ქუთაისელი უნიჭიერესი და უგონიერესი გურო მელქაძის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. ბიჭუნა, რომელიც თავისი გონებრივით აოცებს საზოგადოებას, წელს სკოლაში წავიდა. მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და სწორედ ამიტომაც შევეხმიანეთ მის დედიკოს, ლიკა მელქაძეს.
სწორედ ის არის ასევე ავტორი იმ ვიდეოებისა, რომლითაც გურო მელქაძე ინტერნეტ-სივრცეში საზოგადოებამ გაიცნო. ბიჭუნა პოპულარულია როგორც "ფეისბიქზე“, ასევე "ტიკ-ტოკზე“ და აქვს თავისი "იუთუბ არხიც“.
ლიკა მელქაძე:
- ვინ არ მწერს, - რა უნდა გუროს პირველ კლასშიო?!. ყველა დედას თავისი შვილისთვის საუკეთესო უნდა და მით უმეტეს, ასეთი გონებრივი შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის. გინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესო ცოდნა მიაღებინო. საქართველოს მასშტაბზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ქუთაისში სპეციალიზებული სკოლა არ არის. არის სკოლები, სადაც ბავშვს მეტ-ნაკლებად ევროპული სტანდარტებით განათლების მიღება შეუძლია. მაგრამ არც ერთმა ასეთმა სკოლამ არ გამოხატა ინიციატივა, რომ გურო უფასოდ მეღო. ერთი-ორი ასეთი (ცნობილი) სკოლა შემეხმიანა, მაგრამ ჩემამდე აბსურდული წინადადებით მოვიდნენ, რასაც ნამდვილად ვერ დავთანხმდებოდი.

- საფასური შემოგთავაზეს?
- კი და რომ ვუთხარი, არ მაქვს ამის საშუალება, წელიწადში 5000 ლარი გადავიხადო-მეთქი, განვადებას გაგიკეთებთო...
- არადა, გუროს გონების მქონე ბავშვს ვფიქრობ, მართლაც სპეციალიზებული სკოლაში სწავლა სჭირდება... რადგან ასე არ მოხდა, საჯარო სკოლაში შეიყვანეთ, ხომ?
- კი, ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლაში შევიდა. საოცარი შთაბეჭდილებით დატვირთული მოვიდა სახლში, არადა, ცოტას ვშიშობდი. ძალიან თბილად, ოვაციებით დახვდნენ იქ. სკოლა სახლთან ახლოსაა. იქ, თავის დროზე, გუროს ბაბუაც სწავლობდა.
მოკლედ ძალიან კმაყოფილია, შეიყვარა ბავშვები, მასწავლებელიც - ნათია ფხაკძე და მთელი სკოლა. სკოლასაც უყვარს, მასწავლებელსაც, დირექტორმა რუსუდან ჭეიშვილმა სტატია დაუწერა. ერთი ვთქვი, ექსტერნად სწავლა ხომ არ გავაკეთოთ-მეთქი. ნება თქვენიაო, მაგრამ გული დაგვწყდება, სხვაგან რომ გადავიდესო, - ისე შეიყვარეს. თავად გუროც კომუნიკაბელურია. ამიტომ მეც არ ვჩქარობ, ჩემი მეუღლე ამ ეტაპზე საქართველოში არ არის, მაგრამ ისიც ამ აზრზეა. ცოტა დავაცადოთო... გონებრივად საკმაოდ კარგი შესაძლებლობების მქონე კი არის, მაგრამ ამასთანავე, ძალიან ბავშვურია.

- ე.ი. სკოლის გარემოს ალღო კარგად აუღო...
- კი, მასწავლებელი საკმაოდ კარგი ადამიანი აღმოჩნდა, უთბილესია. გურო მთელი გულით შეიყვარა. ყველანაირად ცდილობს, ბავშვს ხელი შეუწყოს. ამბობს, გაკვეთილის ნახევარი რომ გადის, ვატყობ, რომ გაკვეთილი ბეზრდებაო. რადგან გუროს თანატოლები იმას გადიან, რაც ამას დიდი ხანია ნასწავლი აქვს.
- ცნობილია, რომ იცის ენები, გამრავლების ტაბულა, ყველა ქვეყანა თავის დედაქალაქითა და დროშით, განტოლებები, აკეთებს ვიდეოებს...
- დიახ და ახლა მთხოვს, მათემატიკური ფესვი მასწავლეო... მათემატიკაში ვერ ვარ ისეთი ძლიერი, მამა კიდევ ჯერჯერობით აქ არ არის, მაგრამ გუროს ამ მოთხოვნებს შეჩვეული ვარ და მგონია, რომ ყველა ბავშვი ასეთია. უცხო ადამიანები მასთან ელემენტარულ დიალოგშიც ხვდებიან ხოლმე, რომ მაღალი განვითარების ბავშვია...

- მახსოვს, 2 წლის წინ მითხარით, მაშინ კიდევ უფრო პატარა იყო - მანქანის ნომრებს იმახსოვრებსო...
- ქუჩის ნომრებსაც, მერე რომელი ქუჩიდან რომელზე გავდივართ იცის, იცის პირადობის მოწმობების ნომრები, ტელეფონის ნომრები, იცის გარკვეული თარიღები, რომელ წელს რა მოხდა. მასწავლებელი მეუბნება - მუდმივად შოკში გვაგდებსო...
როგორც გითხარით, ცდილობს, რომ გუროს ხელი შეუწყოს და მისთვის ტესტები მოაქვს... ბუქში გამოუგზავნა საკლები, მაკლები, განტოლებები. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ურთიერთთანამშრომლობით წინ წავლენ. დირექტორიც საუკეთესოა და 21-ე სკოლა ქუთაისში ერთ-ერთ ძლიერ სკოლად ითვლება დისციპლინით და ცოდნის დონით.
- ბავშვებსაც, როგორც ჩანს, შეეწყო...
- ძალიან კარგად. კოლექტივიც კარგად შეკრული აღმოჩნდა... არავის არაფერი ცუდი არ გამოუხატავს. ადრე გარკვეულმა ჯგუფმა მითხრა, - გუროს ფონზე ჩვენი ბავშვები დაიჩაგრებიანო. თქვენები რატომ? პირიქით, ჩემი შვილი დაიჩაგრება-მეთქი... ახლა კლასში ასეთი სიტუაცია არ დაგვხვედრია. გუროც სახლში მოსული სიამოვნებით ჰყვება სკოლის ამბებს. მასწავლებელს ანბანის გადმოცემის ისტორია უამბია და იმდენად კარგი გადმოცემის უნარი აქვს, რომ ბავშვმა გზაში დეტალურად, ზედმიწევნით მომიყვა, მეგონა, ვიღაცამ სპეციალურად ასწავლა-მეთქი. ყველაფერში გულისყურით არის ჩართული. ჭადრაკს როგორც საგანს ისე სწავლობენ, ჭადრაკი გურომ იცის, მაგრამ ინგა მასწავლებელმა მითხრა, გაოცებული ვარ, როგორ შემომციცინებს თვალებში, ჩემგან კიდევ რაღაც ახალი წაიღოსო.
მასწავლებელი, როგორც გითხარით, სულ მეუბნება, მონაპოვარი გვყავსო, დირექტორიც შოკშია, მისი ყველა ვიდეო არ ვიცოდიო. გურო თავმდაბალი ბავშვია და ჯერ კიდევ არ გამოუვლენია ის ცოდნა და უნარები, რაც მას აქვს.
- როგორ ემზადებოდა სკოლაში წასასვლელად?
- სკოლაში წასასვლელად ძალიან ადრე, დილის 7 საათზე სიხარულით იღვიძებს. პირველი დღეს წერილი დაუწერა მასწავლებელს, მანამდე მასწავლებელი ნანახი ჰყავდა. მან ისეთი სითბო გამოხატა მის მიმართ, რომ გუროს უკვე უყვარდა ნათია მასწავლებელი. სკოლიდან დაბრუნებულმა მითხრა - რა კარგია სკოლა და რა ცუდია, რომ შაბათ-კვირა არ ვსწავლობთო. დროშა გუროს ააწევინეს და ლექსი ათქმევინეს, რაც უზომოდ გაუხარდა...
- როგორია თქვენი მოლოდინი?
- ჯერჯერობით დინებას მივყვები. ვნახოთ, ნახევარი სემესტრის შემდეგ ნათია მასწავლებლის ხელშეწყობით, როგორი სიტუაცია იქნება. რადგან ევროპული სტანდარტის ფასიანმა სკოლებმა უფასოდ არ მიგვიღეს, ვერაფერს ვიზამთ. არადა, ვფიქრობ, გუროს მონაცემების ბავშვს სპეციალიზებულ სკოლაში უფასო სწავლა ეკუთვნოდა.

ახლა ამ ერთ წელს ბავშვურ ამბებს დავაცდით. რომ ვაკვირდები, მას ეს სჭირდება. ამიტომ არ ვჩქარობ. მესამე კლასებთან რომ დავსვათ, ისინი ხომ უკვე გაზრდილები არიან?! ეს ჯერ პატარაა და გარკვეული პერიოდი გასავლელი აქვს. პასტის ხელში კარგად დაჭერა, მეგობრობა, დისციპლინა, გარკვეული უნარები დასასწავლი აქვს.
თუმცა გუროს გონება აუხსნელია და ეს ზოგჯერ, წარმოიდგინეთ, რომ მეც კი მიკვირს. აკეთებს ვიდეოებს, თავის "იუთუბ არხი“ აქვს, ინგლისურად წერს და ლაპარაკობს შეუცდომლად. ასევე ვიზუალური მახსოვრობითაც გამოირჩევა, პოლიგლოტია - ენებისკენ დიდად მიდრეკილი. გუშინწინ ქარი იყო და გზაზე რომ მივდიოდით, მითხრა, - კარგი, ლიკა, ნუ გეშინია, ეს გრიგალი აქ არ მოხდება, გრიგალი მხოლოდ ამერიკის შტატ ოკლაჰომაში ხდებაო...
ადრეც გითხარით, რომ ექიმმა შორენა ცხელიშვილმა როდესაც გურო ჯერ კიდევ ჩვილობაში ნახა, ვუნდერკინდიაო, დაადასტურა.
- ფაქტია, რომ ასეა... ამიტომ წარმატებები ვუნდერკინდ გუროს!