საუდის არაბეთში მდებარე, ერ-რიადის ახლად გახსნილი მეტრო მგზავრობის ცნებას ცვლის. თუ აქამდე დანიშნულების ადგილამდე მისვლა იყო პრიორიტეტი - 2024 წლის დეკემბერში ამოქმედებული ავტომატიზებული სწრაფი ტრანზიტის სისტემა გვაჩვენებს რომ “მთავარი არ არის დანიშნულების ადგილი, მთავარი მოგზაურობაა“.
ქსელი ექვს სხვადასხვა ხაზზე 176 კილომეტრზე არის გადაჭიმული. ეს არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი უპილოტო მეტროს სისტემა , რომელიც დედაქალაქის ძირითად პუნქტებს აკავშირებს სხვადასხვა სადგურებთან - მათ შორის მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტთან და მეფე აბდულაჰის ფინანსურ რაიონთან.
ქსელის მშენებლობა 22.5 მილიარდი დოლარი დაჯდა და ყოველდღიურად მინიმუმ 3.6 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ის სავსეა არქიტექტურული შედევრებით და მნახველს მართლაც გაოგნებულს ტოვებს.
ერ-რიადის მეტროს 85 სადგური აქვს, რომელთაგან ოთხი გამორჩეულია თავისი სილამაზით. ესენია: მეფე აბდულას ფინანსური რაიონი (KAFD), STC, დასავლეთის სადგური და კასრ ალ ჰოკმი.
სადგური უკვე ღირსშესანიშნაობად იქცა, სადაც მგზავრები ხშირად ჩერდებიან მისი შთამბეჭდავი დიზაინის სანახავად.
22,500 კვადრატული მეტრის ფართობის Qasr Al-Hokm-ის შენობა, მიწისქვეშ 40 მეტრზეა გადაჭიმული, 7 სართულზეა განთავსებული, აღჭურვილია 17 ლიფტით და 46 ესკალატორით.
შიგნით არის მაღაზიები, ხელოვნების ნიმუშების გამოფენები და დახურული ბაღიც კი, სადაც მგზავრებს შეუძლიათ დასვენება და ხედით ტკბობა.
კასრ ალ-ჰოკმიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს მეფე აბდულას ფინანსური უბნის მეტროსადგური, რომელიც დააპროექტა Zaha Hadid Architects-მა. ის უკვე ქსელში ყველაზე დატვირთული სადგურია და გამოირჩევა ტალღის მსგავსი ბადისებრი ფასადით, რომელიც უდაბნოს ქარით არის შთაგონებული.
ეს სადგური უნიკალურია, რადგან აკავშირებს სამ ხაზს.
იქ ასევე გამოფენილია ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ამერიკელი მხატვრის, ალექსანდრ კალდერის სკულპტურა.


ვიზუალურ მიმზიდველობასთან ერთად, ერ-რიადის მეტრო ეკოლოგიურად სუფთაა: მატარებლები ენერგოეფექტურია და აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემებით.
სადგურები აღჭურვილია მზის პანელებით.
როგორც სხვა მუსლიმური უმრავლესობით დასახლებულ ქალაქებში, ერ-რიადის მატარებლებს აქვთ ცალკე ზონები მამაკაცებისა და ქალებისთვის.
ერთადგილიანი ვაგონები განკუთვნილია მარტო მოგზაური მამაკაცებისთვის, ოჯახური ვაგონები ქალებისთვის და ოჯახებისთვის, ხოლო პირველი კლასის ვაგონები VIP ბარათის მფლობელებისთვისაა განკუთვნილი.
მატარებლები პიკის საათებში ყოველ ოთხ წუთში ერთხელ მოძრაობენ. გარდა ამისა, მეტრო ძალიან სუფთაა - ბორტზე ჭამა-სმა აკრძალულია.