ავტორი:

"გამოილაშქრეს ჩემზე, თურმე ეს რა საშინელება ვთქვი... ბებიას და ბავშვს თუ არ ენდომებათ, მე როგორ წამოვიყვან? ამ გაჭირვებაში იოლია სხვის შვილზე პასუხისმგებლობა?" - მამა ლევანი

"გამოილაშქრეს ჩემზე, თურმე ეს რა საშინელება ვთქვი... ბებიას და ბავშვს თუ არ ენდომებათ, მე როგორ წამოვიყვან? ამ გაჭირვებაში იოლია სხვის შვილზე პასუხისმგებლობა?" - მამა ლევანი

კასპში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანაში შეძრა. 34 წლის თათია ლომინაძე ყოფილმა ქმარმა სასტიკად მოკლა. ჯერ დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი დაწვა სცადა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ზურაბ ბურდულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

თათია ლომინაძეს ერთი გოგონა დარჩა და დედა დარჩა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარმა, მამა ლევანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მზად იყო, მოკლული ქალის შვილი ეშვილა. მოძღვრის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

მამა ლევანი ამბობს, რომ

"ვიღაცას გაუკვირდება ღამის სამ საათზე რას წერს მამაოო, მაგრამ როცა სევდა არ განებებს თავს, მაშინ დრო მეორეხარისხოვანი ხდება. რის თქმა მინდა. რაც დრო გადის, მეტ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ყოველ დღე მეტად ვრწმუნდები ჩემი აღზრდაში მონაწილეთა ჩიჩინის ჭეშმარიტებაში "ილოცე" "წიგნები იკითხე". ადამიანისთვის მთავარი ეს ყოფილა რა სულიერება და წიგნიერება, თუნდაც მდოგვის მარცვლის ხელა. ფაქტობრივად ამის გარეშე აღარც ითვლები ადამიანად რა. როცა რაღაცას ვამბობ, თუ გაუნათლებელია ადამიანი, მას აზრი ვერ გამოაქვს რა ვთქვი და მიმხედრდება. თუ ნაკითხია, მაგრამ ახლა სულიერება არ აქვს, ის უკვე ბოღმის გამო აღდგება ხოლმე ჩემს წინააღმდეგ. ეს უკვე ბევრჯერ გადავიტანე.

მაგალითად, ერთხელ, ქალაქში გაჭირვებული ბავშვებისთვის რაღაც საჭმელი უნდა დამერიგებინა და ვიღაცები გამომიხტნენ "ეს როგორ შეიძლება, ბავშვთა უფლებები ირღვევა", მშიერი რომაა იმით არ ირღვევა, მე ვარღვევდი დაპურებით, მოკლე ჭკუა. არადა იმ ბავშვებს, მშობლები სიხარულით მოარბენინებდნენ. და ეს ვიღაც უფრო მზრუნველია გამოვიდა.

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას. დანაშაულში ბრალდებული ჩემი სკოლელი იყო, წლებია ვიცნობ. ვიცნობდი მოკლულ გოგონასაც. არავის არ უთხოვია, ხუთშაბათს ისე ჩავედი კლინიკაში, თუნდაც გათიშული ყოფილიყო, მინდოდა რომ უბრალოდ თავზე ხელი გადამესვა, ზეთი მეცხო, მისი სული ხომ მიიღებდა ნუგეშს და თურმე აღარაა გოგო. ძალიან გავნერვიულდი, ეს კლინიკის თანამშრომლებმაც შემამჩნიეს და თანაგრძნობისთვის გამომელაპარაკნენ. მღვდელი ვარ, თითქოს ბევრი ხალხია ჩემს გარშემო, მაგრამ მაინც მიჭირს შვილების რჩენა და ფიქრები უკვე მათ პატარისკენ წამივიდა.

და სახლში ჯერ არ ვიყავი დაბრუნებული, არც ფოფოდიასთან შემითანხმებია, ისე ვთქვი ის, რაც ვთქვი, რომ ბებიას გაზრდა თუ გაუჭირდებოდა მე ვიშვილებთო. ამას ბევრი ადამიანისგან დადებითი ემოცია მოყვა, მეუბნებოდნენ რომ ფსიქოლოგებით დამეხმარებოდნენ, ყოველთვიურად მატერიალურად და ა.შ. მაგრამ, გამოჩნდნენ ისეთებიც ვინც გამოილაშქრეს ჩემზე, თურმე ეს რა საშინელება ვთქვი "ბებო ცოდო არაა" და ა.შ. ამასწინათ იყო კიდევ, გოგონებს მივმართე, თუ ქმრებისგან საფრთხე რეალურია, ხომ ხედავთ სახელმწიფო ვერ გიცავ-თქო, რამდენი ქალი მოკლეს ვეღარ ვითვლით, და საზღვარგარეთ გაერიდე-თქო, გზის ფული თუ არ გექნებათ მე მოგიგროვებ-თქო. და გამოხტნენ პატრიოტები "სამშობლოდან წასვლას ეუბნები მამაო ხალხს". აუფ რა მიქნია კაცო. ცოლებს რომ კუწავენ, ამაზე საშინელებაა ემიგრაცია? ჯერ ერთი ემიგრაციაში წასვლა ცოდვაა არაა. რომც იყვეს, დიდ ცოდვას, მცირე ცოდვის კეთება ჯობია.

ახლა დავუბრუნდები იმას რაც თავში ვახსენე, თუ რაიმე წაგიკითხავს ცხოვრებაში, თუ სულიერების მარცვალი მაინც გაგაჩნია ეს როგორ უნდა გააკეთო ვერ ვხვდები. ჯერ ერთი ბებიას და ბავშვს თუ არ ენდომებათ, მე როგორ წამოვიყვან, მივარდები და გავიტაცებ თუ რა, აფრიკაში ხომ არ ვართ. ათასი პროცედურაა გასავლელი. მეორე, ამ საშინელ დროში და გაჭირვებაში, როცა უამრავი მამას და დედას საკუთარი შვილი ჰყავთ მიტოვებული და არ ზრუნავენ, ვიღაც ოთხი შვილის მამა, რომ ამხელა მსხვერპლს იღებს, თავის ტკივილს და პრობლემებს იმატებს, იოლია სხვის შვილზე პასუხისმგებლობა?

ზოგიერთებს, ჩემზე საკმაოდ დიდი შემოსავლები გაქვთ, მაგრამ არ გადაიღალოთ, მოგზაურობებს, რესტორნებს, სალონებს, კინო-თეატრებს რომ არ მოცდეთ ერთ შვილზე მეტს არ აჩენთ და მე მაკრიტიკებთ ვინც ოთხ შვილს ვზრდი და მზად ვარ მეხუთე ვიშვილო. თუ ადამიანი ხარ, ესეთ რაღაცებზე გული უნდა გაგითბეს, უნდა მხარდაჭერა გამოუცხადო ხო. გორიდან მწერდნენ "მამაო საწოლს მე ვუყიდიო". ასევე, არცერთი ნორმალური ადამიანი, საერთოდ არ ფიქრობს რომ უფლება აქვს ყველას ყველაფერი შეუსწოროს. არც ილანძღება. რა თქმა უნდა ყველას აზრი არ მოეწონება, მაგრამ თუ მის სამშობლოს, რჯულს, ოჯახს არ ეხებიან, არავისზე ძალადობენ არ ერევა, გაატარებს. ელემენტარული ვიღაც კასპელი ყიდის სახლს, და რუსთავიდან ვიღაც ეჩხუბება "რამხელა ფასი გიდევს, შე ესეთო, შე ისეთო". დაფიქრდი შვილო შენ ვინ გკითხავს? არ ვიცი რა, რა სიამოვნებას იღებენ ადამიანები კონფლიქტებით.გამიგრძელდა სიტყვა. ილოცეთ, ეზიარეთ და წიგნები იკითხეთ, ამ ყველაფრისგან დაცლილი არსებები აწყობენ ტრაგედიებს" - წერს მამა ლევანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დანაშაული კასპში 25 სექტემბერს მოხდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.