შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების თანახმად, სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით.
"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი ნანა სანდერია და ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფება. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. ეს სწორედ ის აქტივისტია, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი და საზოგადოების ნაწილი ემიგრანტების თანხის მითვისებაში ადანაშაულებდნენ. მან რამდენიმე საათის წინ, სავარაუდოდ დაკავებამდე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"დედაჩემიც ზუსტად ამას მწერს ნანუკაზე და ელისოზე, მაგ ორ ქალს სურს რომ შენ დაგიჭირონ და მაგიტომ გაბრალებენ ემიგრანტების ფულის მითვისებასო. ( ყველაფერზე დევს მტკიცებულებები პოსტებად ჩემს გვერდზე) და "იმედიც" და "პოსტივიც" მათ ამოქოქეს - გუშინდელი მონაწერი ნახეთ ჩემთან იმედის ჟურნალისტის და ხომ ამათ არც დედაჩემის ნერვიულობა შერჩებათ....
და შსს დაგკითხავს და მეტ დეტალს გათქმევინებსო, რაღაც მსგავს კომენტარებს რომ მიწერთ, აქეთ დავკითხავ ყველას არ მიცნობთ ოდნავადაც კი. არავის მეშინია და განა ვინმეს ზურგით? უბრალოდ ასეთი ვარ ან გავხდი, თუ რამე შიში მქონდა საქართველოდან წაღებული 23 წლამდე - მარტო ღამით სახლში დარჩენის, სიბნელის, ჩემმა დათვმა დამაძლევინა - ცდილობენ ბინძური ხერხებით გიჟად გამომიყვანონ ბურჭულაძის დაცვის მიზნით.
ათონელზეც ჩემი ზურგით ვედექი რობოკოპებს და ალბათ ყველაზე დიდი ზურგი ამ ქვეყანაში მაინც საქართველოს მოქალაქეობა და ქართველობაა და კი კმაყოფილი ვარ რომ ბოლომდე შევინარჩუნე საქართველოს მოქალაქეობა
პს. ხვალ ჩემი დიდი ხნის უნახავი ოჯახი უნდა ვნახო და მერე ადვოკატს მოვძებნი და როგორი სამართლიანებიც არიან, მათსავე სამართლიან სასამართლოში დამიმტკიცებენ, რომელი ემიგრანტების ფული მივითვისე ან საჯაროდ სათითაოდ ბოდიშს მომიხდიან ( სხვა ბრალდებებზეც მივხედავ- სქრინები მაქვს ბევრი) ნანუკას ბოდიში არ ეყოფა - დებატებში უნდა დამიჯდეს იმ აუდიტორიასთან რომელ აუდიტორიასთანაც მე ქურდობას მაბრალებს" - წერია პოსტში, რომელიც სანდერმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.
წაიკითხეთ ასევე: