ავტორი:

"თუ ფიქრობენ, რომ იყო ღალატი, ეს ყველაფერი საზოგადოებამდე სათანადოდ უნდა მიეტანათ... "ქართული ოცნების" მთავარი სიძლიერე ოპოზიციური სპექტრის დაქსაქსულობაშია" - რა აჩვენა 4 ოქტომბერმა?

"თუ ფიქრობენ,  რომ იყო ღალატი, ეს ყველაფერი საზოგადოებამდე სათანადოდ უნდა მიეტანათ... "ქართული ოცნების" მთავარი სიძლიერე ოპოზიციური სპექტრის დაქსაქსულობაშია" - რა აჩვენა 4 ოქტომბერმა?

"4-მა ოქტომბერმა გვაჩვენა, რომ პროტესტის სულისკვეთება ცოცხალია და არსად წასულა. ამ დღით არაფერი სრულდება - მხოლოდ გრძელდება. მანვე გვაჩვენა გაკვეთილი, რამდენად მნიშვნელოვანია პროტესტისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და მეთოდური მუშაობა. აქედან ტრაგიკულია ის, რომ ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი პოლიტპატიმარი, სხვა მხრივ, სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა - როგორც იყო, ისევე გრძელდება. ხელისუფლებას ძალიან უნდოდა ამ პროტესტის დისკრედიტაცია, თუმცა არ გამოუვიდა, რაც პატარა, მაგრამ ნამდვილად გამარჯვებაა" - გვეუბნება ინტერვიუში ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

- რას ელოდით და რა გაკვეთილი მივიღეთ აქედან?

- 4 ოქტომბრის შეფასება სხვადასხვა თვალსაზრისით შეიძლება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია არა შეფასება, არამედ სწორი გაკვეთილების გამოტანა და თუ ჩვენ შევხედავთ ამ გაკვეთილებს, უპირველესი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ პოლიტიკოსებმა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ საკუთარ ელექტორატთან და ქართული საზოგადოების წინაშე. არასდროს უნდა შეიქმნას არაფერზე დაფუძნებული ფუჭი მოლოდინები და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს აქვთ ეჭვი საკუთარ გეგმაში, არ არიან დარწმუნებულები, ან ფიქრობენ, რომ როგორც თავად ამბობენ, იყოს ღალატი, ეს ყველაფერი საზოგადოებამდე უნდა იყოს მიტანილი სათანადოდ, ყოველგვარი ტყუილის, გადაჭარბებისა და არასწორი მოლოდინების გარეშე. მანდ მთავარი გაკვეთილი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური კლასის საჭიროებაა, რომელიც იქნება თავისუფალი ყოველგვარი არაფერზე დაფუძნებული ფუჭი მოლოდინებისგან.

მეორე გაკვეთილი, რაც ჩვენ აქედან გამოვიტანეთ, არის ის, რომ პროტესტი ცოცხალია, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ დროის განმავლობაში ქართული საზოგადოება ვერ გატეხა, ის აგრძელებს საკუთარ მშვიდობიან პროტესტს და მიუხედავად დაშინებისა, დრაკონული კანონებისა, ჯარიმებისა, საზოგადოება მაინც აგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. მუხტი ისევე, როგორც საპროტესტო ელექტორატი არსად წასულა, ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, არ შეეგუვნენ იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოვჩნდით და საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება.

მესამე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ, ალბათ არის უფრო გრძელვადიანი - ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ საქართველოში აუცილებელია ოპოზიციური პოლიტიკური კლასის სრული გადაფორმატირება, სიტუაციის სწორი დანახვა, სწორი შეფასება და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება ჩვენი თანამოქალაქეების მოლოდინებისადმი, ინტერესებისადმი, უფრო მეტი პასუხისმგებლიანი პოლიტიკის აუცილებლობა, რომელსაც ძალიან ნათლად ვხედავთ. საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში რთულია ასეთი პროცესის წამოწყება, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ავტორიტარიზმზე გამარჯვების სურვილი, ეს გამარჯვება იწყება ჭეშმარიტი დემოკრატიული მოძრაობის მშენებლობით. ეს თუ მოხერხდა, ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

- მესამე ამოცანა ცოტა რთულად მისაღწევია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს ოპოზიცია დაქსაქსულია და ერთიანობის ნაცვლად ერთმანეთს ამუნათებს. არჩევნებში ერთიანი მონაწილეობის გეგმაც ჩავარდა ისევე, როგორც ბოიკოტის მიღწევა. ასე გახლეჩასა და საპირისპირო მიმართულებით წასვლაზე გაცილებით ეფექტური რომელი სტრატეგია მიგაჩნიათ?

- როდესაც ვსაუბრობთ დაქსაქსულობაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ქართული ოცნების" მთავარი სიძლიერე მდგომარეობს ოპოზიციური სპექტრის დაქსაქსულობაში და იმაში, რომ მათ არ გააჩნიათ საერთო, ერთიანი სტრატეგია. ამაში არ იგულისხმება ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დათმონ საკუთარი იდენტობები, ნომრები და ა.შ. აქ იგულისხმება ის, რომ აუცილებელია ოპოზიციური სპექტრი იყოს ერთიანი საკუთარი სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად. მანამ, სანამ ოპოზიცია იქნება დაქსაქსული, სანამ ოპოზიციური ფლანგები ერთმანეთს დაადანაშაულებენ სხვადასხვა საკითხებში, მანამ "ქართული ოცნება" იქნება ძლიერი და მოახერხებს საკუთარი ავტორიტარიზმის შენარჩუნებას. ამიტომ ახლა ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს დააბრალონ წარუმატებლობა. ჩვენ ვნახეთ ორი სტრატეგია - არჩევნებში არმონაწილეობა და მონაწილეობა. პრინციპში, ორივე ამ სტრატეგიის არც ისე სახარბიელო შედეგები არის იმით გამოწვეული, რომ ეს არ იყო საერთო გადაწყვეტილება. ოპოზიციურ ფლანგს რომ აერჩია ერთი სტრატეგია - მონაწილეობა, ან არმონაწილეობა და ერთობლივად ემუშავათ ერთიან იდეაზე, შესაძლებელია შედეგი ყოფილიყო იმაზე გაცილებით უკეთესი, ვიდრე ახლა გვაქვს.

- ამბობთ, მუხტი არსად წასულა და ხალხი ისევ გაბრაზებული და ცვლილებების მოსურნეა. როგორ უნდა გაგრძელდეს ახლა პროცესები, წინააღმდეგობის ბრძოლის ფორმები უნდა შეიცვალოს, თუ არ ხედავთ ამის საჭიროებას? არიან ისეთები, ვინც ახალი ეროვნული მოძრაობის დაბადების ნიშნებს ხედავს...

- ქართულმა საზოგადოებამ ნამდვილად აჩვენა მნიშვნელოვანი მედეგობა და ახლა უკვე ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა აჩვენონ ისეთივე მედეგობა და უნარები, როგორიც აქვს ქართველ ხალხს და ამისთვის აუცილებელია: 1. საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება (ახლა მაინც). 2. შეიძლება ჩვენ დავინახოთ, რომ პროტესტი გავიდეს მხოლოდ პარტიული პოლიტიკიდან და ჩამოყალიბდეს უკვე საერთო ეროვნული საპროტესტო მოძრაობა. შეიძლება ვთქვათ, რომ მთავრობამაც საკუთარ მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, მათ ერთი მხრივ ვერ გატეხეს საპროტესტო მოძრაობა, მეორეს მხრივ, ვერ მოახერხეს ყველა პოლიტიკური მოთამაშის დისკრედიტაცია. გარდა ამისა, 4 ოქტომბერს ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული საზოგადოება არ შეეგუა იმ მდგომარეობას, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს პროტესტის მოგუდვას, უფრო მეტად აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას, რის გამოც ქალბატონი ტალიაშვილი დაბარებული იყო სახელმწიფო დეპარტამენტში, ამიტომ აქ არაფერია სიახლე, ისინი კვლავ გააგრძელებენ იმავეს და ქართული საზოგადოება კვლავ გააგრძელებს წინააღმდეგობას, აშკარაა, პროტესტის სულისკვეთება ცოცხალია და არსად წასულა.

- საზოგადოებაში გაჩნდა ახალი პოლიტიკური ლიდერების დაბადების მოთხოვნა, რაც ასე დაკვეთით და ხელოვნურად არ ხდება. ისიც ფაქტია, არსებული ოპოზიციური სპექტრის მიმართ საზოგადოებაში ნდობა რომ კლებულობს...

- უკანასკნელი 30 წელი საქართველოში ყოველთვის არსებობდა იმედები მესიის, რომ შეიქმნებოდა რაღაც მესამე ძალა, სუფთა ხელები და ა.შ. თუმცა რეალობაში ამჟამად ჩვენ გვჭირდება: 1. არსებული პოლიტიკური კლასის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გააზრება, კონსოლიდაცია და ამავდროულად, მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანის, რომელიც მზად არის ამ ბრძოლაში ჩაერთოს. ამის პოტენციალი ისევ და ისევ აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც სცადა პოლიტიკური კლასის კონსოლიდაცია წარსულში, თუმცა არ გამოუვიდა. მას კვლავ გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომ მის ირგვლივ მოხდეს ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია. გამოიყენებს თუ არა ამ შანსს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. მეც ძალიან გამიხარდება, თუ არსაიდან გამოჩნდება ახალი სუფთა ძალა, თუმცა ამჟამად ჩვენ იძულებულები ვართ გავაანალიზოთ ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს რეალობაში და არა - სურვილებში. ნებისმიერ პოლიტიკურ პროტესტს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, ან ლიდერები.

ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ ლიდერის ფუნქციას, უპირველეს ყოვლისა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უკვე შეიძლება გადაიზარდოს მათ შორის კოლექტიურ პასუხისმგებლობაში და ჭეშმარიტად დემოკრატიული მოძრაობის შექმნაში, სადაც არსებობს არა ერთი, არამედ მრავალი ლიდერი. ამ პროტესტმა ჩვენ ნამდვილად დაგვანახა, რომ "ქართულ ოცნებას" უჭირს ისეთი პროტესტის გაგუდვა, რომელსაც არ ჰყავს ლიდერი, ისინი იჭერენ პოლიტიკურ ლიდერებს, ადამიანებს, მაგრამ პროტესტი მაინც გრძელდება. ასე რომ, ლიდერის ყოლა-არყოლა ორივე შემთხვევაში დადებითია, თუმცა აუცილებელია პასუხისმგებლობა, მისი გააზრება და შემდგომ უკვე საერთო საპროტესტო დემოკრატიული მოძრაობის ჩამოყალიბება.

აქედან ტრაგიკულია ის, რომ ჩვენ მივიღეთ უფრო მეტი პოლიტპატიმარი, სხვა მხრივ, სიტუაცია ფაქტობრივად, არ შეცვლილა, როგორც იყო, ისევე გრძელდება. ხელისუფლებას ძალიან უნდოდა ამ პროტესტის დისკრედიტაცია, თუმცა არ გამოუვიდა, რაც ნამდვილად ამ პროტესტის პატარა, მაგრამ მაინც გამარჯვებაა.