მას შემდეგ, რაც დრონებმა ევროპის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს, ოფიციალური პირები ერთმანეთს კოპენჰაგენში ხვდებიან, სადაც, სავარაუდოდ, კონტინენტის ცის დაცვისკენ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის “დრონების კედლის“ ინიციატივას განიხილავენ.
დრონების საწინააღმდეგო ინიციატივა არ იქნება ფიზიკური კედელი - ეს იქნება ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოების დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობებზე დაფუძნებული სისტემების ქსელი.
აღნიშნული იდეა გაჟღერდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მათ საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს რუსული დრონები იყო. თუმცა კრემლი ნებისმიერ მონაწილეობას უარყოფს.
„ევროპამ ერთიანი რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის დრონების შემოჭრაზე ჩვენს საზღვრებში. სწორედ ამიტომ, შემოგთავაზებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას აღმოსავლეთ ფლანგის სათვალთვალო პროგრამის ფარგლებში დრონების კედლის აღმართვის მიზნით“, - განაცხადა სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
თუ როგორი შეიძლება იყოს ეს ინიციატივა ან რამდენ ხან დასჭირდება მის განხორციელებას, მწირი ინფორმაცია ვრცელდება.
თუმცა, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამას შეიძლება გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდეს.
„ჩვენ სამი წელი არ გვჭირდება და მე მჯერა, რომ ამის გაკეთებას გაცილებით სწრაფად შევძლებთ“, - თქვა მან.
საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების მკვლევრის რაფაელ ლოსის თქმით, ევროპის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული პროექტი - „ევროპის ცის ფარის ინიციატივა“ (ESSI) მრავალი წლის განმავლობაში მუშავდებოდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სამშაბათს განაცხადა, რომ დრონების საწინააღმდეგო კედელი „შესანიშნავი იდეაა“, რომელიც ერთდროულად „დროულია და აუცილებელიც“.
იხილეთ ასევე: