დუშანბეში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები.

პუტინმა შეხვედრა იმით დაიწყო, რასაც აზერბაიჯანში დიდი ხანია მოითხოვდნენ - რუსეთისგან იმის აღიარებას, რომ გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანული ავიახაზების (AZAL) თვითმფრინავის კატასტროფა დაკავშირებული იყო რუსულ საჰაერო თავდაცვასთან.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საზენიტო რაკეტები აფეთქდა თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში, თუმცა პირდაპირ მას არ მოხვედრია. პუტინის განმარტებით, ამ ტიპის რაკეტები სწორედ ასე მოქმედებენ - ფეთქდებიან სამიზნესთან ახლოს და აზიანებენ მას ნამსხვრევებით.

პუტინი ტაჯიკეთში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც იმავე პერიოდში იგეგმებოდა დსთ-ს ქვეყნების მეთაურების საბჭოს სხდომა.
როგორც "ინტერფაქსი“ წერს, პუტინი და ალიევი წელს სექტემბერში ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მხოლოდ წამიერად შეხვდნენ, მაგრამ სრულფასოვანი დიალოგი მაშინ არ ჰქონიათ.
ოფიციალური ინფორმაციით, მათ ტელეფონითაც დიდი ხანია არ ესაუბრათ - ბოლო ზარი 7 ოქტომბერს განხორციელდა, როცა ალიევმა პუტინს დაბადების დღე მიულოცა.
ბოლო შეხვედრიდან გასულ ერთ წელიწადში რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა.
პირველი სერიოზული დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ყაზახეთში ავიაკატასტროფა განიცადა AZAL-ის თვითმფრინავმა, რომელიც ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა. დაიღუპა 38 ადამიანი, 29 გადარჩა.
კატასტროფა მოხდა იმ დროს, როცა რუსული საჰაერო თავდაცვა კავკასიის რეგიონში უკრაინული დრონების თავდასხმას იგერიებდა. აზერბაიჯანმა მაშინ განაცხადა, რომ თვითმფრინავი "გარე ზემოქმედების შედეგად“ ჩამოვარდა, თუმცა რუსეთმა ოფიციალურად პასუხისმგებლობა არ აუღია.
2025 წლის ივლისში ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს რუსეთიდან ჯერ კიდევ არ მიუღია დამაჯერებელი პასუხი და განაცხადა, რომ საქმე საერთაშორისო სასამართლოში წავიდოდა. მან პარალელი გაავლო ამ ინციდენტსა და 2014 წელს დონბასის თავზე ჩამოგდებულ მალაიზიურ Boeing-ს შორის, რომლის გამოც რუსეთის პასუხისმგებლობა ჰააგის სასამართლომ დაადგინა.
"ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია დავამტკიცოთ. თვითმფრინავის კორპუსი სავსე იყო ხვრელებით, შიგნით ორი ადამიანი იყო მსკდომი საარტილერიო ჭურვით დაჭრილი. ამიტომ ვერსია, თითქოს უკრაინულმა დრონმა შეიძლება ჩამოაგდო თვითმფრინავი, აბსურდულია - ეს საბავშვო ზღაპარია", - თქვა ალიევმა.
შეხვედრის დასაწყისში პუტინმა ამ "მგრძნობიარე თემით“ დაიწყო ლაპარაკი. მან პირველად დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი მართლაც დაზიანდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის მოქმედების შედეგად და ბოდიში მოიხადა ტრაგედიისთვის, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.
პუტინის თქმით, რაკეტებმა თვითმფრინავს პირდაპირ არ დაარტყეს, არამედ აფეთქდნენ დაახლოებით 10 მეტრში. "საჰაერო თავდაცვის სისტემაში ტექნიკური ხარვეზი მოხდა", - აღნიშნა მან.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თვითმფრინავი დაზიანდა არა საბრძოლო ელემენტებით, არამედ, სავარაუდოდ, თავად რაკეტების ნამსხვრევებით - სწორედ ამიტომ პილოტმა ეს თავდაპირველად ჩიტების გუნდთან შეჯახებად მიიღო.

პუტინმა დაამატა, რომ ამ ინფორმაციას თავადაც მხოლოდ "ორი დღის წინ“ გაეცნო, როცა მოსკოვში გამოკითხვა ჩაატარა მომავალი შეხვედრის წინ.
ალიევმა პუტინს მადლობა გადაუხადა პირადი ჩართულობისთვის და განაცხადა, რომ გამოძიების პროცესს ოპტიმიზმით უყურებს.
BBC-ის სამხედრო მიმომხილველი პაველ აქსიონოვი აღნიშნავს, რომ პუტინის ვერსია ემთხვევა სპეციალისტების ადრინდელ შეფასებებს: რუსულმა საზენიტო სისტემებმა დრონების მიმართულებით იმოქმედეს, თუმცა სამიზნე შეცდომით სამოქალაქო თვითმფრინავი გახდა.
"პანცირის“ ტიპის რაკეტები ჩვეულებრივ ფეთქდებიან სამიზნესთან ახლოს, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც თვითმფრინავი არა განადგურდა, არამედ დაზიანდა.
მეორე სკანდალი დაიწყო 2025 წლის ივნისში, როცა რუსეთის სამართალდამცავებმა ეკატერინბურგში, 2000-იანი წლების დასაწყისის მკვლელობების საქმეზე, დააკავეს აზერბაიჯანელი დიასპორის წევრები. ორი ეჭვმიტანილი დაკავებისას გარდაიცვალა. რუსეთი ამტკიცებდა, რომ სიკვდილის მიზეზი გული იყო, ხოლო ბაქოს ინფორმაციით, ისინი აწამეს.
პასუხად აზერბაიჯანმა ბაქოში დააკავა რვა რუსი, მათ შორის ჟურნალისტები და დიპლომატიური მისიის თანამშრომლები, ამასთანავე, "რუსული სახლი“ შპიონაჟის ბრალდებით დახურა და აზერბაიჯანმა რუსი მოქალაქეების ქვეყანაში ყოფნის ვადა 90 დღემდე შეზღუდა.
ალიევმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში.
შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ხოლო კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბაქოში დაკავებული რუსი მოქალაქეების საკითხი.
BBC-ის კორესპონდენტმა მაგერამ ზეინალოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის საზოგადოება მტკივნეულად აღიქვამს როგორც თვითმფრინავის ტრაგედიას, ისე რუსეთში აზერბაიჯანელების მიმართ ძალადობას. ამ ფონზე, ბევრი ადამიანი იმედოვნებს, რომ რუსეთში აზერბაიჯანელების დევნა შეწყდება.