"ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბნენ პარტიის ხელმძღვანელები, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა ლიდერები და მხარდამჭერებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ.

მანამდე მათ დიდი ეკრანზე ნახეს ტელეკომპანია “იმედის“ დაკვეთით, კომპანია "გორბის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედგები, რომლის მიხედვითაც, თბილისში, საკრებულოს არჩევნებში პარტია "ქართულმა ოცნებამ“ ხმების 76.3% მიიღო, "ძლიერი საქართველო-ლელომ“ – 7.1%, "გირჩმა“ 6.8%, "კონსერვატორები საქართველოსთვის“ 3.3%, ხოლო სხვა პარტიები - 6.5%.
რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს, ეგზიტპოლების მიხედვით, "ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 77.4% მიიღო, "გახარია საქართველოსთვის“ და "ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ხმების 8.8% მიიღო, იაგო ხვიჩიამ 6.7%, ხოლო ზურაბ მახარაძემ 3,2%.
"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეკომპანია "იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დაიდო.
მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნები კატასტროფულად წააგო და პროცესების გადატანას კვლავ ქუჩაში ცდილობს.
"დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან და დღესაც თუ ადევნებთ თვალს მცდელობა აქვთ, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთონ, მაგრამ საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე და ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია“, - განაცხადა ივანიშვილმა.