ავტორი:

"ლუკას მეხუთე ცოლმა დამირეკა და მითხრა: "გადით ბორჯომის ტერიტორიიდან, თორემ მანდედანაც გაგყრით" - კურტანიძის ყოფილი ცოლი სასამართლო დავის მოლოდინში: რას ჰყვება ქეთი ყველაშვილი

"ლუკას მეხუთე ცოლმა დამირეკა და მითხრა: "გადით ბორჯომის ტერიტორიიდან, თორემ მანდედანაც გაგყრით" - კურტანიძის ყოფილი ცოლი სასამართლო დავის მოლოდინში: რას ჰყვება ქეთი ყველაშვილი

ცნობილი სპორტსმენის, ლუკა კურტანიძის დაკავების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება მის პირად ცხოვრებასა და ყოფილ ცოლებთან ურთიერთობებზე გადავიდა. აგვისტოში, ლუკა კურტანიძის მეორე მეუღლემ, ქეთი ყველაშვილმა, ჩვენთან ინტერვიუში პირველად ისაუბრა მათი მძიმე თანაცხოვრების დეტალებზე: ფიზიკურ ძალადობაზე, მუდმივ დევნასა და ქონებრივი პრობლემების გამო შვილების სოციალურად დაუცველთა ბაზაში ყოფნაზე.

მაშინ ქეთი ყველაშვილი აღნიშნავდა, რომ ლუკას მესამე მეუღლემ, ხათუნა მიქაცაძემ, საკუთარი წილიდან ბორჯომში მდებარე სახლის გარკვეული ნაწილი მის შვილებს აჩუქა. დღეს, როდესაც ლუკა კურტანიძე გისოსებს მიღმაა, ქეთი ყველაშვილი კვლავ აღმოჩნდა სამართლებრივი ბრძოლის ეპიცენტრში. ის ამჯერად, როგორც თავად ამბობს, ლუკას „მეხუთე ცოლის“ მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბრობს, რომელიც სწორედ ამ საჩუქრად მიღებულ ქონებას ედავება.

ლუკა კურტანიძის მეორე მეუღლე, ქეთი ყველაშვილი, ექსკლუზიურად გვესაუბრება მის მიმართ სასამართლოში შეტანილ საჩივარზე, შვილების ემოციურ მდგომარეობაზე და იმ იმედგაცრუებაზე, რომელიც მამის მხრიდან შვილების საჯარო უარყოფამ გამოიწვია.

- ქეთი, აგვისტოში ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, მითხარით, რომ ლუკას მესამე ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ, თავისი წილიდან ბორჯომში მიწის ნაკვეთი აჩუქა. ახლა თქვენს წინააღმდეგ საჩივარია შეტანილი...

- დიახ, საუბარია ბორჯომში ლუკას სახლზე. ეს არის 1300 კვ.მ. შენობა-ნაგებობა, ზუსტად არ ვიცი, დანარჩენი ტერიტორია რამდენია, რადგან ჩემს შემდეგ ააშენეს ხათუნამ და ლუკამ. მოგვიანებით კიდევ იყიდა იქ ლუკამ ტერიტორია, სადაც სამი სპარსული ცხენი ჰყავს. ჩვენ ერთად რომ ვცხოვრობდით, ორი პატარა სახლი ავაშენეთ. ხათუნა ივნისის თვეში დამირეკა და მითხრა, რომ თავისი 50 პროცენტიანი წილიდან ბავშვებს ათი პროცენტს აჩუქებდა. ძალიან გამიხარდა არაფერი გააჩნიათ ბავშვებს, სოციალურად დაუცველები არიან და სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ ვართ. აქამდე არავინ შემიწუხებია, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი მამისა და შვილების ურთიერთობა იყო.

შარშან ბავშვებს სასამართლომ სარდაფი მისცა, სადაც ახლა ვცხოვრობთ. იქვე გვქონდა ავტოფარეხი, რომელზეც დაკანონებული არ გვქონდა, მაგრამ ყველა თვლიდა, რომ ჩვენი იყო. ლუკამ ბავშვის დახმარებით ჩამრთო, რომ თუ ამ ავტოფარეხს დავიკანონებდით, შემდეგ გარკვეულ თანხას მომცემდა. ვუთხარი, რომ კერძო მაღაზიაში ვალი მქონდა და ასევე ბავშვის ნათლობის ჯაჭვი და ჯვარი მქონდა ლომბარდში, რომ გაენულებინა. შეგვპირდა... შემდეგ ის გარაჟი გაყიდა, ჩვენთვის კაპიკი არ მოუცია და მერე გავიგე, რომ იმ თანხით ამჟამინდელი მეუღლე ბარსელონაში წაიყვანა და დაბადების დღე გადაუხადა. რაღაც პერიოდის შემდეგ ასევე გავიგე, რომ სამსახურში, რომელსაც მალავდა, ჰქონდა 12 ათასი ლარი შემოსავალი. ეს მის დაკავებამდე ხდება. ამიტომ შევიტანე ალიმენტზე სარჩელი. ადვოკატიც არ მყოლია, არასწორად დავწერე სარჩელი და თავიდან შესატანი გამიხდა. ამასობაში ლუკა დაიჭირეს. ჯერ არ ჩანიშნულა სასამართლო, იმედია სამართლიანად გადაწყდება. მართალია, ახლა ის ხელფასი აღარ აქვს, მაგრამ როგორც გავარკვიე, სამინისტროდან როგორც ტიტულიან სპორტსმენს თანხა ერიცხება და ასევე „ქართუ ბანკიდან“.

- ვინ გიჩივლათ ბორჯომის სახლის წილზე?

- როდესაც მე და ხათუნამ გამიჯვნაზე შევიტანეთ განცხადება, ლუკამ ნახა, რომ მე, როგორც მესაკუთრე, ვჩანდი. ამის შემდეგ იყო სტუმრად ნოესთან გადაცემაში, სადაც ჩემი შვილები უარყო. თქვა, რომ მას მხოლოდ ოთხი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და შემდეგი ცოლი იყო ხათუნა. ამის გამო ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს ბავშვებმა. რაღაც პერიოდის შემდეგ დააკავეს. ახლა ლუკას ადვოკატია სოფი მეფარიშვილის (მეხუთე ცოლი რედ.) ძმა. სოფიმ დამირეკა და მითხრა: „გადით ბორჯომის ტერიტორიიდან, თორემ მანდედანაც გაგყრით, სადაც ახლა ხართო“. პოლიციაშიც კი განვაცხადე და დაბარებული ჰყავდათ და ხელწერილიც დააწერინეს. მედავებიან, რომ ეს არის ამორალური გარიგება, რომ თითქოს მე ხათუნას გავურიგდი.

- მხოლოდ თქვენს წილზეა საუბარი თუ ხათუნასაც უჩივიან?

- იქამდე არ უჩიოდნენ, ახლა აქვთ პრეტენზია, რომ ჩვენს შორის არის ამორალური გარიგება. პირდაპირ დაურეკა ხათუნას სოფის ძმამ: "ვინ გეკითხებოდა შენ, რომ იმათ აძლევდიო ნაკვეთს?“ ჯერ განსაზღვრული არ არის, სახლია თუ ნაკვეთია, რადგან არ მისცეს საშუალება ამზომველი შესულიყო.

- წლებია, თქვენსა და ბავშვების მიმართ ისმის "სოციალურად დაუცველი". მართლა დაუჯერებელია, რომ ლუკა კურტანიძის შვილები იყვნენ სოციალურად დაუცველები...

- როგორც თქვენ გიკვირთ, ისე უკვირდა ყველას. ბავშვებს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ თუ დედათქვენი იტყვის რამეს, მე თქვენთან შევწყვეტ ურთიერთობას. ახლა რომ გაიგო, რომ ხათუნასგან წილი მივიღეთ, იმიტომ გამოვიდა და ბავშვები უარყო. სამართლიანობის მოლოდინი მაქვს. აქ არიან არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ მამისგან ამ ქვეყანაზე. თამამად ვიტყვი, რომ მართლა კარგი დედა ვარ და კარგი შვილები გავზარდე, ყველა მადლობას მიხდის.

- რას ეტყოდით ლუკა კურტანიძეს, რომელიც ახლა გისოსებს მიღმაა?

- მას შიში აქვს, რომ ლუკას და ხათუნას სასამართლოზე მივალ. აქედან ვეტყოდი, რომ თუ მას არ ასწავლეს, რომ მამამ და დედამ შვილებს ყურადღება უნდა მიაქციოს, მე მასწავლეს, რომ გაჭირვებულ ადამიანს კიდევ არ უნდა გაუჭირვო. მე ჩემი შვილებისთვის არასოდეს მიღალატია. და არ ჰქონდეს შიში, რომ მე მივალ და იმ გაჭირვებულ მდგომარეობას უფრო გავუჭირვებ. მე იმ ტერიტორიაზე არ ვყოფილვარ, სადაც ინციდენტი მოხდა, მაგ დღეს ბოდბის მონასტერში ვიყავი. თუ კანონს დავჭირდი და მოსამართლემ დამიბარა, მივალ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შვილებისთვის არ მიღალატია, მიუხედავად იმისა, რომ ამის საბაბი მქონდა - მისთვის ყოველთვის დამემძიმებინა მდგომარეობა. ციხეშია ადამიანი და ისედაც მძიმე მდგომარეობა აქვს და აღარ არის საჭირო მე მას დავუმძიმო. თავად კი უარყო შვილები, მაგრამ ბავშვების ინტერესს მე ყოველთვის დავიცავ. გოგონა 15 წლის არის, ბიჭი - 17 წლის.

ცუდია, რომ მამას ჰქონდა საშუალება და მე სახელმწიფოს ვთხოვდი დახმარებას, არ უნდა ყოფილიყვნენ ასე. სასამართლო ათ ოქტომბერს არის ჩანიშნული. მამა უწოდებს ამ საჩუქარს ამორალურს და ამაზეა პროცესი. რაც შეეხება ალიმენტს, მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება უარყოს ბავშვები.

- რეალურად ლუკა გიჩივით ციხიდან?

- დიახ, მიჩივის ლუკა, მისი ადვოკატია - სოფის ძმა. ფაქტია, რომ სოფიმ დაგვირეკა, დაგვემუქრა, რომ ბორჯომის წილიდან გავსულიყავით, თორემ ამ სარდაფიდანაც გაგვყრის, რომელიც სასამართლომ ბავშვებს 18 წლის ასაკამდე მიაკუთვნა. შემდეგ რა იქნება? - მე დავიცავ ჩემი შვილების ინტერესებს, რადგან თუ სხვებს შეიძლება ლუკას სასტუმროები ჰქონდეთ, რატომ არ შეიძლება ბავშვებს მამისგან თუნდაც სარდაფი ჰქონდეთ. რაც აქამდე ჩუმად ვიყავი, ვიზიარებდი ჩემი შვილების თხოვნას, რომ არასოდეს ხმა არ ამომეღო, ახლა მზად ვარ ყველასგან და ყველაფრისგან დავიცვა, თუნდაც საკუთარი მამისგან.

წაიკითხეთ ასევე: