აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "ჰამასი" "მზადაა ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.
ტრამპმა განცხადება თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე, Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, "ამჟამად ამის გაკეთება ძალიან საშიშია".
"ჩვენ უკვე ვმსჯელობთ დეტალებზე, რომლებიც უნდა დამუშავდეს. საქმე მხოლოდ ღაზას არ ეხება, საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთში დიდი ხნის ნანატრ მშვიდობას.“, - წერს ტრამპი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოფისი ავრცელებს ინფორმაცია, რომ ისრაელი ყველა მძევლის გასათავისუფლებლად დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებისთვის მზად არის.
განცხადების თანახმად, ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სრულ თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა „ომი ისრაელის მიერ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად დასრულდეს".
გეგმის თანახმად, “თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადადებას, ომი დაუყოვნებლივ დასრულდება. ისრაელის ძალები შეთანხმებულ ხაზამდე უკან დაიხევენ, რათა მძევლების გათავისუფლებისთვის მოემზადონ. ამ დროის განმავლობაში, ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვები, შეჩერდება და საბრძოლო ხაზები გაყინული დარჩება იქამდე, სანამ სრული ეტაპობრივი გასვლისთვის შესაბამისი პირობები არ შეიქმნება“.
ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის და მისი განვითარება მოხდება ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
ისრაელის მიერ ამ შეთანხმების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, ყველა მძევალი, ცოცხალი და გარდაცვლილი, დაბრუნდება. ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პატიმარს და 1700 ადამიანს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დააკავეს.
ყველა მძევლის დაბრუნების შემდეგ, „ჰამასის“ წევრები, რომლებიც იარაღს დაყრიან ამნისტიას მიიღებენ, ხოლო ისინი, რომლებსაც ღაზას დატოვება სურთ, მიმღებ ქვეყნებში უსაფრთხოდ ჩასვლას შეძლებენ.
გეგმის მიხედვით, ღაზას გარდამავალი, ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინის კომიტეტი უხელმძღვანელებს.
კომიტეტის შემადგენლობაში კვალიფიციური პალესტინელები და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან, ხოლო მას ზედამხედველობას გაუწევს ახალი საერთაშორისო გარდამავალი ორგანო - „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც დონალდ ტრამპი გაუძღვება, სხვა წევრებთან და სახელმწიფო მეთაურებთან ერთად, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ტონი ბლერთან ერთად.
ასევე, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაიზრდება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.
"დღეს მშვიდობისთვის ისტორიული დღეა. მოდით, ამას ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა ვუწოდოთ“, - თქვა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, 29 სექტემბერს.