ავტორი:

"ომი მთლიანად დასრულებულია" - რა შეთანხმებას მიაღწიეს ისრაელმა და "ჰამასმა"?

"ომი მთლიანად დასრულებულია" - რა შეთანხმებას მიაღწიეს ისრაელმა და "ჰამასმა"?

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ღაზას სექტორში "ჰამასის“ მიერ დაკავებული 48 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

  • ამ გადაწყვეტილებით, ძალაში შედის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

მძევლების გათავისუფლება უსაფრთხოების დარღვევისთვის დაკავებული 2 000-მდე პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარების ნაწილობრივი გაყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპია.

შეთანხმებას ხმა ისრაელის მინისტრების უმრავლესობამ მისცა, მათ შორის იმ მინისტრებმაც, ვინც ადრე მას ეწინააღმდეგებოდა.

შეთანხმების თანახმად, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის ახალ ხაზებზე დაბრუნდება და შეინარჩუნებს კონტროლს ღაზას ტერიტორიის დაახლოებით 53%-ზე, რის შემდეგაც დაიწყება 72-საათიანი ვადა, რომელიც „ჰამასს“ყველა მძევლის გასათავისუფლებლად მიეცემა.

ისრაელური მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაუყოვნებლივ ამოქმედდება, თუმცა ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ 24-საათიანი პერიოდის შემდეგ, ღაზაში დაკავებული მძევლები 72 საათის განმავლობაში გათავისუფლდებიან.

რას ამბობენ "ჰამასში"?

"ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ „ჰამასის“ სამომლაპარაკებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიიამ განაცხადა. მისი სიტყვები Reuters-სა და Al Jazeera-ს მოჰყავს.

“გარანტიები მივიღეთ ძმური მედიატორებისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ომი მთლიანად დასრულებულია”, - განაცხადა ალ-ჰაიიამ.

მისი თქმით, შეთანხმების ნაწილია, რომ გათავისუფლდება 250 პალესტინელი, რომლებიც სამუდამო პატიმრობაში იმყოფებიან ისრაელის ციხეებში. ასევე გათავისუფლებული იქნება 1 700 პალესტინელი ღაზიდან - ისინი, ვინც ომის დაწყების შემდეგ იყვნენ დაპატიმრებული.

ალ-ჰაიიას თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ჰამასი" ყველა მძევალს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს. ის, სავარაუდოდ, 13 და 14 ოქტომბერს გულისხმობდა.

არსებული ინფორმაციით, აშშ ღაზას სექტორში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში 200 ჯარისკაცს განალაგებს. ამის შესახებ ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლებიც მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

მათი განცხადებით, 200 ჯარისკაცი სამუშაო ჯგუფის ძირითადი ნაწილი იქნება, რომელშიც ეგვიპტის შეიარაღებული ძალების, კატარის, თურქეთის და, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები შევლენ.

წყაროების ცნობით, ამერიკელი ჯარისკაცების განლაგების ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

"აშშ-ის ჯარების ღაზაში შესვლა არ იგეგმება“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, ცნობილია, რომ ისინი შექმნიან ერთობლივ საკონტროლო ცენტრს და გააერთიანებენ სხვა უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც იმუშავებენ ღაზაში, ისრაელის ძალებთან კოორდინაციით, შეტაკებების თავიდან ასაცილებლად.