ავტორი:

მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა - როგორა აქტივობა 17:00 საათისთვის?

მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე მისცა ხმა - როგორა აქტივობა 17:00 საათისთვის?

17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ "დარღვევები არის, მაგრამ ხელშესახები არა".

კერძოდ, ცესკოს პრესსპიკერი განმარტავს, რომ დარღვევები უკავშირდება მაგალითად, ორი ბიულეტენის გაცემას, ან უბნის მოწყობის წესის დარღვევას, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, „კენჭისყრის შენობაში არ ყოფილა არსებითი დარღვევები, რომელთაც საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეეშალა შეეძლო".

იოსელიანის თქმით, ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან ისმის სპეკულაციური შეფასებები თუ განცხადებები ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, მისი არსებობის შემთხვევაში, არ ნიშნავს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, ვინაიდან შეუძლებელია ნების იდენტიფიცირება.

"შესაბამისად, ჯერ კიდევ გასულ არჩევნებზე, ამ თემით აქცენტირება წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სპეკულაციას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ, მსგავსი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ხმის მთვლელ აპარატს დაამატა ჭრილის საფარი.

როგორც არჩევნების დღემდე არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩარჩო კონვერტისა და ხმის მთვლელ აპარატზე ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილის საფარის არსებობით შეუძლებელია ბიულეტენზე მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაშიც კი მისი იდენტიფიცირება.

იმ ფონზე, როცა გამოჟონვის კვალი იმთავითვე არ წარმოადგენს დარღვევას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვხედავთ საკითხის კვლავ სპეკულაციურად წამოჭრის მცდელობებს, რაც ადასტურებს, რომ ფარულობის თემა არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ გასულ წელსაც მხოლოდ მანიპულაცია იყო და არ ეყრდნობოდა ფაქტებს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს დღეს დილიდან აკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ მიერ პროცესი ფასდება როგორც მშვიდი და პოზიტიური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ შევიდნენ შეცდომაში სპეკულაციური და უსაფუძვლო განცხადებებით და დაეყრდნონ საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია გადაამოწმონ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამის საკომუნიკაციო საშუალებებზე“, - განაცხადა იოსელიანმა.

წაიკითხეთ ასევე: