"სუს-ს რამდენიმე ვერსია ექნება, ერთ-ერთი ის, რომ მე დამაბრალებენ" - ამგვარად პასუხობს უკრაინაში, საქართველოს სახელით მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში 4 ოქტომბერს დაგეგმილი ძალადობრივი ქმედებების პარალელურად, არსებობდა დივერსიული აქტების მომზადების საფრთხე.
"სპეციალურ სამალავში, თბილისის მახლობლად მდებარე ტყის მასივში, აღმოჩენილია იარაღი, ასაფეთქებელი საშუალებები და დეტონატორები. იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ. ჭ.-ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი. ის უკვე გამოკითხვაზეა უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ისვე ინფორმაციით, ჩატარდა ბ. ჭ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულია მობილური ტელეფონი ვიდეოჩანაწერებით, რომლებშიც იგი ასახავს შეძენილ იარაღსა და საბრძოლო მასალას" - ამბობენ სუს-ში/
ვინ შეიძლება იყო პირი, ინიციალებით - ბ. ჭ, რას ფიქრობენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები 4 ოქტომბერს განხორციელებულ პროცესებთან და ზოგადად საქართველოში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, ამის შესახებ მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:
- ბ. ჭ. - ასეთი ინიციალების მქონე ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამ უწყებას სჩვევია მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის დაცვა. ეს მხოლოდ ამ ხელისუფლების მოქმედ სუს-ს არ ეხება; იგივე ხდებოდა წინა ხელისუფლებების დროსაც. სამწუხაროდ, უსაფრთხოების სტრუქტურები საქართველოში ხშირად ემსახურებიან არა ხალხისა და ქვეყნის, არამედ მმართველი ძალის ინტერესებს. რაც შეეხება სუს-ის მიერ ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას, გულდასმით ვერ წავიკითხე და ბოლომდე ვერ გავიგე, ვინ, სად, რა აღმოაჩინა. თუმცა, თუ მართლა აღმოჩენილია დიდძალი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო საზღვარი სათანადოდ ვერ კონტროლდება. ასეთმა რაოდენობამ როგორ უნდა შეაღწიოს საქართველოში შეუმჩნევლად, თუ კონტროლი მართლაც ეფექტიანია? ჩემთვის ეს კიდევ ერთი უნიჭოდ დადგმული სცენარია, მორიგი პროვოკაცია, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს საზოგადოების დაშინება ან პოლიტიკური დღის წესრიგის გადაფარვა. რას ემსახურება ეს ყველაფერი კონკრეტულად, ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, ამას გაგრძელება ექნება და საბოლოოდ ყველანი ერთად ვნახავთ, რა მიზანი იმალებოდა ამ სპექტაკლის მიღმა.

- სუს-ის განცხადებაში ამჯერად ნახსენებია უკრაინაში მყოფი ქართული დანაყოფის ქართველი წარმომადგენელი. თუმცა, უსაფრთხოების სამსახურს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია განცხადება სახელმწიფო გადატრიალების თემაზე, სადაც სხვა პირებთან ერთად თქვენი სახელიც ფიგურირებდა. თქვენთვის ამ ბრალდებებთან დაკავშირებით თუ დაუსვამთ შეკითხვები?
- არც წინა წლებში გახმაურებულ ბრალდებებზე მოუმართავთ ჩემთან შეკითხვებით და არც ახლა მგონია, რამე მკითხონ, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან სიმართლე. ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობას მაბრალებდნენ, მაშინ როცა რეალურად ივანიშვილმა თავად შეიძლება შეუკვეთოს მამულაშვილის მკვლელობა, მისთვის ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. ასე რომ, სუს-ს აშკარად მისამართი შეეშალა. მათ ჩემი სახელი და გვარი იმ ადამიანების გვერდით ახსენეს, რომელთაგან არც ერთთან არ მაქვს რაიმე სახის ურთიერთობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მგონია ჩემთან რაიმე პრეტენზია ჰქონდეთ, ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობ. თუმცა, კაცმა არ იცის, რა მოუვათ თავში და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, რა ფანტაზიას გამოავლენენ ამჯერად.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესზე რას ფიქრობთ, რა მოლოდინი გქონდათ ამ დღესთან დაკავშირებით და რა მოხდა სინამდვილეში?
- მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოს არ ჰყავს, და დიდი ხანია აღარც ჰყოლია ნამდვილი ლიდერი. სწორედ ამ მიზეზით ჯოხი ყოველთვის უბრალო ადამიანებზე ტყდება. პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას იშორებენ და ფაქტობრივად სწირავენ მოქალაქეებს, რომლებსაც შემდეგ უსაფრთხოების სამსახური აკავებს და უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება მათ ოჯახებს. პირდაპირ ვიტყვი, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ოპოზიციურ ელიტასაც. რადგან ისინი ციხეებში არიან, ეს არ ნიშნავს, რომ ლიდერებად იქცევიან. პირიქით, ეს მათი უპასუხისმგებლობის შედეგია. მე ასეთებს პოლიტიკურ ლიდერებად ვერ აღვიქვავ. სამწუხაროდ, სწორედ უბრალო ქართველები, რიგითი მოქალაქეები იჭყლიტებიან პოლიტიკურ ბრძოლებს შორის და ყოველთვის ისინი იხდიან ყველაზე მაღალ ფასს. ის, რაც ახლა ხდება, პოლიტიკურ ბრძოლას აღარ ჰგავს. ეს უბრალოდ ქაოსურ პროცესად გადაიქცა, ეს არის ბრძოლა ლიდერის გარეშე, მიზნის გარეშე და პასუხისმგებლობის გარეშე. პროვოკაციებს ადგილი აქვს ორივე მხრიდან.

უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მითების გამოგონებას იმის შესახებ თუ როგორ შემოიტანეს დიდძალი იარაღი, როგორ გეგმავდნენ დივერსიულ აქტებს და როგორ აპირებდნენ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმას. ამგვარი სცენარებით ცდილობენ ყურადღების გადატანას და შიშის დათესვას. დღეს საქართველოში პოლიტიკურ განუკითხაობას ვხედავთ. თუ ამ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს უკვე დიქტატურის გზაა, ტოტალიტარული რეჟიმის ფორმირება, სადაც ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. ჩვენ, სამწუხაროდ, დემოკრატიული განვითარების ზღვარი გადავკვეთეთ, და ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს — როგორ, როდის და ვის წინააღმდეგ მოიგონოს მორიგი "საფრთხე".
- თქვენთვის ის ფარული ჩანაწერები რამდენად სარწმუნოა, სადაც, ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე საუბრობენ შესაძლო გადატრიალების გეგმებზე. ჩანაწერში ისმის ფრაზებიც იმის შესახებ, თითქოს რუსეთიდანაც მოდიოდა მხარდაჭერა.
- ვერაფერს ვიტყვი, გვერდიდან მაყურებლისთვის ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებულს ჰგავს. ბატონი, პაატა ბურჭულაძე მომღერალია და მას არ აქვს ის გამოცდილება, რაც ასეთ სერიოზულ თემებზე საუბარს მოითხოვს და შეიძლება რაღაც წამოსცდენოდა კიდეც, მაგრამ ბაჩანა ახალაია სულ სხვა ტიპის ფიგურაა, ის მუშაობდა ისეთ თანამდებობებზე, რომ კარგად ეცოდინებოდა, როგორ არ უნდა ეწარმოებინა მსგავსი საუბრები ტელეფონით, მით უმეტეს, თუ საქმე შეეხებოდა რაიმე შესაძლო კავშირებს რუსეთის ხელისუფლებასთან. ესეც მორიგ სპექტაკლს ჰგავს, ვიდრე რეალურ ფაქტზე დაფუძნებულ საუბარს.
- თქვენ ერთხელ უკვე თქვით, ჩემთან ინტერვიუში, რომ საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის იდეას არ იზიარებდით. ამჯერად თუ შეიცვალა თქვენი განწყობა?
- მე ყოველთვის მყარი პოზიცია მქონდა და ახლაც მაქვს - საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად მოხდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი რევოლუციის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ასეთი ცვლილება გარდაუვალია უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემდეგ. ჩვენ არ გვჭირდება ახალი რევოლუციები და რადიკალური ნაბიჯები, რადგან ცვლილება შესაძლებელია დემოკრატიულად, მშვიდად და ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშეც. საქართველო უკვე ერთხელ გაიარა ეს გზა — 90-იანების ტრაგიკული პერიოდი და სამოქალაქო დაპირისპირება ყველას გვახსოვს.
სამწუხაროდ, მეც ვიყავი აფხაზეთის ომის მონაწილე და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს სისხლისღვრა, დანაწევრებული ქვეყანა და გაუბედურებული ხალხი. ამიტომ დღეს ყველაზე მეტად იმას ვუსურვებ საქართველოს, რომ აღარასდროს განმეორდეს მსგავსი რამ. ჩვენ არც რესურსი გვაქვს და არც უფლება, კიდევ ერთხელ დავკარგოთ ადამიანები ერთმანეთთან დაპირისპირებაში. ცვლილებები უნდა მოხდეს გონივრულად, არა ძალადობით. მხოლოდ ასე შევძლებთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელებას.
წაიკითხეთ ასევე: