ინდონეზიაში სკოლის შენობის ჩამონგრევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან. დაღუპულებს შორის არის 13 წლის სკოლის მოსწავლე, ხოლო 101 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ზოგიერთს ძალიან მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

სულ ცოტა ხნის წინ, ნანგრევებიდან 13 წლის ბიჭი ამოიყვანეს. ბავშვი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"მე გამუდმებით ვამბობდი: "ღვთის სახელით, ჩემი შვილი ძლიერია, ჩემი შვილი ძლიერია, ჩემი შვილი ძლიერია“, - განუცხადა ბავშვის დედამ, დვი აჯენგ ტიასუსანტიმ CNN-ს. "ჰაიკალი გადარჩა... მას დაზიანებები მხოლოდ სახესა და ფეხებზე ჰქონდა".
ასობით ადამიანი შეიკრიბა კატასტროფის ადგილის მახლობლად მდებარე ქუჩებში, ხოლო დაკარგულთა ოჯახები საინფორმაციო დაფაზე მიმაგრებული სახელების სიას ამოწმებენ.
მათ შორისაა 37 წლის უმი კულსუმი, რომლის 15 წლის ვაჟი, სულაიმან ჰადი, სკოლის ჩამონგრევისას სკოლაში იმყოფებოდა.

„მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. უბრალოდ ვთხოვ მაშველებს, განაგრძონ ძებნა მანამ, სანამ მას არ იპოვიან. ის ჩემი ერთადერთი შვილია“, - განუცხადა კულსუმმა CNN-ს.
სტუდენტების უმეტესობა, 12-დან 18 წლამდე ასაკის ბიჭები, ძირითადად დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან, ორშაბათს შუადღის ლოცვას ასრულებდნენ, როდესაც სალოცავი დარბაზი მათ თავზე ჩამოინგრა. ჩამონგრევის დროს შენობაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ინდონეზიის ეროვნული სამძებრო-სამაშველო სააგენტოს (Basarnas) ოპერაციების დირექტორმა, იუდი ბრამანტიომ, განაცხადა, რომ მაშველები ნანგრევებში სიცოცხლის ნიშნებს ვერ პოულობენ.


„ყველა დაზარალებული, ვისაც სამაშველო ჯგუფთან კომუნიკაცია შეეძლო, დღეს უკვე ევაკუირებულია ორი სხვადასხვა სამძებრო სექტორიდან“, - განაცხადა ბრამანტიომ.
ჯგუფებმა ტერიტორია თერმული კამერებით დაათვალიერეს, რათა გადარჩენილების აღმოჩენა შესძლებოდათ, თუმცა უშედეგოდ.
ოფიციალური პირები ხუთშაბათს ოჯახის წევრებს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ ნანგრევების მოსაშორებლად და ცხედრების ამოსაყვანად მძიმე ტექნიკას გამოიყენებენ.