თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილია 15:00 საათის მონაცემები და ასევე პოლიტიკური სპექტრის ლიდერების შეფასებები და პირადი არჩევანი.
ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის
15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობამ ამომრჩეველთა 28.22% შეადგინა. ამ დროისთვის, ხმის მიცემის უფლებით 991 651-მა მოქალაქემ ისარგებლა.
ლიდერები არჩევნებზე: ოჯახთან ერთად თუ მარტო?
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება შეასრულეს და საარჩევნო უბნებზე გამოცხადდნენ. მათი ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა, ნაწილი კი არჩევანი მარტომ დააფიქსირა.
ბიძინა ივანიშვილი: „საზოგადოებამ ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება “
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, შვილთან ბერასთან და რძალთან ნანუკასთან ერთად მივიდა.
მან არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება და უკვე თავისუფლად ახერხებს „თეთრი შავისგან გაარჩიოს“. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო და საზოგადოება ბრძენია, რის გამოც არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება.


კახა კალაძე: „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა: „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. მისი თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის „ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს“.

საარჩევნო უბანზე ის მარტო მივიდა. მოგვიანებით მეუღლე ანუკი არეშიძე ასევე მარტო იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

ირაკლი ღარიბაშვილი: კომენტარის გარეშე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად მივიდა. მან ხმა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მე-11 საარჩევნო უბანზე მისცა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უბანი კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა იქ მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მცირე რეპლიკით მიმართა და უთხრა, რომ „არიან საცოდავები“. მან ასევე მოქალაქეებთან ერთად ფოტოც გადაიღო.

ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილ
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო უბანზე მარტო მივიდნენ.
კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ნარმანიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ოცი კაცი ორ მოქალაქეს ურტყამდა.
ოპოზიციის ლიდერების მოწოდება აქტიურობისკენ
ბადრი ჯაფარიძე („ლელო-ძლიერი საქართველო“): ოჯახთან ერთად მისულმა ჯაფარიძემ მოუწოდა ამომრჩევლებს, ვიაქტიუროთ, რადგან „აქტიურობის, არ დანებებისა და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა“. მისივე თქმით, აუცილებელია საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები აღირიცხოს.

ირაკლი კუპრაძე („ლელო -ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი): კუპრაძე საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა მისცენ საქართველოს მომავალს, თუკი სურთ „დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან“ და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების გარეშე.

მამუკა ხაზარაძე („ლელო -ძლიერი საქართველო“): მარტო მისულმა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა არ აჩუქონ ხმა „იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში“.
სხვა განცხადებები
მიხეილ ყაველაშვილი: შვილებთან ერთად მისულმა ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევანი მარტივია: „ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, ხოლო მეორე მხარეს არეულობა, დაპირისპირება და პოლარიზაცია“.

მარიამ ქვრივიშვილი (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი): „ხმა მივეცი დედაქალაქის მომავალ მერს, უალტერნატივო კანდიდატს. შესაბამისად, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას,“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
