ავტორი:

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს -  საარჩევნო უბანზე რიგი აკრძალვები მოქმედებს: რა უნდა ვიცოდეთ

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს -  საარჩევნო უბანზე რიგი აკრძალვები მოქმედებს: რა უნდა ვიცოდეთ

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველი ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებს აირჩევენ. უფრო კონკრეტულად კი, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადით 64 მერის და 64 საკრებულოს 2 058 წევრის არჩევა მოხდება.

  • მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 12-ვე პარტიამ წარადგინა.

ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური გაერთიანებების ნაწილი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებს. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, “კოალიცია ცვლილებისთვის“, “ფედერალისტებმა“ და სხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. არჩევნებში მონაწილეობს „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ეს ორი პარტია არჩევნების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა, მათ შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს და რამდენიმე საარჩევნო ოლქში მხარდამჭერებს ურთიერთშეთანხმებული კანდიდატები წარუდგინეს.

4 ოქტომბრის არჩევნებში შემდეგი პარტიები იღებენ მონაწილეობას:

„მამული, ენა, სარწმუნოება“ - #1

„კონსერვატორები საქართველოსთვის“ - #3

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - #5

„თავისუფალი საქართველო“ - #7

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - #8

„ძლიერი საქართველო-ლელო“ - #9

„საქართველო“ - #11

„მწვანეთა პარტია“ - #12

„სახალხო ხელისუფლება“ - #14

„გახარია საქართველოსთვის“ - #25

„გირჩი“ - #36

„ქართული ოცნება“ - #41

თბილისში მერობის 9 კანდიდატია რეგისტრირებული. დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან:

გიორგი გაჩეჩილაძე - „მწვანეთა პარტია“;

კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო“;

ზურაბ მახარაძე - „კონსერვატორები საქართველოსთვის“;

ირაკლი კუპრაძე - „ძლიერი საქართველო-ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატი;

ოთარ ჭითანავა - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

კახა კალაძე - „ქართული ოცნება“;

გიორგი ლილუაშვილი - „საქართველო“;

თეიმურაზ ბოკელავაძე - „მამული, ენა, სარწმუნოება“;

იაგო ხვიჩია - „გირჩი“.

თბილისის გარდა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში - 160 კანდიდატი. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია - 32 კანდიდატი.

დღეს, 4 ოქტომბერს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი რიგი აკრძალვები ამოქმედდა.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.

დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება - ასეთი მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას დაექვემდებარება.

გარდა ამისა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. ამასთან, ცესკო-ს დადგენილების გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები ცესკოს ვებგვერდზე სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცესი კი 08:00 საათზე დაიწყო.

კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება. კანონის გათვალისწინებით, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს.

წაიკითხეთ ასევე: