ავტორი:

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები TikTok -ზე არათუ არ არიან დაცული პორნოგრაფიისგან, არამედ მათ ამგვარი კონტენტისკენ უბიძგებენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები TikTok -ზე არათუ არ არიან დაცული პორნოგრაფიისგან, არამედ მათ ამგვარი კონტენტისკენ უბიძგებენ.

ადამიანის უფლებების დამცველმა ჯგუფმა, Global Witness-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც TikTok -ზე შექმნეს რამდენიმე ყალბი პროფილი, რომლებიც თითქოსდა 13 წლის მოზარდებს ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ მათ ყალბი დაბადების თარიღები გამოიყენეს და აპლიკაციამ იდენტობის დამადასტურებელი სხვა ინფორმაცია არ მოსთხოვა.

ამ პროფილებზე დააყენეს ე.წ Restricted Mode ფუნქცია, რომელსაც მშობლები იყენებენ, რათა არასრულწლოვანებისთვის 18+ კონტენტი არ იყოს ხელმისაწვდომი.

შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ყალბ 13 წლის მოზარდებს "ტიკ ტოკი" სხვადასხვა სახის სექსუალიზებულ კონტენტს სთავაზობდა. დაწყებული ვულგარული ვიდეოებით, დამთავრებული პირდაპირ პორნოგრაფიული სცენებით.

"ტიკ ტოკი" ბავშვებისთვის მიუღებელი კონტენტის პრევენციას კი არ ახდენს, არამედ პროფილის შექმნის შემდეგ ალგორითმი პირდაპირ რეკომენდაციას უწევს ასეთი შინაარსის მასალას“, - ამბობს Global Witness-ის წარმომადგენელი ავა ლი.

Global Witness-მა ეს ფაქტი შეატყობინა "ტიკ-ტოკს". მათ პლატფორმის ხელმძღვანელობა დაჰპირდა, რომ ამ პრობლემას დაუყოვნებლივ მოაგვარებდნენ. კომპანიამ მსგავსი კვლევა რამდენიმე თვის შემდეგაც ჩაატარა და იგივე შედეგი მიიღო.

"არცერთ მშობელს არ უნდა, რომ "ტიკ-ტოკმა" მათ შვილებს პორნოგრაფიისკენ გაუკვალოს გზა. ბავშვები უნდა იზრდებოდნენ გარემოში, სადაც იქნებიან ცნობისმოყვარეები ისე, რომ მათთვის მიუღებელი კონტენტისკენ არავინ უბიძგებს. ეს არის კონტენტი, რომელმაც შესაძლოა ბავშვის ფსიქოლოგიას გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს“, - წერია კვლევის ანგარიშის დასკვნაში.

  • მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა