ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის განცხადება და კადრები ადგილიდან

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის განცხადება და კადრები ადგილიდან
  • ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, ინტერპრესნიუსი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდაზე, 144-ე საარჩევნო უბანზე მივიდა. მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

"დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პარტიამ საზოგადოებას საშუალება მისცა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში.

13 წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია , ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება, რასაც ხაზი შეგვიძლია გავუსვათ ისაა, რომ როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ, მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზი, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს“,- განაცხადა იძინა ივანიშვილმა.

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველი ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებს აირჩევენ. უფრო კონკრეტულად კი, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადით 64 მერის და 64 საკრებულოს 2 058 წევრის არჩევა მოხდება. მუნიციპალური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 12-ვე პარტიამ წარადგინა.

ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური გაერთიანებების ნაწილი პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებს. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, “კოალიცია ცვლილებისთვის“, “ფედერალისტებმა“ და სხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. არჩევნებში მონაწილეობს „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ეს ორი პარტია არჩევნების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა, მათ შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს და რამდენიმე საარჩევნო ოლქში მხარდამჭერებს ურთიერთშეთანხმებული კანდიდატები წარუდგინეს.

წაიკითხეთ ასევე: