შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა, რომლებმაც, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლონეთის სამ მოქალაქეს სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.
მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოცემა RMF24-ის ცნობით, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ისინი თბილისში პოლონეთიდან ექსტრადირებული საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეების დაბრუნების ოპერაციას ახორციელებდნენ.
მათივე ცნობით, დაბრუნების ოპერაცია ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.
„ჩვენი ორი თანამშრომელი თავის არეში მიყენებული სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ხოლო მეორეს ოპერაცია ახლა უტარდება. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია“, - განაცხადა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანჯეი იუჟვიაკმა.