ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყელის არეში დაჭრა.
შემთხვევა დღეს, თბილისში მოხდა. თავდამსხმელი, მახო გიგუაშვილი, შემთხვევის დროს ის ფეისბუქ live-ში იმყოფებოდა და დაპირისპირების ამსახველი კადრების დაფიქსირება შეძლო.
როგორც გიგუაშვილი თავის სხვა ვიდეოებში აცხადებს, ის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრია. სხვა ვიდეოებში ჩანს, რომ მამაკაცი საპატრულო პოლიციამ დღეს რამდენჯერმე გააჩერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ. ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: