დიდი ბრიტანეთი შოკირებულია მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიით. Heaton Park Hebrew Congregation სინაგოგის მიმდებარედ განხორციელებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ სამი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია.
თავდასხმა მოხდა იომ ქიფურის, ებრაული რელიგიური კალენდრის უწმინდესი დღის მიმდინარეობისას, რა დროსაც სინაგოგები მლოცველებითაა სავსე.
ინციდენტის ქრონოლოგია
დილას, 09:31 საათზე (ადგილობრივი დროით): პოლიციამ მიიღო ზარი თვითმხილველისგან, რომელმაც დაინახა, როგორ დაეჯახა ავტომობილი ფეხით მოსიარულეთა ჯგუფს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მამაკაცი დანით დაჭრეს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში ინციდენტის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი პოლიციელები მივიდნენ.
შეიარაღებულმა ოფიცრებმა ცეცხლი გახსნეს. დაჭრილია ერთი მამაკაცი – პოლიციის ვარაუდით, ეს არის თავდამსხმელი, თუმცა მისი გარდაცვალება არ დასტურდება. ადგილზე გამოიძახეს ასაფეთქებელი მოწყობილობების გამნაღმველი ჯგუფი, ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელს შესაძლოა სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდეს დამაგრებული. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ოთხი დაჭრილი აღმოაჩინეს, რომელთაც დაზიანებები როგორც ავტომობილის დაჯახებით, ისე დანით ჰქონდათ მიყენებული.

რეაქციები და უსაფრთხოების ზომები
მანჩესტერის მერმა, ენდი ბერნჰემმა, განაცხადა, რომ „უშუალო საფრთხე, როგორც ჩანს, მოხსნილია“. თუმცა, მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამ რაიონში გადაადგილებისგან.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის დროს სინაგოგაში მყოფი მრევლი შენობაში დარჩა, სანამ მიმდებარე ტერიტორია სრულად არ გაკონტროლდა, რის შემდეგაც მათი ევაკუაცია განხორციელდა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ქირ სტარმერი კოპენჰაგენში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტიდან ვადაზე ადრე ბრუნდება, რათა ლონდონში მთავრობის საგანგებო კომიტეტს (COBRA) უხელმძღვანელოს.

"შემზარავია სინაგოგაზე თავდასხმა", – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
"ის ფაქტი, რომ ეს მოხდა იომ ქიფურის, ებრაული კალენდრის უწმინდეს დღეს, ამ მოვლენას კიდევ უფრო საზარელს ხდის... ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ებრაული თემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
სტარმერმა ასევე დაადასტურა, რომ მანჩესტერში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით სინაგოგებში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება გაგზავნილი.