ავტორი:

"მსხვერპლიდან მსხვერპლზე რობოტივით გადადიოდა...“ - ტერორისტი, რომელმაც ბრიტანეთში, სინაგოგასთან ადამიანები მოკლა, იქვე მდებარე სახლში გაიზარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

"მსხვერპლიდან მსხვერპლზე რობოტივით გადადიოდა...“ - ტერორისტი, რომელმაც ბრიტანეთში, სინაგოგასთან ადამიანები მოკლა, იქვე მდებარე სახლში გაიზარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

“ისლამისტი ტერორისტი, რომელმაც სინაგოგასთან ორი უდანაშაულო მამაკაცი მოკლა, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც სირიიდან დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ჩავიდა და თავდასხმის ადგილიდან ძალიან ახლოს, კუთხეში მდებარე სახლში გაიზარდა“, - ამის შესახებ dailymail წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის ჯიჰად ალ-შამიმ ბრიტანეთის მოქალაქეობა 2006 წელს მიიღო, მაშინ დაახლოებით 16 წლის იქნებოდა.

კადრი ბრალდებულის საოჯახო ვიდეოდან - ოჯახი სირიიდან ბრიტანეთში დაახლოებით 30 წლის წინ გადავიდა

შეგახსენებთ, გუშინ მანჩესტერში, Heaton Park Hebrew Congregation სინაგოგის მიმდებარედ ტერაქტი მოხდა.

იომ ქიფურის, ებრაული რელიგიური კალენდრის უწმინდესი დღის მიმდინარეობისას, ავტომობილი მომლოცველების ჯგუფს დაეჯახა, შემდეგ კი მანქანის მძღოლმა 2 ადამიანი დანით დაჭრა. მძიმე მდგომარეობაშია კიდევ სამი დაზარალებული.

მოკლულები არიან 53 წლის ადრიან დაულბი და 66 წლის მელვინ კრავიცი. ორივე მანჩესტერის ებრაული თემის წევრები იყვნენ.

არის ვარაუდი, რომ ბრალდებულს შვილი ჰყავს - მან გასულ წელს "ფეისბუქზე" ჩვილთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.

ბრალდებულის ფოტო ჩვილთან ერთად

  • YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს ალ-შამი და მისი ორი ძმა, რომლებიც კრესენტ როუდზე მდებარე სახლის უკანა ეზოში თამაშობენ. სახლი დაახლოებით 20 წუთის სავალზეა სინაგოგასთან, რომელიც მოგვიანებით მის სამიზნედ იქცა.

ვიდეოებს ტერორიზმში ბრალდებულის მამა, ფარაჯ ალ-შამი აქვეყნებს, რომელიც, სავარაუდოდ, ტრავმატოლოგია და მსოფლიოს სხვადასხვა საომარ ზონებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. როგორც ცნობილია, ოჯახი დიდ მანჩესტერში, სულ მცირე, 30 წელია ცხოვრობს.

გარდა ამისა, გუშინ პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით 30 წლამდე ასაკის 2 მამაკაცი და 60 წლამდე ასაკის ქალი დააკავა.

პოლიციის თქმით, ოფიცრები “თავდასხმის მოტივაციის დასადგენად მუშაობენ.“

თვითმხილველის თქმით, "ალ-შამი მსხვერპლიდან მსხვერპლზე რობოტივით გადადიოდა, თითქოს სამუშაო ჰქონდა შესასრულებელი“...

გუშინ ღამით, მთავარმა რაბინმა სერ ეფრაიმ მირვისმა განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმა მოჰყვა "ებრაელთა სიძულვილის დაუნდობელ ტალღას ქუჩებში, კამპუსებში, სოციალურ მედიასა და სხვაგან“.

გუშინდელი სისხლის ღვრის შემდეგ სინაგოგების გარეთ პოლიციის პატრულირება გაძლიერდა, ხოლო ბრიტანეთის პრემიერმა ებრაულ თემს აღუთქვა, რომ "ყველაფერს გააკეთებს მათთვის დამსახურებული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასიკვდილო თავდასხმას "ბარბაროსული თავდასხმა“ უწოდა და თქვა, რომ ისრაელი ბრიტანეთში არსებულ ებრაულ თემთან ერთად გლოვობს.

"ჩვენი გულები მოკლულთა ოჯახებთანაა და ვლოცულობთ დაჭრილების სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

წყარო

იხილეთ ასევე: