შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. უწყების ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
"საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.
"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!" - დაწერა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.