ავტორი:

ევროპა შესაძლო მასშტაბური ომისთვის ემზადება - რატომ ვარაუდობენ დასავლეთში, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას გეგმავს და რას აპირებს ალიანსი?

ევროპა შესაძლო მასშტაბური ომისთვის ემზადება - რატომ ვარაუდობენ დასავლეთში, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას გეგმავს და რას აპირებს ალიანსი?

ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებული ინციდენტების მზარდმა რაოდენობამ ევროპაში დაძაბულობა და რუსეთის გრძელვადიანი განზრახვების შესახებ შეშფოთება გამოიწვია. ნატოს განცხადებით, რუსეთი ალიანსის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და რეალური ომისთვის ემზადება.

თუმცა, შემოჭრისთვის მზადების აშკარა ნიშნები არ არსებობს. ამიტომ, უმეტესი შეფასებით, რუსეთს რამდენიმეწლიანი ვადა აქვს, რათა სრულმასშტაბიანი ომისთვის მოემზადოს.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებობს სტრატეგიული ბირთვული შემაკავებელი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, მთელ მსოფლიოს ბირთვული არმაგედონით ემუქრება.

ევროპაში, რუსეთის გარდა, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთსაც აქვთ სტრატეგიული ბირთვული ძალები. მხოლოდ ეს ფაქტიც კი დასავლეთის ქვეყნებთან ომს პოტენციურ ბირთვულ კონფლიქტად აქცევს.

  • რატომ ვარაუდობენ დასავლეთში, რომ რუსეთი ნატოზე თავდასხმას გეგმავს?

რუსეთისა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება 2014 წლიდან დაიწყო , როდესაც რუსეთმა ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი დონბასში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

2017 წელს ბელარუსში ჩატარებული პირველი რუსული სამხედრო წვრთნები "დასავლეთი“ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა შეჭრისთვის მზადებად აღიქვეს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნატოში ორი ქვეყანა, ფინეთი და შვედეთი, გაწევრიანდა. ამ ნაბიჯმა ალიანსის ძალა რიცხობრივად მნიშვნელოვნად არ გაზარდა, თუმცა რუსეთის საზღვრებთან ნატოს ინფრასტრუქტურა - აეროდრომები, პორტები და სამხედრო ბაზები - გააფართოვა.

რუსეთი ნატოს ქვეყნებს სამ რეგიონში ესაზღვრება. ესენია შორეული აღმოსავლეთი, სადაც მას საზღვაო საზღვარი აქვს შეერთებულ შტატებთან; შავი ზღვა, რომელსაც თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ესაზღვრება; და ბალტიის ზღვის რეგიონი, სადაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს ესტონეთთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და პოლონეთთან - კალინინგრადის ოლქის გავლით - ასევე ფინეთთან და ნორვეგიასთან.

შეერთებულ შტატებთან ომის ალბათობა უკიდურესად დაბალია, რადგან ორი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის გათვალისწინებით, ეს შეიძლება მთელი კაცობრიობის განადგურებით დასრულდეს. შავ ზღვაში დაპირისპირება ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის ფლოტის სისუსტის გამო, რომელიც ალიანსის ქვეყნების საზღვაო ძალების გაერთიანებულ საბრძოლო ძალას საგრძნობლად ჩამორჩება.

  • მიმდინარეობს თუ არა ჰიბრიდული ომი ევროპაში და რამდენად არიან მზად ამისთვის ნატოს ევროპული ქვეყნები?

ჰიბრიდული ომი გულისხმობს ერთი ქვეყნის მიერ მეორის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს მშვიდობიან პერიოდში. ეს ქმედებები, როგორც წესი, არ არის აშკარად სამხედრო, არამედ ფარული ხასიათისაა, როგორიცაა დივერსია, ჰაკერული თავდასხმები, საჰაერო სივრცის დარღვევა და ა.შ.

ბოლო კვირების განმავლობაში გაიზარდა ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტების რაოდენობა, რომლებშიც რუსეთი ან ღიად არის ჩართული, ან მისი მონაწილეობის ეჭვი არსებობს. საკითხი შეეხება ორი ათეული რუსული დრონის პოლონეთში შეჭრას, რუსული MiG-31 გამანადგურებლების ესტონეთის საჰაერო სივრცეში გადაფრენას, ასევე დანიისა და ნორვეგიის აეროპორტების მახლობლად დრონების გამოჩენას, რაშიც ბევრი რუსეთს ადანაშაულებს.

ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ბუნდოვანი მხარე ის არის, რომ რუსეთის განზრახვების დამტკიცება ძალიან რთულია - ბოლოს და ბოლოს, არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ როგორც დრონები, ასევე გამანადგურებლები შეცდომით აღმოჩნდნენ უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში.

  • როგორ გეგმავს ნატო რუსეთთან ბრძოლას

ალიანსის პრესსამსახურის მიერ გაშუქებული წვრთნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნატოს ქვეყნების არმიები დრონების გამოყენებას რუსებთან შედარებით ნაკლები რაოდენობით გეგმავენ - ისინი არ აპირებენ რუსეთის საკუთარ ტერიტორიაზე დამარცხებას, პირიქით, საკუთარ უპირატესობებს გამოიყენებენ.

ესენია მაღალი სიზუსტის სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება, ავიაციისა და საზღვაო ძალების ფართო გამოყენება. ამ ტაქტიკაში დრონები არა იმდენად სამიზნეებზე თავდასხმას ემსახურება, რამდენადაც მხარდაჭერასა და დაზვერვას.

სხვადასხვა შეფასებით, ნატოს ეროვნული არმიების საერთო რაოდენობა საშუალოდ 3.5 მილიონ ჯარისკაცს შეადგენს. აქედან 1.3 მილიონი ამერიკელი ჯარისკაცია. რუსეთის არმიას 2 209130 ​​ადამიანი ჰყავს, რომელთაგან მხოლოდ 1.5 მილიონი სამხედრო მოსამსახურეა, დანარჩენი კი - სამოქალაქო პირი.

უხეში შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, ნატოს ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ 3.8-4 მილიონამდე საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცის განლაგება (მხოლოდ ბრიტანეთს 900 000-ზე მეტი რეზერვისტი ჰყავს), თუმცა რამდენად სწრაფად, გაურკვეველია.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის სამხედრო მომზადებისადმი დამოკიდებულება უფრო სერიოზულია.

ფინეთში მამაკაცებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურია დაწესებული და ქვეყანას სწრაფი მობილიზაციის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურაც გააჩნია. ბალტიისპირეთის ქვეყნები - ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა - ასევე აქტიურად ავითარებენ მობილიზაციის რეზერვის სისტემებს. მათი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია სამხედრო სამსახურში გაწვევის თანდათანობით აღდგენაზე, ტერიტორიული თავდაცვის ძალების გაფართოებასა და ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

გერმანიის შეიარაღებული ძალები რუსეთსა და ნატოს შორის მასშტაბური კონფლიქტისთვის სამედიცინო გეგმას ამუშავებენ და სამხედრო მედიკოსების მომზადებას აძლიერებენ. ბუნდესვერში ამჟამად დაახლოებით 15 000 სამედიცინო პერსონალია (მათ შორის არა მხოლოდ ექიმები, არამედ ექთნები და პარამედიკოსებიც).

  • შეუძლია ევროპას აშშ-ს იმედი ჰქონდეს?

ცივი ომის დროს ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებას ძირითადად შეერთებული შტატები უზრუნველყოფდა. ეს მოიცავდა როგორც ამერიკული იარაღის მიწოდებას, რომელიც დღემდე ევროპული ქვეყნების იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ასევე ამერიკული ჯარების განლაგებას.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, ეს სიტუაცია შეიცვალა: შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ევროპის კონტინენტის დამცველის როლს ნაწილობრივ ტოვებს და მოკავშირეებს სთხოვს, საკუთარი უსაფრთხოებაზე თვითონ იზრუნონ.

"პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას, ევროკავშირის მხარდაჭერით, შეუძლია დაიბრუნოს თავისი მთელი ტერიტორია. ამ გასაოცარი ოპტიმიზმის მიღმა იმალება დაპირება, რომ შეამცირებს აშშ-ს ჩართულობას და ომის დასრულების პასუხისმგებლობა ევროპას გადაეცემა. სიმართლე ილუზიაზე უკეთესია“, - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში.

  • დასკვნისთვის

ამ ეტაპზე ნატოსა და რუსეთს შორის ომის რისკი დაბალია. კრემლმა ჯერ უკრაინაში ომი უნდა დაასრულოს. რუსეთისთვის შეუძლებელია ერთდროულად უკრაინაში ომის გაგრძელებაც და ახალი ომის დაწყებაც. ომის დასრულების შემთხვევაშიც, რამდენიმე წელი იქნება საჭირო ძალების მობილიზებისთვის.

რუსეთის წინსვლა უკრაინაში ნელი და ძალიან რთულია. მცირე ტერიტორიების დაკავებას ახერხებენ, ძალიან დიდი დანაკარგების ფასად. დადასტურებულად, ამ ომის მიმდინარეობისას 128 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია დაღუპული, თუმცა რეალურად ეს რიცხვი ორჯერ მეტია.

დასკვნისთვის, მოკლევადიან პერიოდში რუსეთს ახალი ომის დაწყება არ შეუძლია, თუმცა პროვოკაციებს კვლავაც გააგრძელებს...

წყარო