"მოგესალმებით ჩემო ქართველებო, მეგობრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ირაკლი სიდამონოს ძე წერეთელი. ძველი პოლიტპატიმარი, საბჭოთა იმპერიის დროინდელი დისიდენტი, 1987-1991 წლების საქართველოს დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭანტურიას და ირაკლი ბათიაშვილთან ერთად" - ასე დაიწყო პოლიტიკოსმა ირაკლი წერეთელმა Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტი "სახალხო ინტერვიუ" და მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს" სრული ვერსიის ნახვას ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
დათო
- ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. როგორ ხართ და რატომ არ ჩანხართ დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში?
- არ ვჩანვარ ორი მიზეზის გამო - საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე ყოფნას, სულ ცოტა 25 წელია, დიდი ფინანსები სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ არ გამაჩნია და ჯერჯერობით არც დამფინანსებელი მყავს. მეორე ის არის, რომ, სულ ცოტა, ბოლო 15 წელია, ჩემთვის ძალიან არსებული პოლიტიკა უინტერესოა. არ მიდის ბრძოლა საქართველოს გაძლიერებისთვის, არადა, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. აქ ძირითადად არის უბინძურესი, ყველაფრის მკადრებელი მოქმედება ხელისუფლების ასაღებად. როცა საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნდება ღმერთი, ზნეობა, ერისა და მამულის სიყვარული, მე ისევ აქტიურად ვიქნები ჩართული, თუმცა თეორიულად ბევრს ვმუშაობ.
ზურა
- საერთოდ როგორ ჩაერთეთ ეროვნულ მოძრაობაში? რა იყო თქვენთვის ის ტალღა 80-იანების ბოლოს საქართველოში?
- საქართველოში ამ მოძრაობაში 80-იანი წლების ბოლოდან კი არა, 80-იანი წლების დამდეგიდან ჩავერთე. სიონში გავიცანი გიორგი ჭანტურია, ძალიან მალე დავძმაკაცდით, მერე გავხდი არალეგალური ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პარალელურად ვიცობდი ზვიად გამსახურდიას, თამარ ჩხეიძეს, ზურაბ ცინცაძეს და ყველას, ვინც მაშინ აქტიურობდა. რამე მიზეზი არ მიძებნია, - რადგან ძალიან დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს, რომ ჩემი სამშობლო, საქართველო, მრავალ საუკუნოვანი სახელოვანი ისტორიის მქონე ერი და სამშობლო დამოუკიდებელი, თავისუფალი არ იყო. სახელმწიფო დაპყრობილი გახლდათ... ჩვენ შემოვიტანეთ ტერმინები - ოკუპირებული და ანექსირებული. გვინდოდა, რომ საქართველოს დაებრუნებინა, თავის დროზე, ბოლშევიკური იმპერიის მიერ წართმეული დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის მიზანი, იდეა და სურვილი გახდა ჩემი პოლიტიკაში აქტიურობის სტიმული. 1983 წელს დამაპატიმრეს და 4 წლის განმავლობაში პოლიტპატიმარი ვიყავი. შემდეგ რომ გამოვედი, დაიწყო ფართომასშტაბიანი ლეგალური ბრძოლა თავისუფლებისათვის და უკვე იქიდან მოვდივარ.

კოტე
- მოგვიყევით თქვენი და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობაზე... შეაფასეთ ის როგორც დისიდენტი და შემდგომ საქართველოს პრეზიდენტი...
- ზვიად გამსახურდიას ვაფასებ, როგორც დიდ დისიდენტს და როგორც ყველაზე დიდ პოლიტიკოსს მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ დარჩენილ საქართველოში. როცა ერი არის დაპყრობილი, ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა, როდის ხარ ღირსეული?! როცა ერი დაპყრობილია, ღირსეულია მხოლოდ ის ადამიანი, ვინც იბრძვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად იყო დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ანუ ქართველი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესის მთავარი ლიდერი. ის დიდი პოლიტიკოსია! ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მისი პრეზიდენტობის დროს ქართველმა ერმა საყოველთაო რეფერენდუმში გამარჯვებით მოიგო სწორუპოვარი ბრძოლა. ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოს ისტორიაში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმთა შორის ყველაზე დიდი გამარჯვება ქართველმა ერმა მოიპოვა. პროცენტულად იმ რაოდენობის ხმა თავისუფლების დაბრუნებისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის არ მიუციათ, რაც 31 მარტს, ჩვენი ზვიადის დაბადების დღეს მისცეს.
ამაზე დიდი ბედნიერება თავისუფლებისმოყვარე, ღირსეული ერისათვის, რასაც დამოუკიდებლობის აღდგენა ჰქვია, არ არსებობს. ზვიად გამსახურდიას უდროო და ყველასთვის მოულოდნელი გარდაცვალებიდან 34 წლის შემდეგ ვერც ერთმა მმართველმა ხელისუფლებამ, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ვერ დადო იმ მასშტაბის შედეგი, რაც ზვიად გამსახურდიამ დადო. დაუბრუნა ქვეყანას რუსეთის იმპერიის მიერ ყოვლად უსამართლოდ და უნამუსოდ წართმეული დამოუკიდებლობა. ეს გააკეთა, როდესაც მას დიდი ძალა მოაკლდა სათაყვანებელი და სასიქადულო ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალების შემდეგ. როგორც ჩანს, მერაბ კოსტავა ზეციური საქართველოდან მხარში ედგა თავის მიწაზე დარჩენილ ძმას.
თიკა
- როგორი იყო ოჯახი, რომელშიც დაიბადეთ და გაიზარდეთ... ფილოლოგობა რატომ გადაწყვიტეთ?
- მამა ფილოლოგი მყავდა. ფიზიკა, მათემატიკა და ტექნიკური საგნები არ მიყვარდა, თუმცა ძალიან ვნაღვლობ, რომ ფიზიკა არ შევისწავლე. რადგან ბოლო ხანებში გამიჩნდა საქართველოს სამხედრო შეიარაღების გაძლიერების შესახებ ინტერესი. ლიტერატურით, პოეზიით, ფილოლოგობით, სამხედრო შეიარაღება ვერ შეიქმნება. ამას ზუსტი მეცნიერებების ძალიან სერიოზული ცოდნა სჭირდება...
მამაჩემი იყო ფილოლოგი, ჟურნალისტი, ლიტერატურის მოტრფიალე კაცი, კარგი სტილისტი, პუბლიცისტი. დედა გახლდათ გეოფიზიკოსი, ფიზიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პირველი დოქტორი ქალი სეისმოლოგიაში საბჭოთა კავშირის მასშტაბით და პირველი დოქტორი სეისმოლოგი როგორც ქალებსა და კაცებს შორის საქართველოსა და ამიერკავკასიის მასშტაბით. დედასაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა. ნიჭიერი მშობლები მყავდა. როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ყველაფერს ვყლაპავდი, მაგრამ შემდეგ როცა წამოვიზარდე, იმის შიშით, რომ კომუნისტებს არ დავეჭირე, ჩემთან პოლიტიკაზე ლაპარაკი შეწყვიტეს. სამწუხაროდ , არცერთი აღარ არის ცოცხალი. მიხარია, რომ ვარ მათი შვილი და მეამაყება ჩემი მშობლები როგორც მამა, ისე დედა.
ელზა
-1989 წლის 9 აპრილის ღამეს როგორ გადარჩით?
- ლოგიკურად გადავრჩი იმიტომ, რომ იმ ღამის მონაწილეთა 99% ყველა გადარჩა და ვიღაცებს ეს ძალიან აღიზიანებთ. რატომ უნდა მოვხვედრილიყავი მაინცდამაინც იმ 25-ს შორის, არ მესმის. თან მე საკმაოდ დიდი დაცვა მყავდა. ჩემი ახლად შექმნილი პარტიიდან 32 კაცი თავისი ინიციატივით მიცავდა, რომ ოკუპანტებს ხელში არ ჩავვარდნოდი. დაცვა რომ ჰყოლოდა ირაკლი ბათიაშვილს, ისიც გადარჩებოდა. ირაკლი ბათიაშვილი, პრაქტიკულად იმ ღამეს მტრებმა მოკლეს, უბრალოდ ღმერთმა გადაარჩინა. ვიღაც კარგ კაცს, ჩემთვის უცნობ კრიხელს რომ არ ამოეცნო, გონება დაკარგული მიცვალებულთა შორის, შეიძლება ვერც გადარჩენილიყო, მაგრამ გადავრჩით. მე, რა თქმა უნდა, უკან დავიხიე, როცა ჩვენკენ ორპირნალესი ნიჩბებით, კეტებით, ქვებით, აგურებით, წყლით სავსე ბოთლების სროლით წამოვიდნენ. გმირ ქართველებთან ერთად, უკან ვიხევდით და ეტყობა, ღმერთმა გადამარჩინა.

დოი
- გთხოვთ, დაასახლოთ გულწრფელად ის შეცდომები, რაც ეროვნულმა მოძრაობამ და მისმა ლიდერებმა დაუშვეს, ასევე ხელისუფლებამ.
- ეროვნულ მოძრაობას არანაირი შეცდომა არ დაუშვია. ერთადერთი - ჩემს თავს დღემდე ვერ ვპატიობ, ვერც ვერასდროს ვაპატიებ, ჩემი ცხოვრების იმ ხანმოკლე პერიოდს, როცა მე და ზვიად გამსახურდია ერთად არ ვიყავით. ამას ორივე მხრიდან ჰქონდა მიზეზი, მაგრამ მე ქრისტიანული დიდსულოვნებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, სამწუხაროდ ბატონი ზვიადი აღარ არის, მას მივაგებ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას. 1989 დიდი ეროვნული შერკინებიდან ამ ჭკუით რომ დამაწყებინა ცხოვრება, ზვიადსა და ჩემ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ იქნებოდა. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ზვიად გამსახურდიას, ჩემთვის სრულიად მოულოდნელ სიკვდილამდე, ჩავედი ზუგდიდში და საქვეყნოდ, საჯაროდ მოხდა ჩემი და ბატონი ზვიადის შერიგება.
ეს ჩვენს უსაყვარლეს სამეგრელოს მთავარ ქალაქ ზუგდიდში ათასობით ოდიშართა თვალწინ მოხდა. იმის შემდეგ ერთი გადაბრუნებული სიტყვა აღარ მითქვამს მისთვის და ეს ძალიან მიხარია. მაშინდელ ხელისუფლებას ერთადერთ შეცდომად ვუთვლი, რომ ზვიად გამსახურდიამ არ გააკეთა ის, რასაც გააკეთებდა ის დიდი გმირი, ვისი სახელიც ერქვა ზვიადს. ზვიად სპასალარმა კისერი მოუგრიხა მეფე გიორგის წინ ამხედრებულ ურჩთ და დიდგვაროვნებს. ზვიადი ზედმეტად კეთილშობილი არ უნდა ყოფილიყო და გადატრიალების მონაწილეები უნდა აღეკვეთა. იმიტომ, რომ, როდესაც ერს აქვს შესაძლებლობა, დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება, როცა ქვეყანაში არსებობს არჩევნებში მონაწილეობის და არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში და როცა ერის უმრავლესობა მხარს გიჭერს, ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა, დანაშაულია.
თუმცა შემდეგ გამოვლინდა, რომ გადატრიალების მოთავენი, კარგად იყვნენ შეხმატკბილებული რუსეთთან, სამწუხაროდ, ბატონი თენგიზ სიგუა, როგორც ეს მითხრა, აწგანსვენებულმა ელდარ შენგელაიამ, თურმე „ზაკვოს“ შტაბში ათენებდა მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ძმათამკვლელი ომი მიდიოდა. ის, რაც თბილისში მოხდა, მარტო გადატრიალება და მარტო ძმათამკველი ომი არ იყო. მერე გაირკვა, რომ აქ მონაწილეობდა რუსული სამხედრო ძალებს დაქვემდებარებული ე.წ. მფრინავი ღამურები. მტკიცდება რუსეთის აშკარა ჩარევა და მონაწილეობა ზვიადის ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ბოლოს და ბოლოს ირაკლი ბათიაშვილს ქართული თანამედროვე უშიშროების ერთ-ერთ ფუძემდებელს, აქვს შესანიშნავი წერილი - „მანკიერი წრე,“ რომელიც ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს. ირაკლი ბათიაშვილი პირდაპირ ასახელებს იმ იმპერიულ სტრუქტურებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლების, უზენაესი საბჭოს დამხობის მომზადების პროცესში.

ბადრი
- ნატოში საბოლოოდ შევა საქართველო?
- მინდა შევიდეს, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ ნატოზე, მათ ქართველი ერის წინაშე, პირდაპირი მნიშვნელობით, დანაშაულებრივად გადაისვარეს თავზე. რატომ არ მიგვიღეს აქამდე?! მაგათ რომ, თავის დროზე, საქართველო მიეღოთ, 2008 წელს რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ვეღარ გაბედავდა... ყოველთვის ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი სტრატეგიული მეგობარი და მოკავშირე სახელმწიფო გახდეს. ამერიკასა და საქართველოს შორის იყოს ახლო ურთიერთობა, ისეთი, როგორიც ისრაელსა და ამერიკას შორისაა. ისრაელის მაგალითზე ხომ ვხედავთ, რომ ძალიან მომგებიანია ამერიკასთან სტრატეგიული მეგობრობა და მოკავშირეობა. ხომ ვხედავთ, ისრაელმა როგორი გამანადგურებელი დამარცხება აგემა თავისზე 30-ჯერ დიდ ირანს, რომელიც საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა. მოდი, მარტივი შეკითხვა დავსვათ - ამერიკასთან მეგობრობისა და მოკავშირეობის გარეშე გაბედავდა ირანის წინააღმდეგ ომს?! არსებობს ასეთი იდიოტური გამოთქმა - "მთავარი სიმართლეა", მთავარი სიმართლე კი არაა, მთავარი ძალაა, რაც აჩვენა რუსეთ-უკრაინის ომმა. იმას ვერ წარმოვიდგენდი, ბლოკში, სადაც უკვე 32 სახელმწიფოა გაერთიანებული, რუსეთს ომში ვერ დაამარცხებდა. არადა, ფაქტია - ნატო რომ ძალიან ძლიერი გვეგონა, საკმაოდ მშიშარა ბლოკი აღმოჩნდა, - უკრაინელ ქრისტიან ერს ახოცინებენ.
უკრაინას ფაქტობრივად, ფიზიკური განადგურებისთვის სწირავენ. ეს ომი ტრამპმა რუსეთს ჩქარა თუ არ დაამთავრებინა, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ. რაც დრო გადის და რაც უფრ ხანგრძლივდება რუსეთის დაუმარცხებლობა, ამით უფრო და უფრო ხდება ამერიკისა და ნატოს დისკრედიტაცია. მსოფლიო ხედავს, რომ არც ნატო ყოფილა მთავარი ძალა, რომლის იმედი უნდა გქონდეს. ფაქტია, ნატომ უკრაინას ჯერჯერობით ვერაფერი უშველა, გარდა უკრაინის ნგრევისა.

უცნობი
- რა იყო აფხაზეთის დაკარგვის მიზეზი და თქვენი აზრით, რატომ არ იკვლევს არც ერთი მთავრობა აფხაზეთის ომის წაგების მიზეზებს? რატომ არასდროს მოსთხოვეს რუსეთს პასუხი ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე?
-აფხაზეთი დაკარგული არ არის, ის აუციელბლად დაბრუნდება... შევარდნაძის მოღალატური და იდიოტური გადაწყვეტილება, - აფხაზეთში ქართული შეიარაღებული ფორმირების შეყვანისა და აფხაზეთის მიმართულებით ომის დაწყების, იყო თავი ამ ტრაგედიისა. შევარდნაძის მოღალატურ ხელისუფლებას ამ ომში გამარჯვება არ უნდოდა. როგორც ამას აღნიშნავს თავის წიგნში „სამშობლოს ამარა“ ქართული შეიარაღებული ძალების იმდროინდელი ლიდერი, ყველაზე უფრო სახელოვანი, ახალგაზრდა ქართველი მხედართმთავარი გიორგი ყარყარაშვილი. ის ძალიან ბევრ საინტერესო კითხვას სცემს პასუხს, როგორც ამ ომების უშუალო მონაწილე. არ უნდიდა შევარდნაძეს აფხაზეთში საქართველოს გამარჯვება. ზვიად გამსახურდია რომ ყოფილიყო საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, ის რომ არ ყოფილიყო საქართველოდან განდევნილი, აფხაზეთში ომი არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებოდა. ვერც გაბედავდნენ!
ნუ ვიმარჩიელებთ, შედეგებით ვილაპარაკოთ: ვიდრე ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია იყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიდრე მის ხელში იყო ძალაუფლება, საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთში ფოთოლიც კი არ შერხეულა. ზვიად გამსახურდიამ იქ სრლფასოვნად და შეუფერხებლად მოახერხა როგორც რეფერენდუმის ჩატარება, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების. ზვიადის პრეზიდენტობისა და მმართველობის ჟამს საქართველოს სახელმწიფო იურისდიქცია აფხაზეთში ვრცელდებოდა. მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია განდევნილ იქნა საქართველოს ცენტრალური მმართველი ხელისუფლებიდან, დაიწყო ეს ავადსახსენებელი ომი და დამარცხდა სასტიკი დამარცხებით. ვინაიდან აფხაზეთის მარცხი მოხდა არა ზვიად გამსახურდიას, არამედ შევარდნაძის დროს, მე აფხაზეთის ომის და ამ მხრივ საქართველოს უბედურებათა უბედურების მთავარ და ერთადერთ, უპირველეს მიზეზად ვასახელებ ედუარდ შევარდნაძეს. პირიქით რომ ყოფილიყო, მაშინ იძულებული გავხდებოდი, ზვიადი დამედანაშაულებინა. ისტორილად შემდგარი უტყუარი ფაქტები მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ აფხაზეთის ტრაგედიის მთავრი, ერთადერი და უპირველესი მიზეზი არის შევარდნაძე და მისი ხელისუფლება. თუმცა პატივს მივაგებ, გიორგი ყარყარაშვილიდან დაწყევული, ყველა ქართველ მეომარს, ვინც აფხაზეთში იარაღით იბრძოდა.