ავტორი:

რა არის მთავრობის "შათდაუნი", როგორ მივიდა აშშ აქამდე და რამ შეიძლება დაასრულოს შექმნილი კრიზისი? - პროცესების განვითარების 4 შესაძლო ვარიანტი

რა არის მთავრობის "შათდაუნი", როგორ მივიდა აშშ აქამდე და რამ შეიძლება დაასრულოს შექმნილი კრიზისი? - პროცესების განვითარების 4 შესაძლო ვარიანტი

1 - ლი ოქტომბრიდან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება მოუწია. ე.წ. შათდაუნი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე სენატმა ვერ შეძლო მიეღო კანონპროექტი დაფინანსების შესახებ. შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში ახალი საფინანსო წელი 1 - ლი ოქტომბრიდან იწყება.

  • როგორ ვითარდებოდა მოვლენები?

30 სექტემბერს სენატმა ხმათა უმრავლესობით უარყო ჯერ დემოკრატების კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელებას ითვალისწინებდა, შემდეგ კი ვერც რესპუბლიკელების კანონპროექტის მიღება მოხერხდა. უთანხმოების მთავარი მიზეზი იყო ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები. დემოკრატები ეწინააღმდეგებიან რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომელიც ამ ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ 100-წევრიან სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, მათ არ აქვთ ხარჯებთან დაკავშირებული კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა. სენატისგან განსხვავებით, სამთავრობო უწყებების დაფინანსების დროებით გაგრძელების კანონპროექტი მიიღო კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობაც რესპუბლიკელია.

  • რა ხდება "შათდაუნისას“?

ამ დროს შეერთებული შტატების ფედერალური უწყებები მუშაობას წყვეტენ, ვიდრე კონგრესის ორივე პალატა არ გადაწყვეტს მათი შემდგომი დაფინანსების საკითხს და შესაბამის კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი არ მოაწერს. საქმიანობას განაგრძობენ მხოლოდ ის სამსახურები, რომელთა ფუნქციონირება აუცილებელია. მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოები და აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურები.

წინა "შათდაუნი“ 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში გამოცხადდა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა - გასტანა 35 დღე (დეკემბერი 2018 - იანვარი 2019).

თეთრი სახლის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო ოფისმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა ოფისის ხელმძღვანელის, რასელ ვოუტის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც "შათდაუნისთვის“ ფედერალური სამთავრობო უწყებების მომზადებას შეეხებოდა.

მან პასუხისმგებლობას დემოკრატებს დააკისრა და განაცხადა, რომ მათი პოზიციის გამო რთულია "შათდაუნის“ ხანგრძლივობის პროგნოზირება.

შეერთებულ შტატებში საკმაოდ ხშირია მდგომარეობა, როცა დემოკრატები და რესპუბლიკელები საბიუჯეტო საკითხებზე შეთანხმებას ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე ვერ ახერხებენ. ასეთ დროს, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე კონგრესი "შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად იღებს კანონპროექტს ფედერალური უწყებების დაფინანსების დროებით გაგრძელების შესახებ. ამჯერად, ეს არ მოხდა.

29 სექტემბერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში რესპუბლიკელების და დემოკრატების ლიდერებს, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ტრამპი დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი პროგრამების გაუქმებითა და ფედერალური მოხელეების მასობრივი შემცირებით იმუქრება.

  • "შთდაუნის" ეკონომიკური ეფექტი:

ყოველდღიური დანაკარგი ეკონომიკაზე შეიძლება მილიონებიდან მილიარდებამდე გაიზარდოს, მაგალითად, Congressional Budget Office-მა 2018–2019 წლის 35-დღიანი "შათდაუნის" ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 11 მილიარდ დოლარად შეაფასა.

  • წარმოგიდგენთ 4 სცენარს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს “შათდაუნი“

  • "შათდაუნი" დასრულდება თუ დემოკრატები სწრაფად "დაიშლებიან"...

მოგეხსენებათ, სენატის დემოკრატებმა უარყვეს რესპუბლიკელების კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც მთავრობას ნოემბრამდე ფუნქციონირებას შეუნარჩუნებდა.

მიუხედავად იმისა, რომ 44-მა დემოკრატმა (და რესპუბლიკელმა მეამბოხე რენდ პოლიმ) კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ორმა დემოკრატმა და ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელიც დემოკრატებს უჭერენ მხარს, რესპუბლიკელთა უმრავლესობას დაუჭირა მხარი.

მოკლედ, თუ კიდევ 5 დემოკრატი შეიცვლის პოზიცია, მთავრობის “შათდაუნი“ დასრულდება, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს დემოკრატიულ პარტიას.

  • "შათდაუნი" დასრულდება თუ დემოკრატიული პარტია უკან დაიხევს

მაშინაც კი, თუ დემოკრატები ერთიანობას შეინარჩუნებენ, მათზე ზეწოლა, რომ ბრძოლა შეწყვიტონ, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან მთავრობის “შათდაუნი“ გაგრძელდება.

ყველაზე მეტად ხელფასების დაგვიანებით საჯარო სექტორის თანამშრომლები დაზარალდებიან, მათ შორის ისინიც, რომლებიც დემოკრატებს უჭერენ მხარს. არის ალბათობა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მთავრობის "შათდაუნს" პროგრამების და დასაქმებულთა შემცირებისთვის გამოიყენებს.

ამერიკის საზოგადოება ეკონომიკური არეულობის შედეგებს იხილავს.

როგორც წესი, პარტია, რომელიც იწყებს მთავრობის "შათდაუნს" და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს (ამ შემთხვევაში, დემოკრატები), საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდება. ამ შემთხვევაშიც, “შათდაუნის“ შედეგებს აშშ-ის დაახლოებით ათობით მილიონი ამერიკელი იგრძნობს.

  • "შათდაუნი" დასრულდება, თუ რესპუბლიკელები დათმობებზე წავლენ

ამჟამად, რესპუბლიკელები თავს ძლიერად გრძნობენ და დემოკრატებისთვის მდგომარეობის გაუარესების ახალ გზებს განიხილავენ. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ მათ არასწორად გათვალეს და საბოლოოდ, არსებულმა სიტუაციამ მათ ავნოთ.

წარსულში მთავრობის "შათდაუნი" რამდენიმე შემთხვევა მათი ინიციატივით მოხდა და საზოგადოებამ შესაძლოა ამჯერადაც მათ დააკისროს პასუხისმგებლობა.

  • მთავრობის “შათდაუნი“ გრძელდება (და ორივე მხარე აგებს)

ახლა ეს ყველაფერი მხოლოდ მძაფრი რიტორიკა და წყენაა. ტრამპი აზიარებს თავისი ოპონენტების დამცინავ, უხამს ვიდეოებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. დემოკრატებმა მას ტრამპისა და ეპშტეინის ფოტოებით უპასუხეს და გვპირდებიან, რომ ამ ბრძოლაში დიდხანს და დაჟინებით დარჩებიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავრობის ბოლო "შათდაუნი" რეკორდულ 35 დღეს გაგრძელდა და დასრულდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ში საჰაერო მიმოსვლა ფართომასშტაბიანი არეულობის ზღვარზე აღმოჩნდა. თან მაშინ მთავრობის ნაწილობრივი დაფინანსება დამტკიცდა. ამჯერად, შედეგები შეიძლება უფრო სერიოზული იყოს.

თუ ეს საკმარისად დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა აღარ იყოს მნიშვნელოვანი, ვინ "გაიმარჯვებს“.

წყარო

იხილეთ ასევე: