მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
როგორც პროკურორი ვაჟა თოდუა განმარტავდა, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს. ის დეტალურად განმარტავდა, ბრალდებულების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს და აცხადებდა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერებია წარმოდგენილი.
ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. ისინი საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობაზე საუბრობდნენ და დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ.
სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა, არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: