“თმით ათრიეს, სცემეს...“ - გრეტა ტუნბერგი ისრაელის საპატიმროში რჩება: დაკავებულები შემაშფოთებელ დეტალებს ჰყვებიან

“თმით ათრიეს, სცემეს...“ - გრეტა ტუნბერგი ისრაელის საპატიმროში რჩება: დაკავებულები შემაშფოთებელ დეტალებს ჰყვებიან

გარემოსდამცველი აქტივისტი, გრეტა ტუნბერგი შვედ ჩინოვნიკებს დაუკავშირდა და ისრაელის პატიმრობის პირობებზე ესაუბრა. გოგონას თქმით, მას შემდეგ, რაც ის ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელი ფლოტიდან ჩამოსვეს და დააპატიმრეს, ის მკაცრი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

მიმოწერის თანახმად, რომელიც გრეტასა და შვედეთის საელჩოს შორის შედგა, გრეტას, დაკავების შემდეგ, ფოტოების გადასაღებად დროშების დაჭერას აიძულებდნენ.

გრეტა ასევე ჰყვება, რომ ციხეში ის ბაღლინჯოებით სავსე საკანში მოათავსეს და ძალიან ცოტა საკვებს და წყალს აძლევდნენ. გრეტას მონაყოლს ადასტურებენ ფლოტის სხვა წევრებიც, რომლებიც ისრაელის ძალებმა დააკავეს.

"პატარა გრეტა ჩვენს თვალწინ თმით ათრიეს, სცემეს და აიძულეს ისრაელის დროშისთვის ეკოცნა. ყველაფერი წარმოუდგენელი გაუკეთეს და ამით სხვებსაც გაფრთხილება მისცეს", - განაცხადა სუმუდის ფლოტის წევრმა თურქმა აქტივისტმა ერსინ ჩელიკმა საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუსთან".

ტუნბერგი იმ 437 აქტივისტს, პარლამენტარსა და ადვოკატებს შორისაა, რომლებიც სუმუდის ფლოტის ნაწილი იყვნენ და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდათ. ხუთშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ისრაელის ძალებმა ყველა გემს გზა ჩაუხერგეს და ეკიპაჟის ყველა წევრი დააკავეს. მათი უმეტესობა ნეგევის უდაბნოში მდებარე მკაცრად კონტროლირებად ციხეში, კეციოტში ჩასვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადალაჰის" ადვოკატების თქმით, ეკიპაჟის წევრების უფლებები "სისტემატიურად ირღვევა", მათ არ აწვდიან წყალს, მედიკამენტებს, არაა დაცული სანიტარული ნორმები და არც იურიდიულ წარმომადგენლებთან დაუყოვნებლივი წვდომის საშუალება მისცეს.

ფლოტის წარმომადგენელმა იტალიელთა იურიდიულმა ჯგუფმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ დაკავებულებს საათობით ამყოფებდნენ წყლისა და საკვების გარეშე, გამონაკლისი მხოლოდ "გრეტასთვის მიცემული და კამერებისთვის ნაჩვენები ჩიფსების პაკეტი" აღმოჩნდა. მათვე აღნიშნეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებიც.

ხუთშაბათს საღამოს აშდოდში ვიზიტის დროს, ისრაელის ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ-გვირი აქტივისტების თვალწინ მათ "ტერორისტებად" მოიხსენიებდა.

ისრაელის საელჩომ ბრალდებებს "სრული სიცრუე" უწოდა და განაცხადა, რომ ყველა დაკავებულს ჰქონდა წყალსა და საკვებზე წვდომა: „ისრაელი არის და დარჩება კანონის უზენაესობის სახელმწიფოდ, რომელიც ერთგულია ყველა ინდივიდის უფლებებისა და ღირსების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა