კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარი, მამა ლევანი ამბობს, რომ მზად არის, იშვილოს კასპში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილი.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მას ვინ გააცოცხლებს? ვერავინ. გარდაცვლილს არ ჰყავს დედმამიშვილები, მამა. იმას აღარც ვახსენებ. ცოტახანში მთავარ საფიქრალად ბავშვი იქცევა. ჩემი აზრით მეუღლე და სამ შვილ გარდაცვლილ ბებიას, ძალიან გაუჭირდება ბავშვის აღზრდა,
ვერც სხვა შეძლებს ყოველდღიურ დახმარებას, მე არ ვიცნობ და ახლობლები თუ საჭიროდ ჩათვლით, უთხარით არ იდარდოს პატარაზე-რა ეშველება, თავშესაფარში ხომ არ წაიყვანენ და ა.შ. თუ ენდომება მე ვიშვილებ. მართალია არ გვაქვს ძვირფასი სახლი, არც მდიდრები ვართ, მაგრამ ღმერთით ნორმალურად იზრდება ჩემი ოთხი შვილი.
რასაც ესენი შეჭამენ იმას შეჭამს, რასაც ესენი იცმევენ იმას ჩაიცმევს, სადაც ესენი ისწავლიან იქ ისწავლის. მე ამაზე მეტი არც სულიერება მაქვს და არც წიგნიერება, ვისაც არ მოგწონთ ჩემი აზრი, უკეთესი თქვენ შესთავაზეთ.."
თათია ლომინაძეს მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, მას სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო.
ცნობისთვის, დანაშაული კასპში 25 სექტემბერს მოხდა. ზურაბ ბურდულმა თათია ლომინაძეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ბურდულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.