ავტორი:

"ეს დიდებული დღეა" - ტრამპის თქმით, ისრაელმა და "ჰამასმა" ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას: რას გულისხმობს შეთანხმება?

"ეს დიდებული დღეა" - ტრამპის თქმით, ისრაელმა და "ჰამასმა" ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას: რას გულისხმობს შეთანხმება?

რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელმა და "ჰამასმა", ეგვიპტეში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მიაღწიეს შეთანხმებას, დაიწყონ მისი სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპის განხორციელება ღაზას სექტორის საკითხის მოსაგვარებლად.

"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და "ჰამასმა" ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება, ხოლო ისრაელი თავის ჯარებს გაიყვანს შეთანხმებულ ხაზამდე, რაც გახდება პირველი ნაბიჯი მტკიცე, გრძელვადიანი მშვიდობისკენ", - დაწერა მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში.

ტრამპმა ასევე აღნიშნა:

"ეს დიდებული დღეა არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მეზობელი ქვეყნისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მადლობას ვუხდით შუამავლებს - კატარს, ეგვიპტეს და თურქეთს, რომლებმაც ჩვენთან ერთად იმუშავეს, რათა ეს ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენა შესაძლებელი გამხდარიყო".

მოლაპარაკებებს ღაზას კონფლიქტის მოსაგვარებლად შეუერთდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. კონსულტაციებში ასევე მონაწილეობდნენ კატარის პრემიერ-მინისტრი და თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ჰამასის" მიერ დატყვევებული ისრაელები „ძალიან მალე უნდა დაბრუნდნენ შინ“.„ღმერთის დახმარებით, ჩვენ ყველას დავაბრუნებთ სახლში,“ — ნათქვამია მის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 9 ოქტომბერს მოიწვევს მთავრობის სხდომას, რათა შეთანხმება დაამტკიცონ და მძევლები სახლში დაბრუნდნენ.

თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მძევალთა გათავისუფლება შესაძლოა დაიწყოს ორშაბათიდან.

შუამავლების ცნობით, ისრაელმა და "ჰამასმა" ასევე მოილაპარაკეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად შეტანაზე.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:

"დღეს საღამოს მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის პირველ ფაზაზე, რაც ნიშნავს ომის დასრულებას, ისრაელის მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას"...

"ჰამასის" წარმომადგენლებმა თავის მხრივ განაცხადეს, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ომის შეწყვეტას ღაზაში და მოუწოდეს ტრამპს, უზრუნველყოს, რომ ისრაელმა სრულად დაიცვას მისი პირობები.

AFP-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებთან დაახლოებული პალესტინური წყარო აცხადებს, რომ პირველი ეტაპის ფარგლებში გათავისუფლდება 20 მძევალი.

ტრამპის განცხადება მოჰყვა რიგ დრამატულ მოვლენებს, როგორც ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში მიმდინარე მოლაპარაკებებისას, ასევე ვაშინგტონში.

გუშინ საღამოს თეთრ სახლში ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს ეგვიპტეში გამგზავრებას, სავარაუდოდ, უკვე პარასკევს.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი ტომ ბეიტმენი იუწყება, ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მას ჩურჩულით გადასცა ბარათი, სადაც ეწერა, რომ "გარიგება ძალიან ახლოსაა“.

შეთანხმების პირობებით, მოსალოდნელია ყველა ცოცხალი მძევლის გაცვლა პალესტინელ პატიმრებზე, ხოლო ისრაელი უკან დაიხევს შეთანხმებულ ხაზამდე. გაცვლის პროცესი, როგორც ვარაუდობენ, უახლოეს დღეებში დაიწყება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია გაზრდის დახმარების მოცულობას და გაააქტიურებს ძალისხმევას ღაზის აღსადგენად. მან ყველა მხარეს მოუწოდა, დაიცვან შეთანხმების პირობები - მძევლების გათავისუფლება, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული ტვირთის დაუყოვნებლივი დაშვება ღაზაში.

"ტანჯვა უნდა დასრულდეს", - ვკითხულობთ გუტერეშის განცხადებაში.

პალესტინელმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობა შეთანხმებას ოფიციალურად დაამტკიცებს.

მისივე თქმით, ისრაელი ნებას დართავს დღეში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 400 სატვირთო შევიდეს ღაზაში პირველი ხუთი დღის განმავლობაში, შემდგომ კი ეს რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

წყარო