ავტორი:

პოპულარულმა გასახდომმა საშუალებამ შესაძლოა, ტომოგრაფიის დროს სიმსივნის ნიშნები შენიღბოს - "ოზემპიკი" და კიდევ ორი მედიკამენტი ექიმებში შეშფოთებას იწვევს

პოპულარულმა გასახდომმა საშუალებამ შესაძლოა, ტომოგრაფიის დროს სიმსივნის ნიშნები შენიღბოს - "ოზემპიკი" და კიდევ ორი მედიკამენტი ექიმებში შეშფოთებას იწვევს

Ozempic-ისა და წონის საკორექციო სხვა პოპულარული პრეპარატების გვერდითი ეფექტების ჩამონათვალს კიდევ ერთი, სერიოზული პრობლემა დაემატა. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ GLP-1 კლასის მედიკამენტებმა შესაძლოა, დაამახინჯოს სამედიცინო სკანირების შედეგები და ექიმებს ლეტალური დაავადებების გამოვლენაში ხელი შეუშალოს. ამ კლასის მედიკამენტებია, მაგალითად, Ozempic, Wegovy და Mounjaro.

"დაშვებული ყბის ხაზი", გოგირდის სუნის მქონე ბოყინი, მკერდის დაპატარავება თუ მოულოდნელი ორსულობა – წონის დასაკლებად განკუთვნილი GLP-1 კლასის პრეპარატების გვერდითი ეფექტები ხან შეუმჩნეველია, ხან კი – უცნაური და შემაშფოთებელი.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ განსაკუთრებით პოპულარულმა მედიკამენტებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს დიაგნოზისთვის აუცილებელი სკანირებების სიზუსტეზე. ეს კი ექიმებს ხელს უშლის, რომ აღმოაჩინონ სერიოზული, მათ შორის სასიკვდილო დაავადებები.

ექსპერტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტს დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაუგვიანოს, ნაწილი კი, შესაძლოა, სულაც არასაჭირო გამოკვლევების მსხვერპლი გახდეს.

როგორ იქცა წონაში დასაკლები წამალი სენსაციად?

GLP-1 მედიკამენტები, რომლებიც თავდაპირველად მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა, წონაში კლების ძლიერი ეფექტის გამო, ნამდვილ სენსაციად იქცა. მხოლოდ აშშ-ში, 2019-დან 2023 წლამდე, მათი მოხმარება 700%-ით გაიზარდა.

ეს მედიკამენტები მოქმედებს როგორც GLP-1 – ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ორგანიზმში და ხელს უწყობს შაქრის დონის რეგულირებასა და მადას. გარდა ამისა, ისინი აძლიერებენ ინსულინის გამომუშავებას, ანელებენ საჭმლის მონელების პროცესს და ადამიანს დიდხანს უნარჩუნებენ სიმაძღრის შეგრძნებას, რაც რეკორდულ დროში დახვეწილი ფორმების მიღებაში ეხმარებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბიოლოგიური ცვლილებები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მათ შეუძლიათ, ხელი შეუშალონ PET-CT სკანირებას – საშუალებას, რომელსაც ექიმები სიმსივნისა და ანთებითი დაავადებების გამოსავლენად იყენებენ.

მეცნიერული ახსნა: როგორ შლის წამალი სკანირების შედეგებს?

PET-CT სკანირება ორგანიზმის დეტალური დათვალიერების მეთოდია, რომელიც ორი სახის გამოსახულებას აერთიანებს:

კომპიუტერული ტომოგრაფია – გვაძლევს ორგანოების, ძვლებისა და ქსოვილების ფიზიკურ სურათს.

პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ) – იყენებს სპეციალურ რადიოაქტიურ ნივთიერებას (FDG), რომელიც სისხლში შეჰყავთ.

ამ ორი სურათის კომბინაცია ექიმებს ეხმარება, დაინახონ როგორც ორგანიზმის ანატომია, ისე მისი შიდა აქტივობა (მეტაბოლიზმი), რაც დიაგნოზის დასასმელად გადამწყვეტია.

პრობლემა:

როგორც კვლევის მთავარი ავტორი, დოქტორი პიტერ სტრუჰალი განმარტავს, იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც აღნიშნულ პრეპარატებს მოიხმარენ, სკანირების დროს, შესაძლოა:

  • სიმსივნის ნიშნები შეინიღბოს და ექიმმა პრობლემა ვერ დაინახოს.
  • ჯანსაღი ქსოვილი დაავადებულად წარმოაჩინოს.

დამაბნეველი სკანირებები

აშშ-ში 8 ზრდასრულიდან დაახლოებით 1 იყენებს GLP-1-ის მედიკამენტებს. მოთხოვნა არ ნელდება, ამიტომ ასეთი უჩვეულო სურათი PET-CT სკანირებისას სულ უფრო გახშირდება. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან სიმსივნის მაჩვენებლები იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

ექიმები აფრთხილებენ, რომ აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს

  • არასაჭირო ტესტები და პროცედურები.
  • კიბოს სტადიის არასწორად დადგენა.
  • მკურნალობის დაგვიანება, რაც სახიფათოა.

ამ დროისთვის, ექიმები არ ურჩევენ პაციენტებს, შეწყვიტონ GLP-1 მედიკამენტების მიღება PET-CT სკანირებამდე.

ამის ნაცვლად, ისინი გვთავაზობენ, რომ კვლევამდე ექიმებმა გულმოდგინედ აღრიცხონ თავიანთი პაციენტების მედიკამენტების ისტორია. ეს ექიმებს დაეხმარება, სწორად განმარტონ სკანირების შედეგები, სანამ ოფიციალური გაიდლაინები შემუშავდება.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: