ავტორი:

ბარიკადები, გაზის კაფსულები, წყლის ჭავლი - ორბელიანის მოედანზე კვლავ რთული ვითარებაა

ბარიკადები, გაზის კაფსულები, წყლის ჭავლი - ორბელიანის მოედანზე კვლავ რთული ვითარებაა
  • ფოტოგრაფები: ვანო გორგიშვილი და გიორგი ჟამერაშვილი

კვლავ ურთულესი მდგომარეობაა ორბელიანის მოედანზე, სადაც პრეზიდენტის სასახლესთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეების დაპირისპირების შემდეგ ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

დრო და დრო კვლავაც ხდება სპეცდანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლის და გაზის კაფსულების გამოყენება.

თავის მხრივ აქციის მონაწილეებმა ააგეს ბარიკადები, რიგ ადგილას ანთია ცეცხლიც.

"უკან დახევას არ ვაპირებთ, სამშობლო გვაქვს დასახსნელი და გადასარჩენი, დაკავებაც არ გვაშინებს, ჩვენ დაგვაკავებენ, ჩვენს ადგილს სხვები დაიკავებენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები სასახლის ჯებირი გაარღვიეს, ეზოში შეიჭრნენ, გამოჩნდა საპოლიციო ძალები: პოლიცია და შენიღბული სპეცრაზმელები. სასახლეში მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და გაზის ტყვიები გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში გამართული აქციის ფარგლებში განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.