ავტორი:

სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გელა ხასაიას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.

პროკურორი მარიამ წულაიამ აღნიშნა, რომ დანაშაული ჯგუფურად და მძიმე კატეგორიის ფარგლებში არის ჩადენილი, რაც, მისი თქმით, აძლიერებს როგორც ბრალდებულთა მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს.

გარდა ამისა, პროკურატურამ ხასაიას წარსულში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

“ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით რამდენჯერ არის დაკავებული, მათ შორის პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით”,- განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

სასამართლო სხდომაზე, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიამ განაცხადა, რომ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

ამასთან, ხასაიამ აღნიშნა, რომ არაადამიანური მოპყრობა განყოფილებაშიც გაგრძელდა. მისი თქმით, ის ორჯერ გააშიშვლეს, ასევე პოლიციელებმა დამცინავი დამოკიდებულება და მუქარა გამოხატეს.

მოსამართლემ შემდეგი სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჩანიშნა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრს, გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარედგინათ.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.