ავტორი:

"ჩემს მეუღლეს და ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! მეტსაც გეტყვით..." - რას წერს ნინა ზარქუა?

"ჩემს მეუღლეს და ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! მეტსაც გეტყვით..." - რას წერს ნინა ზარქუა?

30 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავა.

"ბრალდებულებმა ა.ბ. და ბ.ბ.-მ, 2023 წელს შპს "ლაგი კაპიტალის" მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.

ამასთან, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში - სამი სკოლა. ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის.

გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს.

ცნობილია, რომ წლების წინ "ლაგი კაპიტალს" ირაკლი ზარქუას სიძე, [ცოლის ძმა] ალექსანდრე ამისულაშვილი ფლობდა. თუმცა მოგვიანებით ამ კომპანიის გადაფორმება მოხდა.

აღნიშნულ თემაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი ზარქუას და, ნინო ზარქუა ეხმაურება. მისი თქმით, მის მეუღლეს, საგამოძიებო სამსახურის მიერ დასახელებულ ტენდერებთან კავშირი არ აქვთ.

"მინდა გამოვეხმაურო ნაც ჟურნალისტების მიერ შეთხზულ სიცრუეს. გასაგებია არჩევნებია და ისევ გინდათ ჩემი ძმის მიმართ შავი პიარის აგორება და ამიტომაც ჩემს მეუღლეს და ზოგადად ჩვენს ოჯახს იყენებთ! თუმცა არ მინდა თქვენი მაყურებელი შევიდეს შეცდომაში და ამიტომაც ვხსნი...

ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია "ლაგი კაპიტალი"არის გასხვისებული( გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ ზუსტად არც მახსოვს, შემდგომ, ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები! გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეჰყავთ შეცდომაში!

p.s ხოლო სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით,რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში!" - წერს ზარქუა.

წაიკითხეთ ასევე: