ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია: "იარაღზე ეწერა "საქართველოს შეფიცულები"

ოკუპირებულ აფხაზეთში, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია: "იარაღზე ეწერა "საქართველოს შეფიცულები"

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი დააკავეს - ის თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

  • აფხაზეთის "უსაფრთხოების სამსახურის" ინფორმაციით, ხიზანიშვილი გალის რაიონის სოფელ შაშიკვარაში, მისსავე სახლში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. მის სახლში იპოვეს სამი შაშხანა ვაზნებით, საკვებით სავსე სამხედრო ზურგჩანთა, ქართული დოკუმენტები, ნაღდი ფული და საბანკო ბარათები.

გარდა ამისა, აფხაზი ე.წ. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეზოს ჩხრეკისას იპოვეს სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება.

აფხაზური ე.წ. სუს-ის ცნობით, ხიზანიშვილი ადასტურებს, ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირს. ასევე, მის ტელეფონში აღმოაჩინეს მიმოწერა "უკრაინის მობილური ოპერატორის აბონენტთან, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელ, ტარიელ ფიფიასთან".

მათივე ინფორმაციით, ხიზანიშვილი ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტს იღებდა და მასალას ქართულ სპეცსამსახურებს აწვდიდა. ხიზანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა "იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა“ და "ჯაშუშობის“ მუხლებით.

აფხაზური მედიის ცნობით, შალვა ხიზანიშვილის სახლში ნაპოვნ იარაღს ჰქონდა წარწერა ამოკაწრული - "საქართველოს შეფიცულები".