ავტორი:

"ეს არჩევნები ვერ იქცა "ოცნების" ლეგიტიმურობის რეფერენდუმად..." - დოდო შონავა

"ეს არჩევნები ვერ იქცა "ოცნების" ლეგიტიმურობის რეფერენდუმად..." - დოდო შონავა

ცნობილი ტელეჟურნალისტი, მედიამენეჯერი დოდო შონავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არ დამიმალავს, არჩევნებში მონაწილეობის მომხრე ვიყავი, რადგან ეს, ხელისუფლების ცვლილების, ჩემი კონსტიტუციური უფლება, მოვალეობა, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაა, გარდა ამისა, მიმაჩნდა, რომ ეს არჩევნები წინააღმდეგობის პლატფორმა იქნებოდა, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც "ოცნებისადმი" პროტესტს ღიად ვერ აფიქსირებს, ასეთი კი ძალიან ბევრია.

ამიტომ მხარს არ ვუჭერდი არჩევნებზე არ მისვლას და ვფიქრობდი, რომ ბოიკოტით, თუნდაც სრული შემადგენლობით, მხოლოდ ოცნების ძალაუფლების, (არა ხელისუფლების, არამედ ძალაუფლების) გაძლიერებას შევუწყობდით ხელს.

დღეს, 4 ოქტომბრის შემდგომ, შექმნილ რეალობაში, როდესაც მესმის, რომ ვიღაც კმაყოფილია იმით, რომ ბოიკოტმა იმუშავა, მიჩნდება კითხვა - ვინ რა სარგებელი ნახა ამით, ვის აქვს მისალოცი?!

როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, "ოცნების" ძალაუფლება გაძლიერდა, თუმცა ეს არჩევნები ვერ იქცა მათი ლეგიტიმურობის რეფერენდუმად.

არჩევნებში მონაწილე ორმა პარტიამ, რომლებსაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში სდებდნენ ბრალს, რეალურად ამომრჩეველთან ითანამშრომლა, თუმცა არასათანადო მზაობით, ცაიტნოტში, წარმოუდგენელი ბულინგისა და ზეწოლის პირობებში.

არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებდა ოპოზიციის დიდი ნაწილი, არადა," ოცნების" მიერ, რეალურად, ყველაზე ვერაგულად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელშიც პროვოკაციით, უნებლიედ და საბედისწეროდ, ითანამშრომლეს და ამჟამად, მრავალი წლით ციხეში დატყვევება ემუქრება, არა მხოლოდ ამ პროვოკაციაში შეტყუებულ ლიდერებს, არამედ მრავალ იმ ადამიანსაც, ვინც დაიჯერა, ის ყოვლად ლოგიკამოკლებული, მაგრამ ემოციურად ძალიან სასურველი შედეგ ი- "ოცნება ხელისუფლების გასაღებს მშვიდობიანად გადმოგვცემს", რომლის გარდაუვალობაში მათ უცილობლად აჯერებდნენ.

გული მეგლიჯება ყოველი იმ პატიმრის გამო, ვინც 4 ოქტომბრის შემდეგ დაატყვევეს და კიდევ დაატყვევებენ.

ბრაზი მახრჩობს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაგეგმა და შეასრულა, ეს სპეცოპერაცია.

გონივრული ეჭვი მაქვს ძირითადი კონსულტანტები, იმ ქვეყნის სპეცაგენტები იყვნენ, ვისაც თითქმის სამი საუკუნეა კარგად აქვთ შესწავლილი ჩვენი ეთნოფსიქიკა.

ჩემს ზიზღს იწვევს ყველა, ვინც ინფანტილურად თითს იშვერს და ცდილობს ეს მარცხი სხვას გადააბრალოს.

ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს.

გადავდოთ ყველა ამბიცია, რევანშის არაპროდუქტიული სურვილი, პირველობის ნარცისული ჟინი.

ვკარგავთ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს!

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, "ოცნებამ" შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, თუმცა ის ფაქტი, რომ ყველა მის ხელთ არსებული რესურსის გათვალისწინებით, თბილისის ამომრჩეველთა სრული რაოდენობის მხოლოდ 20%-ის მხარდაჭერა მიიღო, ანუ ყოველი 5 თბილისელიდან 4 -მა ხელისუფლებას უარი უთხრა ნდობაზე, მის ლეგიტიმურობას ისევე არყევს, როგორც კონსტიტუციის 78 -ე მუხლის უგულებელყოფა.

კვლავ ვფიქრობ, არჩევნებში პროდასავლური ოპოზიციის სრული მონაწილეობითა და ამომრჩეველთა დარაზმვით, გაყალბების ყველა რესურსის გათვალისწინებითაც კი, მაინც შესაძლებელი იყო თბილისისა და სხვა დიდი ქალაქის მოგება და" ოცნების" მნიშვნელოვანი დასუსტება.

ახლა უპრიანია, გავაანალიზოთ შეცდომები, გონებით და არა ემოციებით განვსაზღვროთ სტრატეგია, გავთვალოთ რისკები, დავსახოთ ტაქტიკა.

ოღონდ ისიც გავითვალისწინოთ, საბოლოოდ-ერთიანი კოორდინაციისა და კომუნიკაციის გარეშე რთული იქნება სტრატეგიული მიზნის მიღწევა.

იმედი მაქვს ამის გონიც გვეყოფა და ნებაც. ნება, რომელიც ნამდვილად ვერ შეგვირყიეს!"