აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეწყვიტა, რასაც „შათდაუნი“ ეწოდება. ეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში უკვე მეოთხე შემთხვევაა. "შათდაუნი" ნიშნავს, რომ ფედერალური სამსახურების ნაწილი დროებით ჩერდება, რადგან კონგრესი ვერ შეთანხმდა დაფინანსების კანონპროექტზე.
რატომ მოხდა გაჩერება?
ოთხშაბათის ღამეს აშშ-ის ბიუჯეტის დაფინანსების ვადა ამოიწურა. კონგრესმა ვერ შეძლო ახალი კანონის მიღება, რამაც გამოიწვია ის, რომ ფედერალური უწყებების ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა.
"შათდაუნის" მიზეზი პარტიებს შორის შეუთანხმებლობაა:
სენატმა ჯერ უარყო "დემოკრატების" მიერ შეთავაზებული დაფინანსების გაგრძელების კანონპროექტი, შემდეგ კი ვერ მიიღო "რესპუბლიკელების" კანონპროექტი. "რესპუბლიკელები" აკონტროლებენ კონგრესს, მაგრამ სენატში მათ არ აქვთ ის 60 ხმა, რაც საჭიროა ხარჯების კანონპროექტის მისაღებად. "დემოკრატებმა" ამის საშუალება არ მისცეს.
შედეგად, ასობით ათასი საჯარო მოხელე უხელფასო შვებულებაში გავიდა.

ბრძოლა ჯანდაცვისთვის
ამჯერად დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა ჯანდაცვის პოლიტიკის ირგვლივ. "დემოკრატებმა" "შათდაუნის" რისკი გამოიყენეს იმისთვის, რომ:
გაეხანგრძლივებინათ საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მილიონობით ამერიკელისთვის სამედიცინო დაზღვევას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
გაეუქმებინათ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „Medicaid“-ის პროგრამის (დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების სამედიცინო დახმარების პროგრამა) შემცირება.
გამოსულიყვნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) ხარჯების შემცირების წინააღმდეგ.
პოლიტიკური თამაშები
ორივე პარტია ცდილობს ამომრჩეველთა გულის მოგებას და მოწინააღმდეგის დადანაშაულებას:
ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ ამომრჩევლები "დემოკრატებს" დაგმობენ, რადგან სწორედ ისინი აყენებენ მოთხოვნებს მთავრობის მუშაობის გაგრძელების სანაცვლოდ.
"დემოკრატებს" კი სჯერათ, რომ მათი მცდელობა, შეინარჩუნონ დაზღვევის სუბსიდიები, ამომრჩევლის მოწონებას დაიმსახურებს.
თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისმა "შათდაუნი" დაადასტურა და მომხდარში "დემოკრატები" დაადანაშაულა, მათ პოზიციას არამდგრადი უწოდა.

რით განსხვავდება ეს შათდაუნი წინა შათდაუნებისგან?
წარსულში მთავრობის ხანგრძლივი გაჩერება პოლიტიკურად საშიშ ნაბიჯად ითვლებოდა, რადგან ზიანს აყენებდა პრეზიდენტისა და კანონმდებლების იმიჯს.
მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამჯერად განსხვავებულია:
ხანგრძლივი გაჩერებისთვის მზადყოფნა: ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, მზადაა, სახელმწიფო აპარატის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხნით გააჩეროს.
შემცირებების დაჩქარება: ტრამპის ადმინისტრაცია ძალაუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს ფედერალური ხარჯებისა და თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას. იმუქრება, რომ შათდაუნს გამოიყენებენ იმ „არც ისე აუცილებელი“ თანამშრომლების გამოსავლენად, რომელთა სამუდამოდ გათავისუფლებაც შემდეგ იქნება შესაძლებელი.
რა შედეგები მოჰყვება შათდაუნს?
ყველა სამთავრობო უწყება არ ჩერდება. ზოგიერთი აუცილებელი სამსახური მუშაობას აგრძელებს:
მუშაობას აგრძელებს: სასაზღვრო სამსახური, სამედიცინო მომსახურება საავადმყოფოებში, სამართალდამცავი ორგანოები, საჰაერო მოძრაობის მართვა, სოციალური უზრუნველყოფისა და Medicare-ის ჩეკების გაგზავნა
სამსახურები, რომლებიც შეჩერდება ან შემცირდება: სურსათით დახმარების პროგრამები, ფედერალური დაფინანსებით მოქმედი სკოლამდელი დაწესებულებები, სტუდენტური სესხების გაცემა, სურსათის ინსპექციები, ეროვნული პარკების მუშაობა
თანამშრომლები:
აუცილებელი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას, ზოგიერთი დროებით უხელფასოდ.
არააუცილებელი საჯარო მოხელეები უხელფასო შვებულებაში გადიან.
თუ გაჩერება დიდხანს გაგრძელდება, ამან შესაძლოა გამოიწვიოს: ტრანსპორტის შეფერხებები (თუ უხელფასო თანამშრომლები შეწყვეტენ მუშაობას).
შათდაუნების ისტორია:
ბოლო 50 წლის განმავლობაში შათდაუნები აშშ-ის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი გახდა:
პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს მთავრობამ მუშაობა 8-ჯერ შეაჩერა, თუმცა მცირე ხნით.
ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში 3 შათდაუნი დაფიქსირდა, მათ შორის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი (36 დღე, 2019 წლის იანვარში), რომელიც მექსიკის საზღვარზე კედლის დაფინანსების გამო მოხდა.