ავტორი:

სომხეთმა გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიციაზე უარი თქვა - ქართველი მებრძოლი თავისუფალია

სომხეთმა გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიციაზე უარი თქვა - ქართველი მებრძოლი თავისუფალია

სომხეთში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებული ძებნის გამო დაკავებული ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია. სომხეთმა მის რუსეთში ექსტრადიციაზე უარი თქვა.

  • სასიხარულო ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოს სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარე, გიორგი ტუმასიანი ავრცელებს. მისი თქმით, იგივე გადაწყვეტილებას ელიან ვანო საბაშვილის შემთხვევაშიც.

"გიორგი კინოიანი თავისუფალია! სომხეთმა მის ექსტრადიციაზე რუსეთში უარი თქვა, რადგან "ეს მისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა". დიდი მადლობა სომხეთის ხელისუფლებას და გამორჩეულ უფლებადამცველებს, Helsinki Citizens’ Assembly-Vanadzor-ს, Artur Sakunts-ს და Ani Chatinyan-ს.

მოველით, რომ იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული სომხეთში რუსეთის მოთხოვნით დაკავებული მეორე ქართველის, ვანო საბაშვილის შეხვევაშიც", - წერს ტუმასიანი სოციალურ ქსელში.

“გუშინ სომხეთმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა გიორგი პირდაპირ რუსული კლანჭებისგან. გიორგი იყო ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში, მას ჰქონდა მისჯილი 7 წლიანი პატიმრობა და სომხეთში 3 სექტემბერს დააკავეს.

ხოლო გუშინ სომხეთმა ის გაათავისუფლა და უარი თქვა რუსეთში ექსტრადიციაზე.

რა თქმა უნდა საქართველოში დავბრუნდებით. დღეს ადვოკატს უნდა დაველაპარაკოთ, გუშინ გვიან მოხდა გიორგის გათავისუფლება,“ - აცხადებს გიორგი კინოიანის ძმა - ვაკო კინოიანი “ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი პირი გიორგი კინოიანი სომხეთში 3 სექტემბერს დააკავეს. რუსეთს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, რის გამოც აღნიშნულ ქვეყანაში ექსტრადიცია ემუქრებოდა.

კინოიანი 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იხილეთ ასევე: