არ ვარ დამნაშავე, მე მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურე - მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულმა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული ყველა გამოძიება, შურისძიებაა.
"ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ვერ იქნება სამართლებრივი. მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი. ჩემი ქმედება აუცილებელი მოქმედება იყო, რომ ყველანაირი ზიანი ამერიდებინა თავიდან. ყველა პროცესი ჩემს წინააღმდეგ არის შურისძიება. ამას ემსახურება ჩემი მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც. ისინი სისხლის სამართლებრივ დამნაშავეებად გამოიყვანეს. მამაჩემი, რომელიც არის ქირურგი, ის ადამიანებს ეხმარებოდა და დედაჩემი, რომელიც ცნობილი ოჯახის ექიმია.
ეს არის უნამუსობა და ჩირქის მოცხება. ამას ადამიანობასთანაც არ აქვს კავშირი. მე ამ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება, მაგრამ, გთხოვთ, იყოთ ობიექტური [მიმართა მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიას]. არ ვარ დამნაშავე, მე მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურე",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ასევე, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა, შოთა ქარუმიძემ, რომელმაც, ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა. მან მოსამართლეს განუმარტა, რომ ჰყავს 3 შვილი, აქედან უმცროსი 12 წლის და დედა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია და მოსამართლეს, განაჩენის გამოტანის დროს, აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა, რომელიც "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე შეფარდებულმა 11-წლიანმა სასჯელმა შთანთქა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულ შოთა ქარუმიძეს, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილი სომხეთში გადაიყვანა, 4 წელი და 6 თვე მიესაჯა.