მერე ამის პასუხად მე გადავრჩენილიყავი... სამწუხაროდ იმის მერე იმ კაცმა 8 წელი იცოცხლა. როგორც მისმა ძმამ მითხრა, სმა გააგრძელა და სამწუხაროდ გარდაიცვალა.

ნიკა:

- როგორ არის მახარა, რომელმაც ღვიძლი გიწილადათ?

- მშვენივრად. ბედნიერ ვარ, რომ ჯანმრთელია და კარგად არის. მისი შვილის ნათლია ვარ, მირონით დავკავშირდით. ასევე მისი მეჯვარეც ვარ. მე საკუთარი ღვიძლი საერთოდ არ მაქვს, მხოლოდ გიორგის ღვიძლი... თურქეთში ოპერაციაზე ისე სპონტანურად წავედით, რომ აქ გასინჯვის დროს არ იყო. საერთოდ რა ჯგუფის სისხლი გვქონდა არც მე და არც გიორგიმ ვიცოდით. მერე საოცარი დამთხვევა მოხდა - ანალიზი რომ ჩაგვიტარდა, ორივეს ერთი ჯგუფის სისხლი აღმოგვაჩნდა... ოპერაციას ვერ გადადებდნენ, დაუყოვნებლად უნდა დაწყებულიყო.

როდესაც გამჭრეს, აღმოჩნდა, რომ ღვიძლი საერთოდ არ მქონდა. ეს ქირურგმა ოპერაციის შემდეგ მითხრა, - არაფერი დამხვდა და არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინაო. არც ნაღვლის ბუშტი იყო და თურმე ქირურგს სადინარები ხელში ადნებოდა... იმ სიტუაციაში უკვე ერთი ადამიანის ღვიძლი საკმარისი აღარ იყო. ამიტომ ჩემი შვილი, ლიკაც მოამზადეს... მერე მახარა რომ გაჭრეს, დეფექტი აღმოჩნდა - 50 %-ით დიდი ღვიძლი დახვდათ და ის 50% ახლა მაქვს.

ნათია:

- საერთოდ ცხოვრების რთული ეტაპების გადალახვის რა მეთოდი გაქვთ?

- გონებით არ ვლახავ ხოლმე, ძირითადად - ემოციით. მე ხომ ბუნებით იმპროვიზატორი ვარ. სპონტანურობაა ჩემი შემოქმედების დიდი ნაწილი. ხელები უკრავს და მერე აღვიქვამ იმას, რა ვქენი. ხელების მჯერა და ამიტომ მჯერა ანგელოზის, რომელსაც მუზას ეძახიან. ეს ღვთისგან გამოგზავნილი ანგელოზია, რომელიც როგორც გზავნილი ჩემში ისე მოდის. ამიტომ სირთულეების მოგვარებაც ასე ხდება - როგორც დავუკრავ, პრობლემებიც ისე გვარდება.

ნინი:

- თქვენს ლექსებს ადრე ფეისბუქზე უფრო აქტიურად აქვეყნებდით. ისე, თქვენში ლექსი უფრო მეტია, თუ - მუსიკა?

- რა თქმა უნდა, მუსიკა, რადგან ჩემი ლექსი მუსიკაა, სიტყვა ხომ ბგერაა და სიტყვებიც როგორც მუსიკა, ჩემთან ისე მოდის. თუ ჩემს ლექსებს დააკვირდებით, - ბგერათა წყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლექსი უფრო მუსიკალური სიტყვებით იბადება ხოლმე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მუსიკა, - მე თვითონ მუსიკა ვარ...

ნუცა:

- მეუღლე აფხაზეთიდან გყავთ... მოგვიყევით მისი გაცნობის ამბავი...

- ნინოს ისტორია ვიცოდი, რომ აფხაზეთიდან იყო და ბებია-ბაბუა ეზოში დაუხვრიტეს. მისი დის ქმარი - ირაკლი ჭანტურია - ჩემი ახლო მეგობარი იყო. მისგან ვიცოდი მისი ცოლის ოჯახის ისტორია და თავიდანვე ძალიან მტკივნეულად მივიღე. ნინო პირველად რომ ვნახე, - ძალიან მომეწონა, ულამაზესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ოჯახი, ცოლი მყავდა, სულ მაინტერესებდა, რას შვრებოდა, როგორ იყო. თითქოს ბედისწერულად ვგრძნობდი, რომ ოდესღაც ერთად უნდა გვეცხოვრა. ერთხელაც ისე მოხდა, რომ 7-8 წლის უნახავი მყავდა, ოღონდ, ცოლს უკვე გაცილებული ვიყავი. მოსკოვიდან საქართველოში დავბრუნდი, ერთ-ერთ ადგილას ფართიზე მივედი და ნინო იქ ვნახე. რომ დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი იყო... პირდაპირ მივედი და ვუთხარი (მოსკოვში ვმუშაობდი) და უნდა წაგიყვანო-მეთქი. უი, მე მოსკოვში ჩემს ბიძაშვილთან მივდივარ, იქ არისო... არა, ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი...

ამდენი წლის უნახავ ადამიანს მივედი და ასე ვუთხარი... გაეცინა. რამდენიმე დღეში ნინო ჩემი ცოლი გახდა. სახლში რომ ავაცილე, დედამისსაც ვუთხარი, ცოლად მომყავს-მეთქი. დაიბნა, ამას არ ელოდა და არც ჩემებმა იცოდნენ. რომ მივიყვანე, მათაც ასე ვუთხარი - ჩემი ცოლია-მეთქი.

თემო:

- რაზე თქვით ბოლო დროს საერთოდ უარი, რომ მე ამას აღარ გავაკეთებ?!

- სამწუხაროდ ალკოჰოლზე, რაზეც გული ძალიან მწყდება. ხანდახან დალევის სურვილი შემეპარება ხოლმე, რადგან ალკოჰოლი არ არის მხოლოდ სიმთვრალე. ქართველი კაცისთვის რიტუალია თავის სადღეგრძელოებით, ურთიერთობით. ამის მონატრება უფრო მაქვს... გული მწყდება ჩემი ცხოვრების წესზე, რომ აღარ მაქვს, დავფრინავდი... ახლა ცოტა ფრთებმოჭრილივით ვარ, მაგრამ ფრთები მაინც მაქვს.

ლიკა:

- შემოქმედებითად ამ ეტაპზე რას საქმიანობთ? რას აკეთებთ?

- ჩემთვის ავადმყოფობის პერიოდი საჩუქარი გახდა იმის გამო, რომ ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. სულ სახლში ვიყავი და ძველი ჩანაწერები აღმოვაჩინე. იმდენი მუსიკა ვიპოვე, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა, რომ დაწერილი მქონდა. 100-ობით საათი მუსიკაა, რომლის არსებობა შეიძლება არც მცოდნოდა, ამ ქვეყნიდან ისე წავსულიყავი...

კონცერტის გარეშე ვერ ვცოცხლობ და მომენატრა, დიდი ხანია არ მქონია. ამიტომ წელს საახალწლოდ 2 კონცერტის გაკეთებას ვაპირებ. ერთი - ჩემი სიმღერების კონცერტი არასდროს მქონია და მეორე მრავალჟანრობრივი კონცერტი იქნება, ოპერაში რომ ვატარებ ხოლმე. კონცერტები ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

ინდიკო:

- გიყვართ თუ არა შოპინგი?

- საერთოდ რაც მაცვია, არც მახსოვს, ვინ შემიძინა. ჩემთვის არასდროს არაფერს ვყიდულობ. მთელი ჩემი ტანსაცმელი 10-15 წლის წინ საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაშია ცოლის დაძალებით შეძენილი. ისე არ ხდება, რომ წავიდე და რამე შევიძინო, ეს ჩემს თვისებებში არ ზის.

მოქალაქე:

- ბენდენა რამდენჯერ დაგიკარგავთ?

- იმდენად მიყვარს, ბენდენის დაკარგვას მირჩევნია, მანქანა მომპარონ. მიუხედავად იმისა, რა უთვალავი რაოდენობაც მაქვს, ერთ დაკარგულ ბენდენას მეხსიერებაში ჩემთან ერთად ყოფნის იმდენი რაღაც ახლავს, რომ ტრაგედიაა ხოლმე ბენდენის დაკარგვა. ბენდენა რომ დავიხურე, მეცხრე კლასში ვიყავი. სკოლაში არ ვიხურავდი, მაგრამ მასწავლებლები ბენდენით გარეთაც რომ მხედავდნენ, მაინც მეჩხუბებოდნენ. ფოტოებიც მაქვს მე, გეგა კობახიძეს, ირაკლი ჩარკვიანს, ლევან აბაშიძეს, სადაც ბენდენით ვარ. რაღაც ჩემი ნივთი გახდა, თან პირველი ვიყავი, ვინც ბენდენა და საყურე გავიკეთე... მოკლედ, ეს ყველაფერი ყოველთვის ჩხუბის მიზეზი ხდებოდა... მეც ვპასუხობდი... მე, ირაკლი ჩარკვიანი, ლევან აბაშიძე გოგოებში პოპულარული ვიყავით, რაზეც სხვა ბიჭები ცოტა ეჭვიანობდნენ და ჩხუბი ამის გამოც გვიწევდა ხოლმე.

უცნობი:

- პოსტებში გარდაცვლილ დედას ხშირად მიმართავთ. როგორც ჩანს, თქვენი მთავარი ადამიანია...

- მე ხომ აბრეავიატურით დ.ე - დათო ევგენიძე ვარ. დედა რომ გარდაიცვალა, წერტილი მოვაცილე და დე გავხდი და ხელს როგორც დე ასე ვაწერ. ის წერტილი დედამ გამიქრო. წერტილი დასასრულია და ჩემს საკუთარ ინიციალებში დედაჩემმა უსასრულობა მაჩუქა. დედა ყველა ადამიანისთვის სიცოცხლის მჩუქებელია და უმნიშვნელოვანესი ადამიანია. ამის გარდა მთელს ოჯახს ჩემი დის დაკარგვით ისეთი ტრაგედია ჰქონდა გადატანილი, მარტო მე ვყავდი და მთელი ორმაგი სიყვარული ჩემში ჩადო. მეც ვცდილობდი, მისთვის ის ტკივილი შემევსო და ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო იდუმალი გახდა.

უცნობი:

- დის დაღუპვა თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი ამბავი იყო... როგორ გაიხსენებთ იმ დღეებს?

- ეს იყო ის, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, მისმა წასვლამ უკეთესი გამხადა. თუკი რამ კარგია ჩემში, ლიამ მაჩუქა. ჩემს საქციელს ბევრი უარყოფითი რამ მოაცილა, მაგალითად, ქედმაღლობა და ა.შ.

შვილი:

- შვილების ცხოვრებაში რა ადგილი გიკავიათ. თქვენს სიტყვას ყოველთვის ითვალისწინებენ?

- ცოტა დამღლელი მამა ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი დის შემთხვევის შემდეგ, რომელიც რაღაც უცებ გავიგე, რომელიც არასდროს დამავიწყდება, დამრჩა როგორც კომპლექსი. მე ბიჭვინთაში ვიყავი, ის - გრიგოლეთში...

მოკლედ, ჩემი შვილები სულ უნდა ხაზზე მყავდნენ და სულ უნდა ვიცოდე, რომ კარგად არიან. ამით ვაწუხებ ხოლმე, დღეში 300-ჯერ ვურეკავ, მაგრამ ასე პირადად მათ ცხოვრებაში არ ვერევი. თავისუფლება მიცემული მაქვს. მისმენენ ხოლმე, მაგრამ თუ რაიმე საკამათოა, ყოველთვის თავისუფლებას ვუტოვებ ხოლმე.

ქეთი:

- რა გაბრაზებთ, როგორი გაბრაზება იცით, ანუ როგორია გაბრაზებული დათო?

- ფიცხი ვარ, მაგრამ ძალიან მოკლე გაბრაზება ვიცი - 5 წუთში აღარ მახსოვს. სიბრაზე დიდხანს არ ვატარებ. საერთოდ აგრესიულობა მაწუხებს. ადამიანი აგრესიული არ უნდა იყოს. ერთხელ გეძლევა სიცოცხლე და მაქსიმალურად სიყვარული უნდა თესო და მიმტევებელი იყო.

ნიკო:

- გარდაცვლილ მეგობრებს ხშირად ახსენებთ - მათ შორის, ირაკლი ჩარკვიანს, გეგა კობახიძეს, ერეკლე ბადურაშვილს, გიო ხუციშვილს... რა ადგილი ეკავათ მათ თქვენს ცხოვრებაში?

- გეგა კობახიძე, ლევან აბაშიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ერეკლე ბადურაშვილი, გიო ხუციშვილი, ტატო კოტეტიშვილი, გოგიტა ჭყონია - საოცარი თაობა იყო. რასაც დათო ტურაშვილმა „ჯინსების თაობა“ დაარქვა. თავიანთი ინდივიდუალური აზროვნებით ბევრი რამ დატოვეს. არასდროს ყოფილა მათთვის პროტესტი აგრესია. ჩვენი პროტესტი იყო, რომ - თქვენ არ გგავართ. თავისუფლება იყო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ოღონდ, აგრესიით ან სიძულვილით არასდროს გამოვხატავდით. გამოხატვის ფორმა იყო ხელოვნება, ჩაცმის ტიპი, რომ თავისუფლები ვართ იმ წნეხში, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.

ირაკლი:

- გეგა კობახიძის ტრაგედიის შემდეგ როგორი იყო თქვენი ემოციური მდგომარეობა?

- ფიქრის თავიც არ მქონდა, ისეთი შოკური მდგომაეობა იყო... ქორწილიდან მე და ირაკლი ჩარკვიანი ადრე წამოვედით. ნუცუბიძეზე ბინა ახალი მიღებული მქონდა, სადაც გადასული ჯერ არ ვიყავი, მაგრამ იქ ინსტრუმენტები მეწყო. ყველდღე მივდიოდით და ვუკრავდით. მე პიანინოზე, ირაკლი გიტარაზე, გეგა დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. ქორწილიდან ცოტა გაკვირვებულები წამოვედით, რატომ არ ვიყავით მეჯვარეები, რადგან ბევრად ახლობელბი ვიყავით. ის ადამიანები, ვინც საქორწინო სუფრაზე მეჯვარეებად ისხდნენ, მათგან არავის ვიცნობდით. არც გეგასთან გვინახავს. გეგა გზაში დაგვეწია, - რატომ და სად მიდიხართ, თქვენთან მეც მოვალო. მე და ირაკლიმ ვერ წარმოვიდგინეთ თუ მოვიდოდა, რადგან მეორე დილით ბათუმში საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდა. ამიტომ სახლში მისვლა ცოტა დავაგვიანეთ. ღამის 3 საათი იყო, რომ მივედით და კარზე წერილი დაგვხვდა, - „ვიყავით მე, თინიკო და კომპანია“. ყველანი მოსულან. მერე ჩავსხედით მანქანაში და მივაკითხეთ. უკვე ეძინათ, დილას უნდა გაფრენილიყვნენ. ჩვენთან წამოვიყვანეთ. ვისხედით, ვლაპარაკობდით, ვუკრავდით. ვერაფერი შევატყვეთ. ერთდერთი, ცოლი რაღაცნაირი სახით იჯდა. მერე ირაკლის გადავულაპარაკე, ან არ მოვწონვართ, ან ეს გოგო ძალიან უხასიათოა-მეთქი. არადა, ხომ არ ვიცოდითმ რას აპირებდნენ. დილის 8 საათი იყო, სახლში რომ მივიყვანეთ. მერე რამდენიმე საათში გაფრინდნენ...

რა დავარქვა იმ ემოციას, არც ვიცი, როცა გავიგეთ, რაც მოხდა. ირაკლიმ დამირეკა, ხმა უკანკალებდა - გეგამ თვითმფრინავი გაიტაცაო. მეგონა, ხუმრობდა. ვერც წარმოვიდგინე და დავიჯერე, რასაც ამბობდა. ჩემთვის ძალიან ტრაგიკული ამბავი იყო...

ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ასეთ დროს სიმღერის დაწერა და როდესაც განაჩენი გავიგე, მაშინ დავწერე „ემოუშენ“ - მაშინ მოსკვის კონსერვატორიაში ვსწავლობდი. ეს ლიას მერე უდიდესი ტრაგედია იყო... გეგა 6 ივნისს იყო დაბადებული, ლია 7 - ივნისს. ტოლები იყვნენ, მე მათზე წელიწად-ნახევრით უფროსი ვიყავი. ერთი პერიოდი გეგა 1-ელ სკოლაში სწვალობდა, ჩემი დის კლასელიც იყო. ლია რაც გარდაიცვალა, თავისი დაბადების დღიდან პირდაპირ ჩემთან მოდიოდა - ჩემი უახლოესი ადამიანი იყო...ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი ტკივილია...