შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით 13 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, "იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი", მათ შორის 2 პირი მიმალვაში იმყოფება. ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ადვოკატ გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დაკავებისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე მუქარას. როგორც გიორგი ჩხეიძემ აღნიშნა, ბრალის წარდგენა დღეს, ან ხვალ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის თებერვალში პროევროპული აქციების მონაწილე ვახო ფიცხელაური გორში რამდენიმე შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა და მასზე ფიზიკურად იძალადა - მას ნეკნები ჩაუმტვრიეს და თავზე არა ერთი დაზიანება მიაყენეს. მართალია, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ის დღემდე გამოუძიებელია.
AMBEBI.GE-ს ვახო ფიცხელაურის მეუღლე თეო ბზიშვილი ესაუბრა:
- ამ ეტაპზე ვახო ზაჰესის იზოლატორში იმყოფება. ადვოკატმა როგორც მითხრა, მას ფიზიკური დაზიანებები აქვს, რომელიც დაკავებისას მიაყენეს. შსს-მაც გაავრცელა კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ის ძალადობის ქვეშ იყო - ტანსაცმელი აქვს შემოხეული. 4 ოქტომბერს, დაახლოებით 200 ადამიანი ვიყავით გორიდან აქციაზე, ვისაც გვინდა ცვლილებები და ამათი გაშვება. აქციაზე მიკროფონთან ბატონი პაატა მივიდა და პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩასვლისკენ მოგვიწოდა. ჩვენც გავყევით ადამიანების ჯგუფს ორბელიანზე.
ვახოს მაგალითზე რომ გითხრათ, ის არის ადამიანი, რომელსაც ისე არ უცხოვრია, რამე დასამალი ჰქონდეს, კადრებშიც ჩანს, რომ მას არც ეკიპირება აქვს, არც ნიღაბი. არა მარტო 4-ში, მთელი აქციების მიმდინარეობისას, არასდროს იმალებოდა და ინიღბებოდა. ზუსტად ესაა ამ რეჟიმის პრობლემა, რომ აქციების მონაწილეების ძირითად ნაწილს არ გვაქვს იმ დონის შიში (რასაც ცდილობენ), რომ ჩვენი საქმიანობა იატაკქვეშეთში გავაგრძელოთ, მიწისქვეშ ჩავძვრეთ. ვახოს არაფერი დაუშავებია, გულანთებული პატრიოტია. როგორც ვიცი, მას ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია, ადვოკატისგან მისაღები მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი მუხლს ედავებიან. თუ არ ვცდები, სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმა და ჯგუფურ ძალადობას უნდა გულისხმობდეს.

ჩემი, როგორც ვახოს მეუღლის და ამ ქვეყნის მოქალაქის პოზიცია არის ის, რომ ესენი არიან არალეგიტიმურები, შესაბამისად, მათ მიერ წარმოებული ნებისმიერი ძალადობრივი აქტი - მამას აშორებენ ოჯახს, შვილებს, ფიზიკურად ძალადობენ ვახოზე და ყველაზე მთავარი - უკრძალავენ სამართლიანი პროტესტის გამოხატვას, არასამართლიანი და უკანონოა. მოგეხსენებათ, ვახო თებერვალში გაიტაცეს სისტემის დავალებით.
მას სრულიად ჯანსაღი პროტესტი უნდა ჰქონდეს თუნდაც იმიტომ, რომ გაიტაცეს და 12 ვიდეოკამერის ჩანაწერი არ ამოიღო შსს-მ. ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, დამნაშავეებს მფარველობს სისტემა, რადგან დამკვეთი ისაა. ახლა, ამ დაკავების უკანაც დგას სისტემა, 4 შვილის მამის მანქანაში ჩაცხრილვის უკანაც, გორში 15 წლის ბავშვი რომ გადმოგდეს მე-5 სართულიდან, ამის უკანაც სისტემა დგას... ასეთი სისხლიანი და კორუმპირებული სისტემა არ შეიძლება მართავდეს ისეთ თავისუფალ და ლაღ ხალხს, როგორებიც ვართ ჩვენ, ქართველები.
- როდის და საიდან აიყვანეს ვახო, ან რა პირობებში იძალადეს მასზე?
- ვახო სამსახურიდან გამოვიდა (მობილურების მაღაზია აქვს) საღამოს 5 საათზე, ბავშვი უნდა გამოეყვანა საბავშვო ბაღიდან. ბაღი ვახოს სამსახურთან ახლოსაა, მაგრამ მანქანით წასვლა გადაწყვიტა. სწორედ იმან შემაშფოთა, რომ მანქანა იდგა მის სამსახურთან, ქურთუკიც შიგნით იდო და მივხვდი, არ იყო კარგი ამბავი. ვერ ვადგენდი ვახოს ადგილსამყოფელს, ისიც ვიფიქრე, ისევ იმ სამ ადამიანს ხომ არ ჰყავდა გატაცებული, ვინც მას თებერვალში ნეკნები დაუმტვრიეს. ვერაფერს გამოვრიცხავდი, როცა მისი გამტაცებლები დღემდე თავისუფლად დადიან და ვახოს ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, ამას როდის გადაწყვეტდნენ, ვინ იცის... სამოქალაქო აქტივისტი როგორც კი გაუჩინარდება, პირველი, სადაც ვეძებთ, დაკავების იზოლატორებია და თუ რამე, იქ უნდა ვიპოვოთ, ჩვენდა სამწუხაროდ.

ჯერ მეგობრებში მოვიკითხე, ვინმეს ხომ არ ჰქონდა ინფორმაცია, მაშფოთებდა მისი გაუჩინარება, ვინაიდან ვერ აღგიწერთ, როგორი უზომოდ პასუხისმგებლიანია ვახო, ის ბავშვს ბაღში არ დატოვებდა. ბავშვის ამბავიც 7-ის ნახევარზე გავიგე, როცა მშობლების ჩატში დაწერეს, ფიცხელაურის მშობლებმა ბავშვს მოაკითხეთო. დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ვრეკავდი ყველა იზოლატორში, გენინსპექციაში, შსს-ს ცხელ ხაზზე, სახალხო დამცველთან... ვერავისგან მივიღე პასუხი.
როგორც ადვოკატისგან გავიგე, ვახო დაკავებისას მანქანიდან გადმოუთრევიათ, იქვე ფიზიკურად უძალადიათ (მას დალურჯებები აქვს ხელებზე და ზურგის არეში), გარდა ამისა, ამ რუსებმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამ ბინძური სისტემის დღეს გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მას უკანა მხარეს შარვალი გამოგლეჯილი აქვს. აშკარაა, რომ ვახო ნერვებს უშლიდათ თავისი ღიაობით, ამ ქვეყნის სიყვარულში არაფერია სამარცხვინო, დასამალი, იმაში, რომ შენი შვილებისთვის უსაფრთხო გარემო გინდოდეს, მათი ღირსეული მომავლისთვის ყველაფერს აკეთებდე, ეს საამაყოა, დასამალი კი არა. ამიტომაც ვეჩხირებოდით ამათ თვალში და კიდევ დიდხანს გავეჩხირებით.

- როგორც ვიცი, ვახო ადვოკატის მეშვეობით იზოლატორიდან შეგეხმიანათ...
- ვახომ მოიწერა, მოლოდინი მქონდა, რომ დამაკავებდნენ, მაგრამ მსგავსი რამ ვერც წარმომედგინაო. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ იძალადეს და რა გაუკეთეს ისეთი, მას რომ ვერ წარმოედგინა. შემომითვალა, დავმშვიდდები, რაღაცების გახსენებაც კი მჭირდება და შეგეხმიანებითო. არაფრის იმედი არ მაქვს, რომელი სამართლიანობა, სადაა სამართალი?!

სანამ სხვის ძალადობაზე ილაპარაკებენ, კარგად შეხედონ პატრიოტი ახალგაზრდების დალეწილ სახეებს და იმ პროტესტს, რომელიც ამ ძალადობის მერეც ვერ გადატეხეს. ჩვენ მხარეს არის სიმართლე, მათ მხარეს კი არაფერი, გარდა იმისა, რომ ესენი რუსებს სჭირდებათ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, რის მერეც ამათ მოიშორებენ.