როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობასა და რევოლუციის მოწყობაზე? - ვინმეს არ წაუცდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება! - ამის შესახებ საარჩევნო უბანთან მისულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"აქციას რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორ ჩაივლის პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული ე.წ. დამხობის აქცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუცდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, მიიღებენ ამაზე პასუხს.
სრული მობილიზაციის პირობებშიც კი დღესაც ძალიან სუსტად იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, მათ წარმატებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. დღეს ნახავთ, რომ, დაახლოებით, მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები, ასჯერ და ორასჯერ ნაკლები, ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობასა და რევოლუციის მოწყობაზე. ჩვენ გვაქვს სანდო კვლევები და სანდო კვლევები გვიჩვენებს, რომ ჩვენი რეიტინგი არის 65%.
როცა მმართველ პარტიას აქვს ასეთი რეიტინგი, არც უნდა იფიქრო დამხობაზე, მაგრამ მათ არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე, რასაც გარედან დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეუბნებიან შეასკდი კედელს თავით, ასკდებიან კედელს თავით. ეს არის ერთადერთი, რასაც ვხედავთ ჩვენ და რასაც დავინახავთ დღეს საღამოს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჭკვიანად მოიქცევა ოპოზიცია, გადავლენ ძალადობაზე, მიიღებენ პასუხს, არ გადავლენ ძალადობაზე, ყველაფერი იქნება კარგად“, - განაცხადა კობახიძემ.
"პარლამენტში შეჭრის მცდელობა ხომ არ იქნება მშვიდობიანი? ასე იდგებიან და ჩვენ გადავდგებით თუ როგორ წარმოგიდგენიათ? პაატა ბურჭულაძეს ხომ არ შეიძლება ასე გაჰყვეთ, რასაც ამბობს. თქვენ მაგის გჯერათ, რომ იმდენი ხალხი გამოვა დღეს, რომ ჩვენ მილიონ ამომრჩეველს გადაჩრდილავს? ამის მეასედიც არ გამოვა. ხომ დადგება ეს საღამოც! პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია რა არის, თქვენც ხედავთ ხომ?! არასერიოზული კაცია და ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს.
კრიზისი არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომელიც უნდა გაღრმავდეს და გაღრმავდება კიდეც და მივა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრულ განადგურებამდე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ აპირებს ქვეყნის დატოვებას, რასაც პრემიერმა რუსულიდან გადმოტანილი ქართული ჟარგონით „მელკი“ კითხვა უწოდა.
"რუსულ სიტყვას ვიტყვი, ეს „მელკი“ კითხვა გუშინაც დაისვა და საკადრისი პასუხი მიიღო თქვენმა კოლეგამ, შემიძლია გაგიმეოროთ ეს პასუხი. „მელკი“ ქართული სიტყვაა, რომ იცოდეთ, ეს არის ქართული ჟარგონი, რუსულიდან არის შემოტანილი, თუმცა ჟარგონი ქართულია. სამ წელიწადში გვექნება საპარლამენტო არჩევნები და გირჩევთ მოემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მოემზადეთ, რომ იქნებ იქ მაინც სცადოთ რაიმე შედეგის მიღება. ჩვენ ხვალიდანვე ვაპირებთ მოვემზადოთ 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის.“- განაცხადსა კობახიძემ.
წაიკითხეთ ასევე: